გიორგი გახარია: „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო“

გიორგი გახარია: „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო“

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია როგორც დაშავებულებზე ზრუნვა, ასევე მიმდინარე გამოძიება, რომელმაც უნდა გამოყოს ორგანიზატორები რომელთა კონკრეტულ მოწოდებებს ორგანიზებული და ძალადობრივი შტურმი მოჰყვა. მისი თქმით, გამოძიების თითოეული დეტალი უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის.

„საერთოდ ყველა კითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა, მოგეხსენებათ, რომ  გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას, ყველა ამ კითხვაზე შესაბამისად, ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის მოხდა ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება მომხდარის შესახებ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს მოხდა მეორე დღეს - „მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს“.- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

გიორგი გახარია „მოდით ასე შევთანხმდეთ, დღეს, შინაგან საქმეა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს - ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი,  რომელმაც პირდაპირი მოწოდებით - პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვიზრუნოთ, ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბოლომდე მივიყვანოთ ორივე ეს საქმე.

მე როგორც ერთხელ აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერაც დამიბარებენ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მოვალ, იმიტომ რომ მე არ მაქვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ კარგად ვიცით სად არის სიმართლე და ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით.“ - განაცხადა მინისტრმა.