ყველამ უკვე კარგად ვიცით - დემოკრატიულ ქვეყნებში პრინციპულად ორი სახის საარჩევნო სისტემა არსებობს: მაჟორიტარული და პროპორციული. რასაკვირველია, ორივე მათგანი დემოკრატიულ სისტემებად ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი იდეალური არ არის და შედარებით უპირატესობებთან ერთად, თავისი ნაკლიც აქვს.
მაჟორიტარული სისტემის ნაკლზე, დიდი ხანია, თითქმის ყველა საუბრობს და მას თითქოს სამართლიანადაც ლანძღავს, თუმცა მისი გაუქმებითა და მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლით რას დავკარგავთ, მხოლოდ იშვიათად თუ გაიგებ რამეს; ამავდროულად - თავად მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტები იმთავითვე და არცთუ უსაფუძვლოდ, მავნედ მიიჩნევა და მათ, ვინაიდან პროპორციული სისტემა, ლამის, ჩვენი პოლიტიკის გაჯანსაღებისათვის უკვე პანაცეად მიიჩნევა, არავინ ყურადღებასაც არ აქცევს.
ამას წინათ ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატისგან ასეთი არგუმენტი მოვისმინე - პროპორციული სისტემის დროს, თანაც, თუკი მხოლოდ ბუნებრივი ბარიერი იქნება, ადვილად მოსალოდნელია ასეთი დისბალანსი მივიღოთ: პარლამენტის წევრი გახდეს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მთელს ქვეყანაში ვერასდროს მიიღებს იმდენ ხმას და იქნება იმის ნახევარსაც, რასაც მარტო მე ჩემს ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში ვიღებო! ვკითხულობ - რამდენად სამართლიანია მანდატების ასეთი განაწილება, როცა მანდატირებულ პარტიას შეიძლება იმდენი მხარდამჭერიც არა ჰყავდეს სრულიად საქართველოში, რამდენიც კონკრეტულ პერსონას - ერთ ოლქში ჰყავს?! და რაიმე არგუმენტირებული პასუხი ამ, როგორც დღეს ამბობენ - „ლეგიტიმურ“ შეკითხვაზე, ჯერ არავისგან მომისმენიაო!
რასაკვირველია, იმ დეპუტატსაც, ისევე როგორც ალბათ უკვე ყველას, კარგად ესმის მაჟორიტარული სისტემის მთავარი ნაკლი: ხმები, რაც გამარჯვებულმა კანდიდატმა არ მიიღო, საერთოდ ვერ ახდენს ვერავითარ არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე, არ აისახება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის მანდატების განაწილებაზე. ამ დროს მანდატს იღებს ის კანდიდატი, ვინც შესაბამის ოლქში ხმების არათუ აბსოლუტური, არამედ, მეორე ტურის შემთხვევაში - სულაც ფართობითი უმრავლესობა მოიპოვა. ამ დროს ამომრჩეველთა არამცთუ თითოეული „უმცირესობის“, რომელმაც არჩევნებში რომელიმე დამარცხებულთაგანს მისცა ხმა და მაშასადამე, გამარჯვებულის წინააღმდეგაც, არამედ მთლიანად, ამგვარ მოწინააღმდეგეთა ჯამური ხმებიც, ერთით ნაკლებიც რომ იყოს გამარჯვებულის მიერ მიღებულ ხმებზე, მთლიანად „წყალში იყრება“. ვიღებთ სიტუაციას, რომ არჩევნებში მონაწილეთა გამარჯვებულ უმრავლესობას მინუს თუნდაც ერთი ხმაც კი, მთლიანად იგნორირებული შეიძლება აღმოჩნდეს. ბუნებრივია, ასეთ დროს ეს ნაკლი, გარკვეულ პირობებში საბედისწეროდაც შეიძლება იქცეს პოლიტიკური პლურალიზმისთვის. ასე მაგალითად: ბოლო არჩევნები საქართველოში მთლიანად მაჟორიტარული რომ ყოფილიყო, მმართველი პარტია არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას, არამედ, რადგანაც უკლებლივ ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ფართობითი უმრავლესობა მაინც, თუ არა აბსოლუტური, მისი მხარდამჭერი ნამდვილად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, იყო, მანდატების 100%-ს მოიპოვებდა და მთლიანად ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებდით. იქნებოდა თუ არა ასეთი პარლამენტი დემოკრატიულად არჩეული? ფორმალურად - რაღა თქმა უნდა, რადგან აქსიომაა: მაჟორიტარული სისტემაც უდავოდ დემოკრატიულია და მეტიც, თავისი გარკვეული უპირატესობაც აქვს პროპორციულ სისტემასთან შედარებით: ეს უპირატესობა უწინარესად ის არის, რომ ამომრჩეველი პერსონას, პიროვნებას აძლევს ხმას, მას ანიჭებს ხალხის წარმომადგენლის არა მხოლოდ უდიდეს პატივსა და დიდ უფლებებსაც, არამედ ამ უფლებათა თანაზომიერ დიდ ვალდებულებებსაც, ხალხის წარმომადგენლობის პატივის შესაბამის უდიდეს პასუხისმგებლობასაც აკისრებს ხალხის წინაშე! ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაჟორიტარულ სისტემაში ინდივიდუალურია და სწორედ კონკრეტულ პიროვნებას ეკისრება.
