სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავის 2"-ის საქმეზე ხვალ, თბილისის დროით 12 საათზე გამოცხადდება. ტელეკომპანიის ეზოში სპეციალურ სცენას ამონტაჟებენ, თუმცა მხარეები პროგნოზისაგან თავს იკავებენ.

წინასწარ შეფასებებს ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც ერიდება. „რუსთავი 2" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2"-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.