აქციის ადგილიდან პოლიტიკოსების გარიდება ვითარებას უფრო გაამწვავებდა

აქციის ადგილიდან პოლიტიკოსების გარიდება ვითარებას უფრო გაამწვავებდა

შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განმარტებით, 20-21 ივნისის მოვლენებისას, რომელიმე პოლიტიკოსის ადგილიდან გარიდება დამატებით გაამწვავებდა ვითარებას და ამიტომ მისი აზრით, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. როგორც კახა საბანაძემ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მასა იყო აგრესიული, ეგზალტირებული და შეტევაზე გადადიოდა.

“ეს უფრო გაამწვავებდა ვითარებას და შეიძლებოდა დამატებითი პროვოცირება მოეხდინა. შეუძლებელი იყო რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება. მასა იყო აგრესიული, ეგზალტირებული და შეტევაზე გადადიოდა. სამწუხაროა, რომ პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ დარჩენილა, მიატოვეს იქაურობა. რეალურად, დარჩა აგრესიული, ეგზალტირებული მასა, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციას და დაშავდნენ ისინი, ვინც პოლიციას თავს ესხმოდნენ“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

ამასთან, მინისრტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მართლწესრიგის აღდგენაში, შენობის დაცვასა და შტურმის მოგერიებაში ჩართული იყო 1500 პოლიციელი. როგორც კახა საბანაძე განმარტავს, 20-21 ივნისს მობილიზებული იყო 5000 პოლიციელი და შემდეგ მოხდა ასევე რეგიონებიდან დამატებითი ძალების გამოძახებაც.