პროპორციულ სისტემაში - ვალდებულებები და პასუხისმგებლობანი უფრო მეტად, თუ მთლიანად არა, პარტიულ-კოლექტიურია, როგორ ამბობენ - „გუნდურია“ და არა იმდენად ინდივიდუალური.
ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ჩვენში დღემდე მოქმედი შერეული სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი უაღესად დეფორმირებული სახით მუშაობს და როგორც წესი, ძირითადად პარტიებსა და ხშირად, საერთოდ აპოლიტიკურად განწყობილ ადგილობრივ ბობოლებს (როგორც წესი -„ფულის ტომრებს“) შორის „გავლენებით ვაჭრობის“ სახეს იძენს - ფულის ტომარა პოლიტიკურ მფარველობასა და ფულის კეტების პრივილეგიას იღებს დეპუტატის მანდატთან ერთად, პარტია კი - საარჩევნო დაფინანსებასაც და ხმებსაც პროპორციულ არჩევნებში. ცხადია, მაჟორიტარული სისტემის ამგვარი, პოლიტიკური კორუფციის ფორმით გამოყენება მისი მოწინააღმდეგეების მართლაც რომ „რკინის“ არგუმენტია, რასაც ვერაფერს დაუპირისპირებ, გარდა ერთისა - ყველაზე სრულყოფილი სისტემის ბოროტად გამოყენებაც შესაძლებელია, რომ იტყვიან - „გიჟი ბამბაზეც ფეხს მოიტეხსო“ და რასაკვირველია, ბამბა რომ ტრამვის მთავარ მიზეზად გამოაცხადო, ამით გიჟს არა ეშველება რა! აქაც ასეა - მაჟორიტარული სისტემის დეფორმირებულად და უარესიც - ბოროტად გამოყენება, იმდენად თავად სისტემის კი არა, არამედ, უწინარესად - მის გამომყენებელთა ნაკლზე მიუთითებს!
ნიშანდობლივია: პარლამენტარიზმის სამშობლოში - ბრიტანეთში არასდროს აზრად არ მოუვათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან იქ პარტია სწორედაც ინდივიდთა, ე.ი. პასუხისმგებლიან პიროვნებათა კრებულია და იმიტომაც, რომ იქ არჩევნები ტრადიციულად სახელმოხვეჭილი პიროვნებების შეჯიბრთან ასოცირდება. ბუნებრივია, პარტიულ კუთვნილებას იმდენად აქვს მნიშვნელობა, რომ თავად პარტიის სახელიც განაპირობებს პიროვნულ იმიჯს, მაგრამ რაც მთავარია, თითოეული დეპუტატი, პარტიულობის მიუხედავად, ინდივიდუალურად, პერსონალურად, საკუთარი თავით აგებს პასუხს ყოველი კონკრეტული გადაწყვეტილებისათვის, რაც ხალხის წარმომადგენლის მადატის მიღების შემდგომ პარლამენტში მიიღება. ეს პერსონალური პასუხისმგებლობა უაღრესად თვალსაჩინო და ხაზგასმულია თუნდაც, მხოლოდ, გარეგნულადაც კი, ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრის ტრადიციული ცერემონიისას.
