„რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ, რასაც კრემლისგან მართული შავბნელი ჯგუფები განახორციელებენ“

„რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ, რასაც კრემლისგან მართული შავბნელი ჯგუფები განახორციელებენ“

„ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ“, - წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი და საქართველოს ურჩევს, ღვინო და წყალი უფასოდ გაუგზავნოს ნატოელ მოკავშირეებს, რომლებიც, ალბათ, ამაში არაფერს გადაიხდიან.

პუშკოვს მიაჩნია, რომ საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორობითა და რუს ტურისტებზე თავდასხმით ქართველებმა მიიღეს ის, რასაც იმსახურებენ.

რუსები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდნენ. მათი მოთხოვნა იყო საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური და იძულებითი ზომების გამოყენება - საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის ესპორტის შეწყვეტა და ფულადი გზავნილების აკრძალვა. თუმცა, ახალ სანქციების ამჟამად გადავურჩით.

რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო ამბობს, რომ ქართული ღვინის წარმოება დაემხობა, თუ რუსეთი საქართველოს სანქციებს დააკისრებს. ასეთ შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა უნდა მოკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი - ვაშინგტონზე, თუ საკუთარ ხალხზე?!

გენადი ონიშენკოს პროგნოზით, ქართველი მწარმოებლები ვერ შეძლებენ თავიანთი პროდუქციის სხვა ბაზრებზე გადამისამართებას, საქართველოს ეკონომიკა დაემხობა და ვერავითარი ამერიკის შეერთებული შტატები ვერ უშველის.

ეკონომიკური სანქციების გარდა დღეს ბევრს აღელვებს, რა ბედი ელის რუსეთში მცხოვრებ მილიონნახევარ ჩვენს მოქალაქეს და ხომ არ აღმოჩნდებიან ქართველები რუსეთში ბუნებრივ მძევლებად?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სრულიად მოსალოდნელია, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები შეექმნათ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამას კრემლი გააკეთებს, ეს შეიძლება გააკეთონ შავბნელმა ჯგუფებმა, რომლებიც ფორმალურად დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ რეალურად კრემლს ემორჩილებიან.

„ასეთი შეფასებაც გაკეთდა, რომ სააკაშვილი ცდილობს, „რუსთავი 2“-ის ხელით პუტინს საბაბი შეუქმნას, რათა დაიწყოს რუსულ-ქართული ომი. ცხადია, ერთი განცხადების გამო ომი არ დაიწყება, ეს ზღაპარია. არც რუსეთის ხელისუფლება არ დაიწყებს ასე ღიად დაპირისპირებას. ისინი აამოქმედებენ უფრო არაფორმალურ განშტოებებს, შავრაზმულ ჯგუფებს, რომლებსაც შეუძლიათ დაიწყონ ქართველების შევიწროება რუსეთში. მინიმუმ, ამ პროცესებს კრემლი გამოიყენებს სოციალურ ქსელებში იმისთვის, რათა ამას მიებას ინტერპრეტირება, რომ საქართველოში რუსები არ უყვართ, რაც ტურისტული სეზონისთვის ხელისშემშლელი იქნება. უფრო დიდ გართულებას არ ველი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შურისძიების სურვილიდან გამომდინარე, რუსეთი ყოველნაირად ეცდება, ცხვირში ძმრად ამოგვადინოს მომხდარი და ქართველი ხალხი განაწყოს არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, არა „რუსთავი 2“-ის, ან „ნაცმოძრაობის“, არამედ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და აიძულონ საქართველოს ხელისუფლება გარკვეული დათმობებისკენ წავიდეს რუსეთთან მიმართებით, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დღევანდელ ხელისუფლებას.

„საშუალო და ღარიბი ფენა, რომელიც გარკვეული ფორმით რუსეთის ეკონომიკაზე, რუსეთისგან გადმორიცხულ ფულზეა დამოკიდებული, გამწარდება საკუთარ ხელისუფლებაზე. სწორედ ამ ხალხზე აქვს გათვლა რუსეთს. ჩვენ გაგვიჭირდება რუსეთის ნაცვლად სხვა ბაზარი ვიპოვოთ, თორემ რუსეთს არ გაუჭირდება ჩვენი ღვინისა და ციტრუსების ჩანაცვლება. რუსეთი არასანდო პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ფეხზე დავდგებით და კრიზისიდან გამოვალთ, მაგრამ ჩვენმა ბიზნესმენებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ რუსეთის ბაზარზე, უნდა იპოვონ სხვადასხვა ბაზრები. ეს შეიძლება კარგი გაკვეთილი იყოს ჩვენთვის. რაც შეეხება ფულად გადარიცხვებს, მსოფლიოში არსებული ფინანსური წყაროებით თუ მიმართულებებით, ინტერნეტის საშუალებით ეს არ არის გადაულახავი პრობლემა. თუ აქამდე ეს ოპერაცია ხორციელდებოდა ერთ საათში, შეიძლება ამიერიდან ამას დასჭირდეს ერთი დღე, მაგრამ თანამედროვე ინტერნეტკავშირების საშუალებით ეს გადარიცხვები არ იქნება გადაულახავი დილემა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამასთან არ ელის, რომ რუსეთში მცხოვრებ მილიონნახევარ ქართველს დიდი პრობლემები შეექმნას, რადგან მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ბევრს ორმაგი მოქალაქეობაც აქვს. ამდენად, ვისაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და რუსეთში ლეგიტიმურად არ ცხოვრობს, მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემები.

„იმედია, ბევრნი არ არიან ასეთნი, თუმცა რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყოველი ასეთი ფაქტის უკან ოჯახების ინტერესებია“.