სკოლებში იაკობ გოგებაშვილისეული „დედა ენის“ დაბრუნებამ უკვე გააჩინა კითხვები, ეს არის პოპულიზმი, თუ რეალური საჭიროება?!
„დედა ენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის“ იაკობ გოგებაშვილის მიერ 1876 წელს შეიქმნა და ავტორის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, რადგან მის ავტორს გამუდმებით შეჰქონდა შესწორებები ამ სახელმძღვანელოში.
დღეს უამრავი ქართველი თანხმდება, რომ გოგებაშვილისეულ „დედა ენაზე“ გაზრდილი ბავშვი განსაკუთრებული ღირებულებითა და პატრიოტიზმით გამოირჩევა. არც ის არის გასაკვირი, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ უალტერნატივოა, რადგან მის შემდგომ ვერც ერთი ავტორი ისე ახლოს ვერ მივიდა ბავშვის სულთან, როგორც იაკობი, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს არ ესმით, 21-ე საუკუნეში რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს „დედა ენა“ არქაული სახელმძღვანელოთი?!
ლევან ბერძენიშვილი სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების გამო შეშფოთებულია. ის მიიჩნევს, რომ ამ სფეროს მესვეურნი მავნებლობას სჩადიან, როცა სკოლაში გოგებაშვილის „დედა ენას“ აბრუნებენ, ვინაიდან ენა ყოველდღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს.
სერგო რატიანის აზრით, სკოლებში „დედა ენის“ შეტანა ნიშნავს, რომ ჩვენმა ბავშვებმა უნდა დაიწყონ ტყუილით, რადგან პირველკლასელებს ეუბნებიან, ეს წიგნი დაიწერა ასი წლის წინ, სინამდვილეში კი, ბავშვებისთვის შეთავაზებული დღევანდელი წიგნი შეცვლილია. ამიტომ რატიანი მოითხოვს „დედა ენის“ ელექტრონული ვერსიის გაკეთებას, რომლითაც ბავშვებს სიმბოლურად ეცოდინებათ, როგორი იყო პირველი „დედა ენა“.
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სკოლებში სხვადასხვა ავტორის 6-მდე „დედა ენის“ სახელმძღვანელო დარჩება და, პარალელურად, პედაგოგებს გოგებაშვილის „დედა ენით“ სწავლებაც შეეძლებათ. მისი თქმით, პედაგოგები „დედა ენით“ ისარგებლებენ, როგორც ძირითადი, ან დამხმარე რესურსის სახით.
რას ნიშნავს „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნება, ამის შესახებ For.ge სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს ესაუბრა.
ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაბრმავება არ აკმარა ბავშვებს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ.
- თქვენს მიერ დასმულ კითხვას შემდეგნაირად ვუპასუხებ, ჯერ ერთი, აღდგა ისტორიული სამართლიანობა. მოგეხსენებათ, პირველი კლასის ენისა და წერა-კითხვის სასწავლებელი ყველა სახელმძღვანელო დაფუძნებული იყო იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაზე“ და არა მხოლოდ დაფუძნებული, არამედ იაკობ გოგებაშვილის მიერ შემოღებული სახელდებისა და სახელწოდების გამოყენებაც ხდებოდა. მეორე საკითხია, რომ სიტყვები, რომელის მიხედვითაც ბავშვი შეიწავლის წერა-კითხვას, ქართული წიაღიდან წამოსული სიტყვებია. როდესაც კომისიაში ვმუშაობდი, რა თქმა უნდა, მეც მქონდა კითხვები, ხომ არ ჯობდა ცალკეული სიტყვები თანამედროვე სიტყვებით ჩაგვენაცვლებინა?! ვთქვათ, სიტყვა „ჯარა“, რომლითაც ბავშვი სწავლობს „ჯ“ ასოს, ხომ არ ჯობს, რაღაც თანამედროვე ისეთი სიტყვით ჩავანაცვლოთ, რომელიც ბავშვისთვის გასაგები იქნება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ქართული სიტყვით და არა საერთაშორისო უცხოური სიტყვით, თუმცა საბოლოოდ ასე შევთანხმდით, რაკიღა „დედა ენა“ არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩვენ უნდა დავტოვოთ ის ასოები და პრინციპები, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიერაა შემოღებული. მით უმეტეს, რომ იაკობს ძალიან კარგად ჰქონდა შესწავლილი ამ ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია, ენის ცოდნის დონე. ეს სახელმძღვანელო, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი და ძირითადად იაკობ გოგებაშვილის ტექსტს ითვალისწინებს, როცა გამოვა სამსჯავროზე, მას მშობლები, მასწავლებელები გაეცნობიან. რა თქმა უნდა, მათგან გარკვეული მოსაზრებების გაზიარება შესაძლებელია, თუმცა იაკობ გოგებაშვილის 1912 წლის მიხედვით რედაქტირებული „დედა ენის“ სახელმძღვანელო არ არის სკოლებში ერთადერთი, მას აქვს ალტერნატიული ვარიანტები.