მახსენდება, თავის დროზე, ადრეული ჭაბუკობისას, როცა ვიქტორ ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“ წავიკითხე, უდიდესი შთაბეჭდილება ჩემზე პარლამენტის ზედა, ლორდთა პალატის კენჭისყრის ჩინებულად აღწერილმა ცერემონიამ, რაც საუკუნეების განმავლობაში ფაქტიურად არ იცვლება, მოახდინა. ჰიუგო, ეს უდიდესი ოსტატი, აქცენტირებულად უსვამს ხაზს ბრიტანული პარლამენტარიზმის განსაკუთრებულ სანახაობრივ, ფორმალურ დიდებულებას, რაც კიდევ უფრო მძაფრად ჩნდება თავად ამ გარეგნულად ბრწყინვალე ტრადიციის „ბოროტების სამსახურში“ ჩადგომის ჩვენებით. კულმინაცია, რასაკვირველია, გიუნპლენის სცენაა ლორდა პალატაში - როგორ ისმის სიმართლე სახიჩარი პირით, რაც ერთდროულად საშინელიც არის და მაინც დიდებულებით აღსავსე. ეს, ე.ი. გიუნპლენობა, სრულიად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სწორედაც ამ ტრადიციული ცერემონიის თუნდაც ოდენ გარეგნული ბრწყინვალება: თუ გახსოვთ, იქ, ლორდი სპიკერი სათითაოდ იძახებდა სიით პალატის წევრებს და კენჭისყრაზე გასატან საკითხან დაკავშირებით ზედმიწევნით ცერემონიული ხაზგასმულობით ეკითხებოდა: „ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით?“ პალატის წევრი თითოეული ლორდი ვალდებული იყო ზეზე წამომდგარიყო და მკაფიო, ცალსახად გარკვეული, ასევე ცერემონიული ბრწყინვალებით პასუხი გაეცა - „ვეთანხმები“ ანდაც „არ ვეთანხმები“. თავისი პასუხი შეეძლო დაესაბუთებინა, ანდაც, სულაც არც დაესაბუთებინა, მაგრამ ინდივიდუალური პასუხი „ჰო“ ან „არა“ პალატის წევრის მთავარი ვალდებულება იყო და ეს ვალდებულება გარეგნული დიდებულების ზედმიწევნით დაცვით უნდა შესრულებულიყო.
დღევანდელობას თუ შევადარებთ, უნდა შევნიშნოთ - ბრიტანული პალატის მაშინდელი და დღესაც დიდწილად შენარჩუნებული ტრადიციული კენჭისყრა არა თუ ფარული არ შეიძლება ყოფილიყო, არამედ ყოველთვის (თუნდაც პერსონალური საკითხების გადაწყვეტისასაც!) - მხოლოდ და მხოლოდ სახელობითად იმართებოდა: ბუნებრივია - ასეთ დროს რამდენად მაღალია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა; ჰიუგოსთან, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, აქცენტირებულად ჩანს, გარეგნული ბრწყინვალების მიღმა რამდენად უპასუხისმგებლოა და თავკერძა, სრულიად უღირსი ლორდების საქციელი; მიზანსცენაც იქ ესაა - მხოლოდ გიუნპლენს ყოფნის პასუხისმგებლობა, რათა ხალხის ინტერესი წარადგინოს და დაიცვას, როცა საჭიროა, „არა“ თქვას, სოციალურ უსამართლობას და აშკარა ჩაგვრას წინ აღუდგეს. ცხადია, იქ ლორდა პალატაა და ლორდებს არ ირჩევენ, მათ გვარით, სისხლითა და წარმომავლობით აქვთ მოპოვებული ეს პრივილეგია; თუმცა - ეს უკვე სულ სხვა თემაა, ხოლო ჩვენი საკითხისთვის მთავარი სწორედ ესაა: გიუნპლენი, რომელიც არაადამიანური ძალისხმევით კომპრაჩიკოსთა წარუშლელი დაღით აღბეჭდილ სიცილის ნიღაბს იხსნის და მაშინ, სიმართლე თავზარდამცემი ხდება!
ცხადია, ჩვენ იმ სცენაში მტყუან-მართალის, რაც ისედაც ნათელია, გარჩევა იმდენად არა, რამდენადაც წარმომადგენლობითობის ფორმა და შინაარსი უფრო გვაინტერესებს. ამ სცენით (მიუხედავად იმისა, რომ იგი ლორდთა და არა, ვთქვათ, თემთა წარმომადგენლობით პალატაში ხდება) თვალსაჩინოა: ეს ფორმა, ვინაიდან შინაარსს ზუსტად შეესაბამება, საუკეთესოა სწორედ მაშინ, როცა ხალხის წარმომადგენელი (ცხადია, ამ შემთხვევაში ლორდი არა მთლიანად ხალხის, არამედ კონკრეტული პრივილეგირებული კლასის - არისტოკრატიის წარმომადგენელია, გვარით, წარმომავლობით აქვს ეს უფლება მოპოვებული და არა საყოველთაო არჩევნებით, მაგრამ ჩვენი საკითხისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარა აქვს) ხალხის წინაშე პირისპირ და პერსონალურად დგახარ! ამ დროს პასუხისმგებლობა, უეჭველია, ხარისხობრივად გაცილებით, ერთი ასად უფრო მაღალია, იმასთან შედარებით, როცა პარტიის ზურგს უკან შეგიძლია დაიმალო და თავი იმართლო - რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, პარტის ასე სჭირდებოდაო! მაგალითად, აგერ, ჩვენს პარლამენტში ტაბლოზე გამოჩნდება ხოლმე, სწორედ ცხვრებივით როცა ითვლება მომხრე თუ მოწინააღმდეგე და თითქმის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ინდივიდის, პიროვნების პასუხისმგებლიან პერსონალურ პოზიციას. იმედანად არა აქვს - მწვანე და წითელი ერთმანეთში ერევათ კიდეც!
