20 ივნისის ცნობილი ამბების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი, ე.წ. „პერფორმანსების“ წერამ აიტანა. „პერფორმანსები,“ მათ შორის ცალ თვალზე აფარებული ხელი, თითქმის ენდემური გახდა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვერ გასცდა „პერფორმანსების“ მოტრფიალე მიკროსოციუმის ფარგლებს.
ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არც არაფერია, პირიქით, „პერფორმანსები“ სწორედაც რომ ხაზს უსვამს ჩვენი საზოგადოების კულტურისა და მენტალობის მოზაიკურობასა და პოლიფონიას. ბოლოს და ბოლოს, ეს დემოკრატიის ხარისხის ინდიკატორიც გახლავთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი საზომი აზრთა პლურალიზმი და მათი გამოხატვა-გავრცელების თავისუფლებაა.
1990-იან წლებში ევროპაში უკვე ფეხმოკიდებულმა ე.წ. „წინააღმდეგობის პერფორმანსმა“ საქართველოშიც შემოაღწია და მისი პირველი შემსრულებლებიც სწორედ ის ადამიანები და ორგანიზაციები გახდნენ, რომლებიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ ავანგარდში იდგნენ. „პერფორმანსი“ მათ წარმოდგენაში უკავშირდება იმ მორალური უპირატესობის გამოხატვას, რომელიც მათ თითქოს გააჩნიათ იმ ხალხის მიმართ ვის წინააღმდეგაც ეს „პერფორმანსი“ ეწყობა.
მეორეს მხრივ, „პერფორმანსის“ როგორც სამოქალაქო აქტივობის ტრაფარეტული დახასიათება, რომ ეს პრობლემის აქტუალიზაციისა და ცნობიერების ამაღლების საშუალებაა, უკვე გვარიანად გახუნდა. სინამდვილეში, „პერფორმანსში“ მონაწილეობა თვითდამკვიდრების განცდას გიქმნის, თუნდაც ხანმოკლე დროით ხილვადობას გმატებს და ყურადღების ობიექტად გაქცევს. მოცეკვავემ თეა დარჩიამ სულ რაღაც ერთ დღეში საკუთარ თავზე ინტერნეტ საზოგადოება აალაპარაკა, როდესაც მოწაფეებთან ერთად ცალ თვალზე ხელაფარებული იცეკვა. თუმცა უცნობი დარჩა რამდენად ნებაყოფლობითი იყო არასრულწლოვან მოწაფეთა მონაწილეობა „პერფორმანსში.“
„პერფორმანსები“ რა თქმა უნდა არის სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის და სამოქალაქო პროტესტის საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ფორმა. თუმცა როდესაც „ქართულ პერფორმანსებს“ აკვირდები, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირად ეს „პერფორმანსები“ ღია კარის მტვრევაა, ხოლო მათი მეშვეობით გამოხატული პროტესტი - უბრალოდ თვითმიზანი. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ამ ნაწილისათვის „პერფორმანსებით“ გატაცება სუბკულტურა და ერთგვარი მოდაც არის. თავისუფლების დროშით საზოგადოების ასე ვთქვათ „პერფორმანსული“ ნაწილი ლამის ყველაფერზეა წამსვლელი და ეს ვიხილეთ 20 ივნისის ღამეს.
„პერფორმანსების“ ორგანიზატორები და შემსრულებლები ძირითადად ერთი და იგივე ხალხი და ერთი მიკროსოციუმის წარმომადგენლები არიან. ამ მიკროსოციუმს ხშირად „პასიონარულ უმცირესობასაც“ უწოდებენ. ეს არის ხალხი, რომელთაც დინჯი ობივატელისგან განსხვავებით შეუძლიათ საკუთარ თავში მეტი ენერგიის აბსორბირება და ამ ენერგიის მიზანმიმართულ ქმედებებში გარდასახვა მათთვის მიუღებელი გარემოს შესაცვლელად. „პერფორმანსელები“ აშკარად გამოირჩევიან ჩვენი საზოგადოების „ენერგოდეფიციტური“ ნაწილის ფონზე, რომლებსაც ყოველთვის ურჩევნიათ მოვლენებს დამკვირვებლის მდგომარეობიდან უყურონ. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენს დღეს თვალწინ მიმდინარე მოვლენებია, როდესაც საზოგადოებრივი თუ საინფორმაციო სივრცე სწორედ პასიონარ „პერფორმანსელებს“ აქვთ დაპყრობილი.
