სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო დღეს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები) საქმეებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის საქმეს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ სახელმწიფოსთან ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევას დაობს. საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების, საკუთრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების მუხლებზე. ამასთან, სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ ითხოვს, რომ საკუთრებისა და გამოხატვის უფლების მუხლებთან ერთად დადგინდეს მე-18 მხულის დარღვევა, რაც არალეგიტიმური (დაფარული) მიზნით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას გულისხმობს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, თუკი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ეროვნულ სასამართლოში ხელახლა მოხდება ავტომატურად. შიდა დონეზე საქმის ხელახლა განხილვას დარნარჩენი მუხლებიც ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს. მაგალითად, საკუთების უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვა არ მოითხოვოს და თქვას, რომ საკუთრების დაკარგვა კომპენსაციით ანაზღაურდეს.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს მიიღებს, საბოლოო არაა და ის ძალაში გამოცხადებიდან 3 თვის შემდეგ შევა, თუკი რომელიმე მხარემ ის დიდ პალატაში არ გაასაჩივრა.

რაც შეეხება გადაწყვეტილოების აღსრულებას, მისი ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს აღსრულების გეგმა უნდა წარუდგინოს, როგორ უნდა აღსრულდეს სტრასბურგის გადაწყვეტილება და შემდეგ მინისტრთა კომიტეტი ან იწონებს ამ გეგმას ან შენიშვნებით უბრუნებს უკან მთავრობას.