რასაკვირველია, როცა პასუხისმგებლობა და ანაგარიშვალდებულებაა მთავარი და არა პარტიათა შორის ძალაუფლების განაწილება, წარმომადგენლობითობაში პერსონალური მიდგომა პარტიულ-კოლექტიურს, „გუნდურს“, ბევრად ჯობს და შესაბამისადაც, მაჟორიტარული არჩევნები ამისათვის უკეთესია!
მაგრამ რა ვქნათ, როცა მთავარი სწორედაც ძალაუფლებისა და პრივილეგიების განაწილებაა, უარესიც - გავლენებით ვაჭრობაა და ამ შემთხვევაში, მაჟორიტარული სისტემა სწორედაც რომ უვარგისია, რადგან ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს და სწორედ ის ვითარებაა, როგორიც „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“-ში:
„მა ჩვენ გოგიას რაღა?!“ „რა და - ვირის თავ-ფეხი!“
ასე რომ, საქართველოში არსებული დღევანდელი ვითარების განსაკუთრებულობა ისაა, რომ ამჟამად კონიუნქტურა ასეთია: პროპორციულ არჩევნებს არავითარი ალტერნატივა არა აქვს და ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო ძალაუფლების რიგიანად განაწილება, უწინარესად, პარტიებად სახელდებულთა შორის - აგერ უკვე 30 წელია, ხეირიანად ვერა და ვერ მოგვიხერხებია! მართლაც: ერთობ წონადი და გადამწყვეტიც არის არგუმენტი, რომ პარტიამ, რომელსაც პროპორციულ არჩევნებში 49% უჭერდა მხარს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მთავარი დამნაშავე - თურმე მაჟორიტარული სისტემა ყოფილა. მთლიანად პროპორციული რომ ყოფილიყო არჩევნები, „ოცნება“ არათუ კონსტიტუციის მიღებას, არამედ მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას მხოლოდ ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების „წაღების“ ხარჯზე თუ შეძლებდა. არადა, ვიმეორებ - მაჟორიტარული რომ ყოფილიყო მთლიანად არჩევნები, მაშინ შედეგი უფრო გამაოგნებელი იქნებოდა - ერთპარტიული პარლამენტი!
თავშივე ვთქვი - ორივე, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული საარჩევნო სისტემა, უდავოდ დემოკრატიულია-მეთქი. ანუ - დემოკრატიის განხორციელება ორივე სისტემაშია შესაძლებელი. როგორც აღვნიშნე, ბრიტანელები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არასდროს დათანხმდებიან, თუმცა ეჭვიც არ მეპარება - რომც ადგნენ, დათანხმდნენ და პროპორციული არჩევნები ჩაატარონ კიდეც, შედეგები დაახლოებით იგივე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ შედეგებს შორის რადიკალური განსხვავების ისეთი ექსტრემალური ამპლიტუდა, რაც ჩვენს შემთხვევაშია სახეზე მაჟორიტარული და პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებს შორის, სტაბილურ, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში აბსოლუტურად გამორიცხულია! ეს ხომ აშკარად იმაზე მიუთითებს, რადგან ასე ვართ თურმე საარჩევნო სისტემაზე შედეგებით დამოკიდებულნი, რომ ძალაუფლების განაწილების პრობლემა გაცილებით სერიოზული და ღრმაა?!
დარწმუნებული ვარ, მთავარი მიზეზი პარტიებს შორის მანდატების რიგიანად ვერგანაწილებისა, საარჩევნო სისტემა კი არ არის, არამედ გაცილებით სერიოზული რამ - ძალაუფლება, როგორც მძიმე ტვირთი, როგორც ვალდებულება და პასუხისმგებლობა, საერთოდაც არავის არ სურს! მაგრამ ყველასთვის სანატრელია, როგორც სხვაზე დიდი და გამორჩეული უფლებები ანუ, როგორც - პრივილეგია! არჩევნები - უწინარესად უფლებების განაწილებაა თუ ვალდებულებებისა? ტვირთისა თუ პატივისა? იქნებ ამაზე გაგვეცა პასუხი, სანამ პროპორციული თუ მაჟორიტარული არჩევნების ავკარგიანობას გავარკვევდეთ!
რაც სამართალი არსებობს, ცნობილია - უფლება ვალდებულებასაც წარმოშობს და თუ არა, მაშინ ასეთი უფლება მუდმივად ქიშპისა და მტრობის საგანი იქნება. არავინ დათანხმდება სხვის პრივილეგიას, თუ ეს უფრო მეტ ვალდებულებასთანაც, მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან არ არის დაკავშირებული.
