“იქნება კოალიციური მთავრობა”

“იქნება კოალიციური მთავრობა”

როგორ პარლამენტს მივიღებთ დაანონსებული პროპორციული სისტემით, ბლოკების გარეშე და 0.67%-იანი ბარიერით? კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული სისტემით შესაძლებელია პარლამენტი იყოს ძალიან ჭრელი, რომელიც სტაბილურობის თვალსაზრისით კარგი არ არის.

„თუ ეს სისტემა იქნება შემოღებული და საბოლოოდ დადგენილი, მაშინ ერთ მანდატს მაინც მიიღებს ის პარტია, რომელიც მოაგროვებს ხმების 0.67%-ს, ეს არ არის ძალიან დიდი რაოდენობა. თუ ვივარაუდებთ, რომ არჩევნებში დაახლოებით 2 მლნ ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით 13 400 ხმა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ პარტიამ მიიღოს ერთი მანდატი მაინც.

"შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება და თეორიულად ასეა, რომ პარლამენტში შეიძლება შევიდეს ძალიან ბევრი სუბიექტი ერთი, ორი, ან სამი მანდატით, პარტიების მცირე რაოდენობა კი მიიღებს საკმაოდ ბევრი მანდატს, მაგალითად 30%-იანი პარტია მიიღებს 45-ზე მეტ მანდატს, ამიტომ, შესაძლებელია, პარლამენტი იყოს ძალიან ჭრელი.

„რასაკვირველია, პარლამენტის ეს სიჭრელე სტაბილურობის თვალსაზრისით კარგი არ არის, რადგან ძალიან ჭრელ პარლამენტში პრობლემური იქნება უმრავლესობის ჩამოყალიბებაც.

"ან თუ ჩამოყალიბდა, მაშინ ეს იქნება მყიფე და არასტაბილური, საკმარისია მას გამოაკლდეს ერთი-ორი წევრი, რომ უმრავლესობა დაიშლება, რასაც მოყვება უკვე ახალი უმრავლესობის შექმნის პრობლემა, შეიქმნება თუ ვერა, თუ ახალი შეიქმნა, მთავრობა შეიცვლება. თუ ახალი უმრავლესობა ვერ შეიქმნა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები იქნება საჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობაა."-ამბობს ხმალაძე.

მისივე აზრით, თუ 2020 წლის პარლამენტში 10 ზე მეტი პოლიტიკური პარტია არ მოხვდა, მაშინ შემაწუხებელი სიჭრელე არ იქნება.

„აქ უნდა მოვიშველიო სტატისტიკა, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში გვაქვს რა არჩევნებსაც ვატარებდით, თუ შევხედავთ სტატისტიკურ შედეგებს, ამის მიხედვით პარლამენტში 0.67%-ზე მეტ მხარდაჭერას 10- ზე მეტი სუბიექტი ვერ მიიღებს, თუ ასე მოხდა, მაშინ შემაწუხებელი სიჭრელე არ იქნება.

"არ იქნება სიჭრელე, რომელმაც შეიძლება შექმნას სტაბილურობის პრობლემა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნორმალურად იქნება, ნორმალურად იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, შესაბამისად იქნება კოალიციური მთავრობა, რამდენად სტაბილური იქნება ეს უმრავლესობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ შექმნის ამ უმრავლესობას და რამდენად შესძლებენ ისინი ამ კოალიციის შენარჩუნებას.

„დღეს ასეთია ვითარება, უფრო მეტის თქმა დღეის გადასახედიდან უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენ ისიც კი არ ვიცით მომავალში იქნება თუ არა ასეთი საარჩევნო სისტემა ამ სახით და განხილვის პროცესში ხომ არ მოხდება რაიმე ცვლილება, გნებავთ საარჩევნო ზღურბლის თვალსაზრისით, ან საარჩევნო ბლოკების დაშვებით თვალსაზრისით."- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".