არ იქნება ურიგო, თუ ახალ პარლამენტსაც დავუტოვებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს გადასაწყვეტად

არ იქნება ურიგო, თუ ახალ პარლამენტსაც დავუტოვებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს გადასაწყვეტად

არ იქნება ურიგო, თუ პროპორციული არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტსაც დავუტოვებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს გადასაწყვეტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს.

“ჩემთვის კანონმდებლობა და პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საბოლოო შედეგად მივიღოთ კვალიფიცური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. შესაძლოა, დასკვნებსა და პოლიტიკურ შეფასებებში არ ვეთანხმებოდე ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ მოსამართლესთან ამ სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით კითხვა არ იყოს. სწორედ ამიტომ დავესწარი ამ შეხვედრას, რომ მოვისმინო ყველა კითხვა, რაც შეიძლება არსებობდეს შესაძლო კანდიდატებთან მიმართებაში ყველაზე ადრეულ ეტაპზე. ჩემთვის ეს ძალიან პრინციპული საკითხია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის და რეპუტაციის მიხედვით. მინდა მოვისმინო ყველანაირი კითხვა, ყველანაირად უნდა ამოვწუროთ, ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ, მიკროსკოპის ქვეშ უნდა გატარდეს თითოეული კანდიდატი, რომელსაც მხარს ან დავუჭერთ ან არა.

რაც შეეხება რაოდენობას, აქ მნიშვნელოვანია არა არითმეტიკა, არამედ ის, თუ ვის ვნიშნავთ. თუ იქნება ორი ღირსეული კანდიდატი, ორი მოსამართლე უნდა დაინიშნოს და დანარჩენზე უარი ითქვას. მერე ეს პროცესი ან თავიდან უნდა დაიწყოს ან შემდეგი მოწვევის პარლამენტმა გააგრძელოს. პროპორციული არჩევნების ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ, რომ კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური ნდობის პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შეგრძნება, რომ მისი ინტერესების გამომხატველი ადამიანი მოხვდა პარლამენტში. არ იქნება ურიგო თუ ასეთ პარლამენტს დავუტოვებთ გადასაწყვეტად ამ საკუთხს. ეს ჩემი პირადი აზრია. არ მგონია, რომ 20 იდეალური კანდიდატი მოვძებნოთ. ჩემთვის განმსაზღვრელი არა არითმეტიკა, არამედ ის ადამიანები იქნება, რომელსაც მხარს დავუჭერთ,”– განაცხადა აკაკი ზოიძემ.