მეორე მხრივ, იმაზე საშინელი არაფერია, როგორიცაა უღირსის პრივილეგია. ეს სიმართლესთან და სამართლიანობასთან ისეთი თავზარდამცემი კონფლიქტით სრულდება ხოლმე, როგორიც ჰიუგოს მიერ გიუნპლენის ლორდთა პალატაში გამოსვლითაა ბრწყინვალედ დემონსტრირებული!
ცხადია, ამ დროს გიუნპლენი გვარით ლორდიც არის, მაგრამ უწინარესად ძალადობით დასახიჩრებული სახეა ხალხისა. სწორედ ამიტომ, ან სასაცილოა, ანდაც თუკი ახერხებს და სიცილის ნიღაბს იშორებს, რათა სიმართლე გამოხატოს, თავზარდამცემი ხდება!
მაგრამ არა მარტო გიუნპლენი, ჩემთვის არანაკლებ კი არადა, უარესად თავზარდამცემი იყო არსებითად ანტი-გიუნპლენური, მაგრამ ასევე მძაფრი მოვლენა, რაც მონათხრობითა ან წაკითხვით კი არ გამიგია, არამედ საკუთარი დასაბრმავებელი თვლებით სხვებსავით ვნახე, როცა მშვენიერი ვარდებით შენიღბული არა სიმართლე, არამედ პირიქით - სწორედაც ამაზრზენად მახინჯი სიცრუე შეიჭრა ასევე უღირსი პრივილეგიების მოპოვებულთა პარლამენტში და სხვისი ცივი ჩაი დალია! „კაცი, რომელიც იცინის“, დიდოსტატური, მაგრამ ოდენ - თხზულებაა და მკითხველისთვის, თუკი მას ქვის გული არა აქვს, განსაკუთრებით ჭაბუკობისას - ასე რიგად შთამბეჭდავი, ხოლო იმ ამაზრზენი მოვლენისა თუ ადამიანის (ისიც საკითხავია, საერთოდაც იგი კაცია, ადამიანი?) შესახებ, რასაც სახელსაც ვერ ვარქმევ (ყველაზე შესაფერისი სახელი, რისი მოფიქრებაც მე ძალმიძს, ეს იქნება: „კაცი, რომელიც დაგვცინის“), არათუ წავიკითხეთ, არამედ ის ჩვენს ზურგზე ვიწვნიეთ და მოვესწარით! ვაი, ჩვენს მოსწრებას! და ორჯერ ვაი, თუკი ვერაფერი გვასწავლა იმ მწარე გამოცდილებამ!
***
მწარე გამოცდილებას კი, უწინარეს ყოვლისა, ეს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის: რამდენად საშიშია და საბედისწეროც გაჩენილი უფსკრული უფლებებსა და ვალდებულებებს, უფლებებთნ განუყოფლად დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს შორის!
ვისაც უფლებებს ვანიჭებთ - ის პასუხისმგებლობას გაურბის, ხოლო ის, ვინც უფლებებს გვპირდება, სინამდვილეში თავისი პრივილეგიებისთვის იბრძვის, ხოლო რაიმეს უფლება საერთოდაც ვალდებულებებისგან გათავისუფლება ჰგონია! ჩვენებური პარტიულ-პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემაც ეს არის: ყოველ ჯერზე ძალაუფლების გადანაწილება ისეთ ე.წ. პარტიებს შორის, რომლებიც არ არიან მზად პასუხისმგებლობისთვის.
აქედან უნდა ამოვიდეთ, როცა საარჩევნო სისტემის არჩევა გვინდა, თორემ ის გადაჭარბებული მოლოდინები, რაც ამ ჯერზე სრულად პროპორციულ არჩევნებს სურთ დაუკავშირონ, ახალ მძიმე განსაცდელად შემოგვიბრუნდება!
რას ვგულისხმობ? იმას, რომ პასუხისმგებლიანი პარტიულ-პოლიტიკური სისტემის შექმნისათვის არ შეიძლება, სრულიად გაუმართლებელია და მიუღებელი, პერსონალური, პიროვნული, ინდივიდუალური ელემენტის იგნორირება და ისეთ პარტიებს შორის არჩევანი, რომლებიც უპასუხისმგებლობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე დემონსტრაციულად ავლენენ (განსაკუთრებით - ოპოზიციურ პარტიებზეა საუბარი), მეტად სარისკოა!
პარტიები ჰქვიათ, მაგრამ სინამდვილეში კლიენტელებს წარმოადგენენ. კლიენტელა, პარტიისგან განსხვავებით, პატრონის გარშემო სარგებლის მოლოდინში შემოკრებილი და პატრონის სამსახურში ჩამდგარი ადამიანების ჯგუფია. როცა მათ ვირჩევთ, სინამდვილეში ისინი პატრონს წარადგენენ ჩვენს წინაშე და არა პირიქით, როგორც უნდა იყოს წარმომადგენლობით დემოკრატიაში: ხალხის წარმომადგენლობა, ვინაიდან „სარგებლიანი პასუხისმგებლობით“ კლიენტელას წევრები პატრონთან არიან ჭიპით მიბმულნი და არა რომელიმე სოციალურ ჯგუფთან თუ კლასთან, საზოგადოებრივ ფენასთან თუ სტრატთან, მოჩვენებითი და უკუღმართული ხდება.
