დავით ადამია: ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს.

დავით ადამია: ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს.

„საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული და ადამიანური კატეგორიებით იაზროვნებენ: რაც კარგია საქართველოს ხალხისთვის, ის კარგია საქართველოსთვის! - აცხადებს „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში  გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იდგეს.

„სხვა ყველაფერი ამაოებაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია და უნდა უჩვენოს კიდეც ევროპას იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გახდე კონკურენტუნარიანი და თან საკუთარი თვითმყოფადობა, ტრადიციები და რწმენა შეინარჩუნო" - აცხადებს ადამია.

მისი თქმით,  დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და ჭეშმარიტი დემოკრატია, ოღონდ დემოკრატია ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით, როგორც ბრძოლა საკუთარი თავისუფლების, ტრადიციებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებისათვის.

"ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობის დონე უნდა გაიზარდოს, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისევე, როგორც განათლება და ჯანდაცვა, ასევე თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. საქართველო ხურდა ფული არ არის! ჩვენს ხალხს ყურადღება უნდა მივაქციოთ, თვალებში ჩავხედოთ და გავარკვიოთ,  რა უნდა გავაკეთოთ მათთვის.

შეკითხვაზე - რას გამოიწვევს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების ახალი რაუნდი, ადამიას აზრით,  ეს არაფრის მომტანია და ობიექტური ახსნაც აქვს.

„ქართველები მეგობრული, სტუმართმოყვარე და გულუხვი ხალხია. ქართველები და რუსები ყოველთვის მზად არიან მეგობრობისათვის. ქართული და რუსული კულტურა იმდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული, რომ ეს ხალხის ცნობიერებაში ათწლეულები იქნება შენახული. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ და ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, განვითარების რომელი გზა აირჩიოს. სწორედ ეს იწვევს გამუდმებულ პოლიტიკურ ციებ-ცხელებას. ამიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. სიღარიბე და უმუშევრობაც ამის ბრალია. ყველაფერი ეს საგარეო ფაქტორებს აყოლილი ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკის შედეგია. ისინი გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში დროებით არიან და ცდილობენ ის გააკეთონ, რასაც მათგან სხვადასხვა გარე ძალა ითხოვს. ამას სწრაფად, მე ვიტყოდი, ნაჩქარევად აკეთებენ, რაც მოუხეშავად გამოსდით, ქვეყანას კი ეს დანაკარგებად უჯდება. ქვეყანას გააზრებული, 10-15 წელიწადზე გათვლილი სტაბილური საგარეო და საშინაო პოლიტიკა სჭირდება. ამისთვის კი ქვეყნის ყველა მოქალაქის მიერ მოწონებული საკუთარი გზა და კურსია აუცლებელი" - აცხადებს ადამია.