რა თქმა უნდა მხოლოდ „პერფორმანსებით“ გატაცება არ არის ამ მიკროსოციუმის ერთდაერთი და მთავარი მახასიათებელი. „პერფორმანსელები“ წარმოადგენენ საზოგადოებაში გამოზრდილ ახალი პოპულაციას. აქვთ რა კარგი დაფინანსება, თვითორგანიზების საკმაოდ განვითარებული უნარი და შესრულების ტექნიკის კარგი ცოდნა, ისინი ცდილობენ ახალი სოციუმის ბირთვი გახდნენ და მათი იდეოლოგიები და ღირებულებები გარკვეული დროის შემდეგ უკვე დომინანტად გახადონ. ისინი მუდმივად ცდილობენ პასიური უმრავლესობისათვის მეტნაკლებად კომფორტული ან შეჩვეული ცხოვრების წყობის დანგრევას, ისე რომ არც აინტერსებთ მათი აზრი და წუხილები. სწორედ ამის გამო მოდიან ისინი ცნობიერ, ღირებულებით და მსოფლმხედველურ ანტაგონიზმში დანარჩენ საზოგადოებასთან. „პერფორმანსები“ კი ამ მიზნების რეალიზების ინსტრუმენტი ხდება და როგორც ამჟამინდელი მოვლენები გვიჩვენებს, არცთუ უმნიშვნელო.
რაც უფრო კრეატიულია „პერფორმანსი“ მით უფრო მეტად ახერხებენ საზოგადოების თვალში ფიქტიური დრამატული გარემოს შექმნას, დამკვიდრებული ტრადიციების და სოციალური ქცევის ნორმების სატირიზებას და ა.შ. მაშინ როდესაც „პერფორმანსის“ ექსტაზით აღტკინებული ახალგაზრდობა აქტიურად ერთვება ამ პროცესში. სცენის უკან მდგომი რეჟისორები ფანტაზიასა და რესურსს არ იშურებენ რომ გარეგნულად სოციალური „პერფორმანსი“ მდორედ გადაიყვანონ პოლიტიკურ კონტექსტში.
ვინაიდან პერფორმანსზე დახარჯული ადამიანური თუ სხვა რესურსი დასახული მიზნის უცილობლად აღსრულებას მოითხოვს, სხვაგვარად „პერფორმანსი“ ჰაერის შეზანზარებაა მხოლოდ, „პერფორმანსელები“ შესაძლოა გარკვეული მომენტიდან აგრესიულ მასად გადაიქცნენ. „პერფომანსში“ განსხეულებული სამოქალაქო პროტესტი, რომელიც გარკვეულ დრომდე არაძალადობრივ ხასიათს ატარებს, შესაძლოა საწვავ-საპოხი მასალა აღმოჩნდეს იმისათვის, რომ „პერფორმანსით“ დამუხტული პასიური უმრავლესობის ნაწილი მაინც პროტესტის უფრო აქტიური ფორმებისთვის შემზადდეს. საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია ადამიანი, რომლებსაც სამოქალაქო აქტივობის, მათ შორის „პერფორმანსების,“ ლოგიკურ ფინალად რევოლუცია მიაჩნიათ.
„პერფორმანსების“ მოჩვენებითი მრავალფეროვნება და ფსევდოკრეატიულობ სინამდვილეში მათი შემსრულებლებისა და რეჟისორების ფასეულობათა სიღატაკესა და ყალბ პათოსზე მიუთითებს. იქნებ სწორედ ამიტომაც ეს „პერფორმანსები“ თავის „ნაციონალური თავისებურებებით“ ვერ ავსებს იმ გაუცხოებას რაც მათ ავტორებსა და ტრადიციონალისტურ-კონსერვატულად განწყობილ დანარჩენ საზოგადოებას შორის არსებობს. საზოგადოების უმრავლესობა შესაძლოა ამ „პერფორმანსომანიას“ მისდამი გამოწვევადაც აფასებდეს რადგანაც მასში ვერ ხედავს იმას, რის თანამესაკუთრეც და თანამონაწილეც შეიძლება გახდეს. ეს მიუღებლობა კი სულ უზრო იზრდება, როდესაც „პერფორმანსების“ უკან სულ უფრო მკაფიოდ მოსჩანს პოლიტიკური მდგენელი და საზოგადოებისათვის მიუღებელი რეჟისორების აჩრდილები.