კლიენტელები რომ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, უთუოდ პასუხისმგებლიანი პიროვნებები, პერსონები, გამორჩეულად ღირსეული ინდივიდები და არა „გავლენიანი“ პატრონები, სჭირდებათ! ეს მოტივი, რომლითაც პარტია ღირსეულ ინდივიდთა კრებულად უნდა ჩამოყალიბდეს და არა პატრონ-კლიენტელურ ჯოგად თუ კანტორად, საერთოდაც შეიძლება გაქრეს, თუკი არჩევნები ისევ რანგირებული პარტიული სიებით მოხდება!
დიახ - უდავოდ სწორეა და ყოვლად აუცილებელი, მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდეს. ამ ეტაპზე ისიც სწორეა, რომ ხელოვნური ბარიერი არ უნდა იყოს, რადგან მონოპოლიური მდგომარეობა, უწინარესად ამ ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც საარაკო უპასუხისმგებლობით გამოირჩევა, შერბილდეს მაინც, თუკი სულაც არ გაქრება.
მაგრამ არასწორია - პარტიამ (უფრო სწორედ კი მისმა პატრონმა) ჩვენგან დამოუკიდებლად და ჩვენს დაუკითხავად შეადგინოს ის სიაც და რიგითობაც თავად განსაზღვროს, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი!
სწორედ ამიტომ, დღეს ყველაზე ღირსეული არჩევანი საქართველოსთვის - პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემაა. მისი ღირსება ორივე სისტემის, როგორც მაჟორიტარულის, ასევე პროპორციულის უპირატესობათა ჯამია, ხოლო ნაკლი, რაც ამ სისტემებს ცალკ-ცალკე აქვთ, მაქსიმალურადაა შემცირებული.
ასეთი, პერსონალიზებულ-პროპორციული (personalisiertes Verhältniswahlrecht) სისტემა მოქმედებს ყველაზე მოწინავე სოციალურ სახელმწიფოში - გერმანიაში. მოკლედ აღვწეროთ ეს სისტემა:
ბუნდესტაგის ყველა, 598-ივე წევრი პროპორციულ საფუძველზე ირჩევა პარტიული სიებით, მაგრამ ამ სიების პერსონალური შემადგენლობის ნახევარი (299 დეპუტატი) თავად ამომრჩევლის მიერ კომპლექტდება და არა პარტიის მიერ. როგორ? მარტივად! ამისთვის თითოეულ ამომრჩეველს ორი ხმა აქვს: „მეორე ხმა“ (Zweitstimme) პარტიული სიისთვის და „პირველი ხმა“ (Erststimme) პერსონალურად იმ დეპუტატისთვის, რომელიც ერთმანდატიან ოლქში სახელდება. ეს სწორედ იმიტომ გაკეთდა, რომ საარჩევნო სისტემაში პერსონალური ფაქტორი შენარჩუნებულიყო და დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული კავშირი განმტკიცებულიყო.
გერმანიის მთელი ტერიტორია იყოფა 299 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქად, თითოეულიდან ბუნდესტაგში ერთი დეპუტატი ირჩევა; ამასთან -პარტიული სიებით კენჭისყრა ხდება 16 მრავალმანდატიან ოლქში; ეს ოლქები ტერიტორიულად ემთხვევა ფედერალური მიწის ტერიტორიას, თითოეულ ოლქში პარტია ცალკე სიას წარადგენს; ოლქის (ფედერალური მიწის) პარტიული სიის მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მოსახლეობის პროპორციულად.
