ფილოლოგიის პროფესორი ლევან ღვინჯილია ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ეხმაურება, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის" სასწავლო პროგრამაში დაბრუნების წინააღმდეგია.
ბერძენიშვილმა თქვა, რომ შეცდომაა 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის ენით ელაპარაკო ბავშვებს.
„ის უნივერსიტეტის პროფესორია და მეტი მოეთხოვება. მეცხრამეტე საუკუნის ქართული რას ნიშნავს, ვაჟა-ფშაველა არ ვისწავლოთ? ან ვეფხისტყაოსანი? ან შუშანიკის წამება არ ვისწავლოთ? ამას უნდა ახსნა და დასაბუთება მისი მხრიდან - რას გულისხმობს კონკრეტულად და რომელი მასალაა ისეთი იქ, რომელიც დაუძლეველი იქნება დღევანდელი მოწაფისთვის", - განაცხადა „პრაიმტაიმთან" საუბარში ლევან ღვინჯილიამ.
რაც შეეხება მის დამოკიდებულებას გოგებაშვილისეული „დედა ენის" დაბრუნების შესახებ, ღვინჯილია ამბობს, რომ ამ საკითხზე მოკლედ ვერ ისაუბრებს და საკითხს ღრმად შესწავლა სჭირდება, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და ამაზე საუბარს ამ ეტაპზე აზრი არ აქვს.
ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ენა ყოველდღიურად იცვლება და ძველი „დედა ენის" დაბრუნება უბრალოდ „მავნებლობაა".