20 ივნისის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განაწყენებულთა და შეურაცხყოფილთა ურთიერთობაში გადავიდა რუსეთის მხრიდან. ოკუპანტი განაწყენებულიცაა, შეურაცხყოფილიც, მაგრამ „დიდსულოვნებას“ ავლენს და ქართველებს მხოლოდ ოკუპაციას აკმარებს, სანქციებისთვის კი ვერ იმეტებს.
როგორ ფაზაში გადადის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და რას უნდა ელოდოს პუტინი საქართველოს ხელისუფლებისგან? ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
რისთვის გათამაშდა სცენარი, სახელწოდებით „კეთილი პუტინი და ბოროტი დუმა“ და რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესება?
- ჩვენს თვალწინ გათამაშდა ფარსი, რომელმაც აჩვენა როგორც რუსეთის ხელისუფლების შინაგანი ბუნება, ასევე, ქართული პოლიტიკური სპექტრის უსუსურობა და რუსეთზე მიბმულობა. პირველი, როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტს ამხელა სპექტაკლის გათამაშება დასჭირდება, რომ რუსეთის დუმა ბოროტია და თვითონ კეთილი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო, ფაქტობრივად, სულს ღაფავს.
საბჭოთა კავშირის დიდების მომენტში ძალიან კარგად გვახსოვს, რომ რუსი პირდაპირ ხიშტით, ტანკით, თვითმფრინავით შემოდიოდა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც და ახდენდა გადატრიალებებს და ოკუპაციას. ახლა კი ასეთი სპექტაკლის ჩატარება დასჭირდა პუტინს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
ანუ სანქციების, მსოფლიოს უარყოფითი დამოკიდებულების შედეგად რუსეთი შეიცვალა და „კარგ პუტინს“ შეიძლება „კარგი რუსეთიც“ მოჰყვეს?
- რეალურად რუსეთს აღარ აქვს ის ბერკეტები, ის სიძლიერე, მას აღარ შეუძლია აქ ტანკით შემოვიდეს, თორემ სულისკვეთება იგივე აქვს. რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულება საკითხებისადმი არც არასდროს შეცვლილა თავისი სულისკვეთებით. ეს ისეთივე რიტორიკაა, როგორიც 1921-ში ჰქონდა რუსეთს, როცა ის შემოვიდა საქართველოში იმიტომ, თითქოს დაჩაგრული ქართველი პროლეტარიატი ეხსნა მჩაგვრელი ნაციონალური ბურჟუაზიისგან და თავადაზნაურობისგან და ქართველი ერი პროგრესის გზაზე დაეყენებინა. მნიშვნელობა არ აქვს, პუტინმა საქართველოს ისტორია იცის თუ არა, მთავარია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი თავი და მასტერკლასი ჩაატარა, თუ როგორი უნდა იყოს ოკუპანტი. შესაბამისად, პუტინმა ყველა რუსეთუმეს წყალი გადაასხა, აი, ბატონო, ეს არის თქვენი რუსეთი და ახლა უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, კრემლის ასეთ ლიდერთან შეიძლება თუ არა საუბარი იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი ამოცანები როგორმე გადავწყვიტოთ ქართველებმა და რუსებმა.
თუკი რუსეთს ისეთი ძალა აღარ აქვს, როგორც საბჭოთა პერიოდში, გამოდის, რომ პუტინმა ტაქტიკა შეცვალა, დაანება თავი კუნთების თამაშს, ტანკების გრუხუნს და უკვე ისტორიის გაყალბებას ჩაუკირკიტდა?
