უცხოეთში მყოფი ქართველების ტრაგედიები გრძელდება. ამ რამდენიმე დღის წინ ათენში ქართველი ემიგრანტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა და გარდაიცვალა.
50 წლის ქართველი ქალბატონი საავადმყოფოში ექთნად არალეგალურად მუშაობდა და პაციენტების მოვლაში ერთ ღამეში 30 ევროს იღებდა. როდესაც იგი მიხვდა, რომ არალეგალების გამოსავლენად მის საავადმყოფოში მაკონტროლებლები მივიდნენ, ქართველ ქალს ძალიან შეეშინდა, არ იცოდა, სად წასულიყო და კონტროლისგან თავის არიდება მარტივი ხერხით სცადა. უცებ ფანჯრიდან გადახტა, ეგონა, გადარჩებოდა, რადგან პირველ სართულზე იყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ქალბატონი დაიღუპა.
საბერძნეთის შესაბამის უწყებებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, რათა პაციენტების მოსავლელად უცხო ქვეყნის ადამიანები არ დაიქირავონ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი ქართველი არალეგალი დაკარგავს სამუშაოს. საბერძნეთის მსგავსად, ასეთივე მდგომარეობაა სხვა ევროპულ ქალაქებშიც.
„რა მინდა საქართველოში?!“ - ეს კითხვა საკუთარ თავს, ალბათ, 25 ათასზე მეტმა ქართველმა დაუსვა, რომლებიც საფრანგეთში კარვებში, მანქანებში, საავადმყოფოებში ცხოვრობენ და თავშესაფარს ელოდებიან. მარტო სტრასბურგში 25 ათასი ქართველია ჩასული. მონპელიეს შემდეგ კარვების „ქალაქი“ სტრასბურგშიცაა.
ემიგრანტები შიშობენ, თუ საფრანგეთმა მათ თავშესაფარი არ მისცა, მაშინ საქართველოში დაბრუნება მოუწევთ. არადა, ქართველების უმრავლესობას სამშობლოში დაბრუნების მაგივრად ურჩევნია ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდეს.
„ვცხოვრობდით საავადმყოფოში, კიბის ქვეშ. ურთულესი გზა იყო. 15 ოჯახი პატარა ბავშვებით, ინვალიდი ბავშვებითაც იყვნენ ჩამოსულნი, პირდაპირ მეთლახზე საბნები იყო გაფენილი. მე არასდროს დავბრუნდები საქართველოში, რადგან პერსპექტივას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.
საქართველოდან თავის გადასარჩენად გაქცევა ისე გამარტივდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თეორიულ შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ქართველებს აღარ დაუდგეთ გული საქართველოში.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პროცენტულად იმდენი ადამიანი არსაიდან არ წასულა საზღვარგარეთ საცხოვრებლად, რამდენიც საქართველოდან. რეალურად დაგვემუქრა ემიგრაციული და იმიგრაციული სიკვდილი. ეს მაშინ, როცა ქართველები ოდითგანვე ძირითადად თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თითო-ოროლა ქართველი თუ ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში. ამ ფაქტს ნათლად გვიჩვენებს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემებიც. 1886 წელს სამხრეთ კავკასიაში ქართველების რაოდენობამ მილიონ 232 ათასი კაცი შეადგინა და აქედან მილიონ 231 ათასი, ანუ 99, 9% საქართველოში ცხოვრობდა. კერძოდ, 409 ათასი ქართველი ცხოვრობდა თბილისის გუბერნიაში, 822 ათასი ქართველი ბინადრობდა ქუთაისის გუბერნიაში. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოში ორჯერ მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. მოსახლეობის 1897 წლის აღწერის დროსაც ანალოგიური დემოგრაფიული სურათი იხატებოდა.
რაც შეეხება პარალელებს, დემოგრაფის განმატებით, სომხების რაოდენობა 1897 წელს რუსეთის იმპერიაში მილიონ 173 ათას კაცს უდრიდა, აქედან რუსეთში 50 ათასი სომეხი ცხოვრობდა, ანუ 4,3%, შუა აზიაში 4862 , ხოლო საქართველოში 220 ათასი, ანუ 18%. ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირშიც შენარჩუნდა, კერძოდ, 1989 წელს საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 3 მილიონ 981 ათასი ქართველი, აქედან 3 მილიონ 787 ათასი, ანუ 95% საქართველოში ცხოვრობდა, ანალოგიური მაჩვენებელი სომეხ ხალხში 66%-ს უდრიდა, ხოლო აზერბაიჯანელებში-85%-ს.