არჩევნების შედეგები ასე განისაზღვრება: თავდაპირველად მანდატები პრაქტიკულად მაჟორიტარული წესით ნაწილდება ერთმანდატიან ოლქებში. ბუნდესტაგის მანდატს იღებს ის კანდიდატი, რომელმაც ოლქში ფართობითი უმრავლესობა, ე.ი. სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღო. ასეთ მანდატს „პირდაპირი“ მანდატი (Direktmandate) ეწოდება. ამით, ეს პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემა, ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით განსხვავდება ჩვენში მოქმედ პროპორციულ-მაჟორიტარული შერეული სისტემისგან, მაგრამ სინამდვილეში განსხვავება უაღრესად პრინციპულია: ყველა „მაჟორიტარი“ კანდიდატი აუცილებლად 16-იდან ერთ-ერთ პარტიულ სიაში უნდა იყოს (ე.წ. გადაბმული სიები) და რაც მთავარია, პარტია ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც პროპორციული არჩევნებით განისაზღვრა, თუკი, რა თქმა უნდა, პირდაპირი მანდატების რაოდენობა არ აღემატება პროპორციული არჩევნების შედეგებით განსაზღვრულ რაოდენობას. ანუ, მიღებული მანდატების საბოლოო რაოდენობა პროპორციულსა და მაჟორიტარულ არჩევნებში მიღებულ მანდატთა ჯამი კი არ არის, არამედ განისაზღვრება, როგორც წესი - პროპორციული არჩევნების შედეგებით, ხოლო თუ „პირდაპირი“ მანდატების რიცხვი პარტიის მიერ პროპორციული არჩევნების შედეგებით დადგენილზე მეტია, მაშინ პარტია „სიით“ მანდატს აღარ იღებს. ე.ი. 598 მანდატიდან პარტიას იმდენივე პროცენტი (უფრო სწორედ ამ პროცენტის შედეგად გამოთვლი რიცხვის მთელი ნაწილი) შეხვდება, მონაწილე ამომრჩეველთა რამდენი პროცენტი ხმაც მიიღო; ამისთვის, პარტიის სიის მიერ მიღებული „მეორე ხმები“ ითვლება, გაინგარიშება მათი პროცენტული ოდენობა მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში და შესაბამისი თანაფარდობით 598-იდან განისაზღვრება პარტიის მანდატების საერთო ჯამური რიცხვი. ბარიერი ასეა დადგენილი: მანდატს იღებს მხოლოდ ის პარტია, ვინც „მეორე ხმებით“ ამომრჩეველთა არანაკლებ 5% მიიღო, ანდა არანაკლებ სამ ერთმანდატიან ოლქში „პირველი ხმებით“ გაიმარჯვა. რასაკვირველია, პარლამენტის მანდატს პირველ რიგში იღებენ ისინი, ვისი მანდატიც პირდაპირია, ანუ ვინც ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვა და მხოლოდ შემდეგ, სიაში რიგითობის მიხედვით, სხვა კანდიდატები (ასეთ მანდატს „სიითი“ მანდატი - Listenmandate ეწოდება), ვიდრე „მეორე ხმების“ პროპორციულად დადგენილი მანდატების საერთო რაოდენობა არ შეივსება. თუ აღმოჩნდა, რომ პროპორციული დათვლის შედეგებით მიღებული რაოდენობა ნაკლებია ერთმანდატიან ოლქებში მიღებული პირდაპირი მანდატების ჯამურ რაოდენობაზე, მაშინ პარლამენტში შეიძლება 598 დეპუტატზე მეტი აღმოჩნდეს, რადგან პირდაპირი მანდატი არ უქმდება. რომ გადმოვიტანოთ ეს წესი და ბოლო ჩატარებულ არჩევნებზე გავავრცელოთ, „ოცნებას“ ერგებოდა „მეორე ხმებით“ ანუ წმინდა პროპორციული არჩევნების შედეგებით 150-ის 49% ე. ი. 73 მანდატი, ხოლო „პირველი ხმებით“ ვინაიდან ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ასევე - 73 მანდატი. მანდატს მიიღებდა ყველა ე.წ. მაჟორიტარი კანდიდატი, მაგრამ პარტიული სიიდან მათ გარდა აღარავის შეხვდებოდა „სიითი“ მანდატი. პროპორციულ არჩევნებში პარტიას რომ მიეღო არა 49, არამედ 40%, ე.ი. პროპორციულად შეხვდებოდა 60 მანდატი, მაგრამ ვინაიდან ყველა ოლქი მოიგო, პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობა მაინც 73 იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში დადგებოდა ის საგანგებო შემთხვევა (თუ გაუნაწილებელი მანდატები არ ჩაერეოდა საქმეში, ე.ი. ბარიერგადალახული პარტიების რაოდენობა საკმარისად დიდი იქნებოდა), როცა პარლამენტში იქნებოდა არა 150, არამედ მაქსიმუმ კიდევ 13 ე.ი. სულ 163 დეპუტატი.