სკოლა თვითონ აკეთებს არჩევანს?
- დიახ, პედაგოგიური საბჭო როდესაც შეიკრიბება, მათ შორის, დაწყებითი კლასის მასწავლებლები, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი სახელმძღვანელო შეარჩიონ. ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთების დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა, უკან გვაბრუნებენ, ან წინ მივყავართ. გინდ უკან წადი, გინდ წინ წადი, ოღონდ შენი არჩევანის მიხედვით. მინდა გაითვალისწინოთ, რომ დიასპორებშიც დიდი მოთხოვნილებაა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ. თუ ისინი გადაწყვეტენ, თავიანთ შვილებს, მომავალ თაობას ასწავლონ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით, მათ შეუძლიათ ასწავლონ სწორედ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოთი. არის სხვა სახელმძღვანელოებიც, არც ერთ გამომცემლობას აკრძალული არ აქვს, დაბეჭდოს სხვა სახელმძღვანელოები. არჩევანის საშუალება უნდა მიეცეთ ადამიანებს. თუ დაიბადება ახალი გოგებაშვილი, რომელიც უკეთეს სახელმძღვანელოს შექმნის, ამის წინააღმდეგიც არავინაა. ცხოვრება ვითარდება, ახალი ტექნოლოგიები და ახალი პრინციპებია, მეთოდოლოგია და პედაგოგიური მიდგომა იცვლება. ასე რომ, არჩევანის საშუალება ყველას აქვს.
თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ იაკობ გოგებაშვილის მთავარი პრინციპი იყო ცვლილებები, მან 30-ჯერ მაინც შეასწორა საკუთარი „დედა ენა“. რას იტყვით „დედა ენის“ ელექტრონული ვერსიის შესახებ?
- სხვათა შორის, იაკობ გოგებაშვილი ძალიან საინტერესო ტერმინს ამბობს, „მერე უნდა დაექვემდებაროს ეს „დედა ენა“ „გასაუკეთესოებასო“... ანუ ის ცვლილებების წინააღმდეგი არ ყოფილა. უამრავი გამოცემაა გოგებაშვილის სიცოცხლეში არსებული ტექსტების და ბოლოს 1912 წლის ტექსტისა. მათი მოპოვება პრობლემა არ არის. რაც შეეხება „დედა ენის“ ელექტრონულ ვერსიას, მე არანაირი წიგნის ელექტრონული ვერსიის წინააღმდეგი არ ვარ, გინდა ეს იყოს „ვეფხისტყაოსანი“. ელექტრონული ვერსიაც უნდა არსებობდეს და დაბეჭდილი სახელმძღვნელოც. ძალიან საინტერესო იქნება, სკოლებში ელეტრონული ვერსიაც შევიდეს და ბავშვებმა ნახონ, როგორი იყო პირველი „დედა ენა“.
გოგებაშვილისეული „დედა ენა“ ქართველებისთვის შეუცვლელია, მაგრამ მსოფლიოში თუ არსებობს პრეცედენტი, რომ ძველად დაწერილი უნიკალური წიგნი ისწავლებოდეს დაწყებით კლასებში? თუ ხდება მისი ადაპტაცია თანამედროვე ენაზე?
- რა თქმა უნდა, ხდება ადაპტაცია. ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, თუ არ ვცდები, დაახლოებით 1960 წელს პერუში ჩატარდა დედა ენების გამოფენა-შეფასება და იქ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენამ“ დაიკავა პირველი ადგილი. ასე რომ, ეს მარადიული ღირებულებებია, რომელთაც ჩვენ ძალიან დიდი ანგარიში უნდა გავუწიოთ. ექსპერიმენტების მომხრე არ ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ალტერნატიული სახელმძღვნელოების არსებობა მთელ მსოფლიოშია დაშვებული. დანარჩენი, ჩვენი პედაგოგიური საზოგადოებისთვის მიგვინდია, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, პრობლემებიც, თუ როგორი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით წერა-კითხვის სწავლებისას და, კი ბატონო, ჩვენც გავითვალისწინებთ იმას, რაც არგუმენტირებული და დასაბუთებული იქნება.