„ახლა კი არც ერთი ქვეყნიდან არ წასულა იმდენი ადამიანი საზღვარგარეთ, რამდენი ქართველიც ჩვენგან წავიდა. ქართული საეკლესიო და საერო ლიტერატურა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ქართველ ხალხს მამულის, ენისა და სარწმუნოების - ამ სამი ღვთაებრივი საუნჯის დაცვის მოვალეობას უნერგავდა. ამიტომაც იყო, რომ ქართველის სული ბედნიერებას უცხო ქვეყანაში ვერ ჰპოვებდა. გავიხსენოთ სოფიო ლიონიძის სიტყვები „უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რაა სიამე“. მშობლიური ადგილებიდან გადახვეწა ბარათაშვილის მხედრისთვის ყველაზე დიდი ტკივილი იყო, ვაჟას გმირებისთვის კი ყველაზე დიდი სასჯელი თემიდან მოკვეთა გახლდათ. ქართველი თავისი ქვეყნის სალ კლდეებსაც არ გაცვლიდა სხვა ქვეყნის სამოთხეზე. გულის შემძვრელია შორეული უკრაინის სოფელ ზუბოვკიდან დავით გურამიშვილის მიმართვა სამშობლოსადმი - „სახით სიტყვა შვენიერო, სხივო მზეთა-მზის სახეო, ვეძებე და შენი მსგავსი მე აქ ვერსად ვერ ვნახეო, გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვკვდე შენ მკერდ დამმარხეო“. ახლა კი რა მოგვდის? შესაძლებლობა რომ იყოს, ლამის მთელმა საქართველომ გუდანაბადი აიკრას და უკანმოუხედავად უცხოეთს მიაშუროს. იქნებ, შევიცვალეთ?“ - აინტერესებს ანზორ თოთაძეს.
დემოგრაფის მოსაზრებით, სამშობლოდან ქართველების გადინებაში რეალურად რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. უპირველესად, კულტურის გლობალიზაციის პროცესმა, რომელიც ეროვნული ფასეულობის პერმანენტულ გაუფასურებას იწვევს. ეს პრობლემა მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიოში და, მით უმეტეს, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერის წინაშე. ამასთან, საბჭოთა კავშირის ელვისებურმა დაშლამ მოგვისპო საარსებო სივრცეები და ახალი საარსებო სივრცეების მოძიება რთული გამოდგა, ქვეყნის ეკონომიკა რამდენიმე წელიწადში მოიშალა და მოსახლეობა, განსაკუთრებით, ქალაქებში დიდ გასაჭირში ჩავარდა.
ანზორ თოთაძის აზრით, ბოლოდროინდელ მოვლენებში ტელევიზიის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რადგან ტელევიზია მასობრივ ცნობიერებაზე ძლიერი ზემოქმედების საშუალებაა. ცალკეული ტელევიზიები საშიშია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის, ეს ტელევიზიები თითქმის არასდროს აშუქებენ ეროვნული იდეის, ეროვნულ მთლიანობის აუცილებლობას, ყურადღება არ ექცევა შემოქმედებით ახალგაზრდობას, მხოლოდ მეორეხარისხოვანი თემები აინტერესებთ - მოცეკვავე ბიჭებს რომ ერთმანეთი შეუყვარდებათ და ამას ფილმად გვთავაზობენ. ტელევიზია არ აჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს შრომას, ამის გამო მთლიანად იცვლება ადამიანების შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებზე. ახალგაზრდობას ძალიან იოლად უნდა ცხოვრების სიკეთეების მოპოვება, ჰგონიათ, საზღვარგარერთ ოქროს სარაიებს აიშენებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ემიგრანტს არ ეხება.
დემოგრაფის მოსაზრებით, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია რომც გამოსწორდეს, შეიძლება ქართველებს ისევ შეეცვალოთ მენტალობა და უცხოეთში გაქცევა აღარ იყოს მათი მთავარი მიზანი. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად აქ მნიშვნელოვანი იქნება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების როლიც, სადაც სტატიები უნდა დაიბეჭდოს ქართული ცხოვრების წესის შესახებ, რისთვისაც ღირს ერის ცხოვრება.
„სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეროვნული ღირებულებების მხრივ ჩვენი ტელევიზიები გაცილებით კარგი იყო კომუნისტების დროს. ვინც იმ პერიოდს მოსწრებია, ყველა ამბობს, რომ ნუგზარ ფოფხაძისდროინდელი ტელევიზია ეროვნული გრძნობებით ხელმძღვანელობდა და აშუქებდა იმ საჭირბოროტო საკითხებს, რაც ერს უჭირდა. ახლა კი მარტო აღვირახსნილი სექსის ირგვლივ ტრიალებენ მთელი ტელევიზიები“.
ასეთია ახლა საზოგადობრივ ურთიერთობათა პრინციპები ბატონო ანზორ. თქვენ ვერასოდეს შეეგუებით მუცლის ფილოსოფიას.
დიუმა ქართველებს ლამაზ და ტანად ხალხად ახასიათებდა. ახლა ნახეთ საშაურმეებთან რიგში მდგომი "ვაჟკაცები", მთელი წონის 90% ქამრის ქვემოთ რომ ჩამოსვლიათ. თანაც ამ "სიმდიდრით" ისე ამაყად დააბიჯებენ, თავი სპორტის სასახლის გვერდით მდგომი მზეჭაბუკი ჰგონიათ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში გურულმა მხედრებმა ამერიკა გადარიესო, რომ ტრაბახობენ, ქორივით ბიჭები იყვნენ და იმიტომ, თორემ ცხენზე ჯდომა ამერიკელებმაც იციან. ახლა რატომ არავინ გიჟდება პარიზში და სტრასბურგში კარვების ქალაქში მცხოვრებ ქართველებზე?!
ეს მარგალიტი ნახეთ ბმული ლევან ბერძენიშვილი - პრემიერი და განათლების მინისტრი მავნებლობას სჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. აი ეროვნული პოზიცია!