რასაკვირველია, შესაძლებელია ასეთი „გერმანული მოდელის“ ე.ი. პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის საქართველოს პირობებთან, ერთგვარი სახესხვაობითაც, რომლის მიზანი იქნება პარტიული სიების არა მხოლოდ ნახევრის, არამედ თუნდაც სრული „პერსონალიზება“, საუკეთესოდ ადაპტირება. ჩემი აზრით, იდეალური იქნებოდა ისეთი რომლის ძირითადი მონახაზია:
- ქვეყანა იმდენ საარჩევნო ოლქად, ე.ი. 150 ოლქად, იყოფა, რამდენი მანდატიცაა პარლამენტში. ოლქების ფორმირება ხდება ადმინისტრაციულ-ტერიტრიული დაყოფის შესაბამისად და იმ პრინციპით, რომ ოლქები მეტ-ნაკლებად, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარი იყოს ამომრჩეველთა რაოდენობით;
- კანდიდატების წარდგენა ხდება არა რანგირებული პარტიული სიებით. ამასთან, სიაში შეყვანილი თითოეული კანდიდატი წარდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ და მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში; პარტიულ სიაში შეიტანება იმდენი კანდიდატი, რამდენი კანდიდატიც ჯამურად არის წარდგენილი ოლქებში;
- ამომრჩეველი ხმას აძლევს თავის ოლქში არა მთლიანად სიას, არამედ ამ სიის ოლქში წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატს, ისევე, როგორც ეს ხდებოდა მაჟორიტარულ არჩევნებში;
- მანდატები პარტიულ სიებს შორის მთლიანად პროპორციულად ნაწილდება; ამისათვის - ჯამდება პარტიის მიერ ყველა ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილეთა ჯამურ რაოდენობაზე; მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა; არა მთელი ნაწილების ჯამით განსაზღვრული ე.წ. „ზედმეტი“ მანდატების რაოდენობა იგივე პრინციპით ნაწილდება პროპორციულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად;
- პარტიული სიის რანგირება ხდება თავად ამომრჩევლის მიერ - მანდატს რიგითობით პარტიულ სიაში მიიღებს ის კანდიდატი, რომელმაც თავის ოლქში ფართობითი მაჩვენებლით იმავე სიის სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტი ხმა მიიღო, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ უპირატესობა ენიჭება ხმების აბსოლუტურ რაოდენობას;
- ასეთ სისტემაში გამორიცხული არ არის დამოუკიდებელ კანდიდატთა მონაწილეობაც, ამისათვის ყველა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იქნება წარდგენილი ოლქში, შეიტანება დამოუკიდებელთა ერთიან სიაში, რომელიც ასევე, სხვა პარტიული სიების მსგავსად, მიღებული ხმების პროპორციულად მიიღებს მანდატებს. ხოლო მანდატები იმავე წესით განაწილდება დამოუკიდებელთა სიაში, როგორც ეს ხდება პარტიული სიების შემთხვევაში (გასათვალისწინებელია, რომ დამოუკიდებელთა სიაში შეიძლება შეტანილი იქნას კანდიდატთა განუსაზღვრელი რაოდენობა, ანუ იმდენი, რამდენიც იქნება საინიციატივო ჯგუფების მიერ მთლიანობაში წარდგენილი ყველა ოლქში).
ამ გზით ორი კურდღელი უნდა მოვკლათ - შევინარჩუნოთ ადგილობრივი მონაწილეობა და ხმა მივცეთ არა დიდწილად ჩვენთვის ანონიმურ და პატრონ-კლიენტელურ სიას, არამედ კონკრეტულ კანდიდატს, წარდგენილს კონკრეტულ ოლქში.
რასაკვირველია, ეს პარტიებს შეუქმნის მოტივაციას, რათა გავლენიანი, საზოგადოებაში ნდობა მოპოვებული, პიროვნებები გააერთიანონ და არა პარტიის ლიდერის გარშემო სარგებლის მომლოდინედ შემოკრებილი კლიენტელა. ცხადია, ვიდრე ამ გზით პარტიები განვითარდებიან, ე.ი. სანამ პარტიულ-პოლიტიკური სისტემის „ფორმატირება“ მოხდება, ბარიერი მხოლოდ ბუნებრივი უნდა იყოს - პარლამენტში უნდა მოხვდეს ყველა იმ პარტიის, რომელსაც მინიმუმ 0.67%-ის (1/150 -ის) მხარდაჭერა მაინც აქვს, წარმომადგენელი.
მაგრამ შემდგომ არჩევნებში, რათა პარტიების დაწვრილება და ფრაგმენტაცია შეუქცევადი არ გახდეს, ბუნებრივია, ბარიერი იქნება საჭირო - ალბათ, 3%-იანი ბარიერი მაინც.
ვისურვებდი, ასეთი სისტემის გარშემო გაგვემართა საგნობრივი მსჯელობა, რადგან ეს ამომრჩევლისთვისაც უაღრესად სასარგებლოა და თავად პარტიებისთვისაც (გარდა, ცხადია, აშკარად მტრული პარტიებისა - ნაცებისა!).
ბოლოს კი ისევ უნდა გავიმეორო - საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტია პასუხისმგებლიანი პარტიების განვითარება. ეს კი ღირსეული პერსონების, ინდივიდების გარეშე - წარმოუდგენელი გახლავთ.