- კუნთების თამაშზე რუსეთი უარს არასდროს იტყვის. მას ფართომასშტაბიანი ოკუპაციის შესაძლებლობა არ აქვს ისევე, როგორც უკრაინაში. პუტინს იმის თავი რომ ჰქონდეს, თვითმფრინავებით გადაუაროს უკრაინას, ის კიევშიც ჩავიდოდა. კუნთების თამაში რუსეთს უფრო შიდა მოხმარებისთვის სჭირდება, რათა წარმოაჩინოს, როგორი ძლიერია, მაგრამ შევხედოთ მოვლენების განვითარებას, გიორგი გაბუნიას ნათქვამზე რუსეთი რომ ასეთ ამბავს ატეხს, ეს მის სახეს აჩვენებს. ჯერ ერთი, იმას აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული იყო და გაბუნია, ისევე როგორც „ნაცმოძრაობა“ რუსულ თამაშს თამაშობდა და თამაშობს დღესაც. ნუთუ გაბუნიას ბილწსიტყვაობაზეა დამოკიდებული, აჟიოტაჟი გამოიწვიოს როგორც რუსეთის მოსახლეობაში, ისე საქართველოში? ამ დონეზე დავიდა პუტინი? განვიხილოთ მეორე საკითხი, გავრილოვს ვიღაცამ რაღაც უთხრა საქართველოს პარლამენტში და ამის გამო რუსეთის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს იწვევს, რათა ფრენები შეაჩეროს. დღეს რუსეთის გავლენა საქართველოზე მხოლოდ და მხოლოდ მის აგენტურაზე გადის. ბერკეტები რაც აქვს დარჩენილი რუსეთს, ეს არის აგენტურა, რომელიც მას ჰყავს საქართველოში, თანაც, ჰყავს ყველა სფეროში-ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში.
ბევრნი არიან ასეთები?
- ბევრნი არიან. ყველაფერს თავი გავანებოთ, ჩვენ ხშირად გვესმის, ამერიკა შემოსულია საქართველოში. სინამდვილეში, ამერიკა სადაც შევიდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პირველი კანონი, რაც მიიღეს, ლუსტრაციის კანონი იყო. ჩვენთან ეს კანონი არ არის. პირველი, რაც გააკეთა იმ ხალხმა, სადაც დასავლური გავლენები შევიდა, პოლიტიკური მონოპოლიები დაამსხვრია და გაყო ერთმანეთისგან აღმასრულებელი, საკანონმდებლო, პარტიული, სასამართლოს ხელისუფლება. ჩვენთან ეს ყველაფერი ორკესტრირებულია. დავაკვირდეთ, როგორ ერთად მოქმედებენ, ერთი მხრივ, ხოშტარია ოპოზიციიდან და, მეორე მხრივ, ჩუგოშვილი პოზიციიდან. ისინი ერთდროულად აღშფოთდნენ სკამზე გავრილოვის ჩამოჯდომის გამო მაშინ, როცა წინადღით სახელმწიფო რიტუალების სასახლეში, ცერემონიების სასახლეში, ანუ ყველაზე უფრო მაღალი ინსტიტუციის მქონე შენობაში ერთად უძღვნიდნენ გავრილოვს დითირამბებს, იყო შამპანურები, ბანკეტები, ფიანდაზები. ეს წინადღით არ იცოდა ან ერთმა ან მეორემ? მაგრამ ორკესტრირებული იყო ეს ყველაფერი. პირველად, რაც თავი გვახსოვს, ბოლო 8 წლის განმავლობაში ივანიშვილმა შეცდომა აღიარა, თავზე ნაცარი წაიყარა და თვითგვემას მიჰყვა მთელი „ოცნებაც“, ეს რა ხდება, გავრილოვი როგორ შემოვიყვანეთო?! ამას მოჰყვა სისხლიანი სპექტაკლი, როცა პრემიერი აკეთებს განცხადებას, ტყვიას არ გამოვიყენებთო და შს მინისტრი იმავე წუთს ისვრის. შეხედეთ, როგორ უჭირთ, რომ გეიპარადის ხუთი წარმომადგენელი უცებ სადღაც შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება და იქვე კომბლით თუ ჯვრით მიდიან რაინდები ჩვენი ღირსების გადასარჩენად. შეხედეთ გამასპექტრს საკითხებისა, არც ერთი მათგანი არ არის ორიენტირებული პოზიტივზე. არადა, შს სამინისტროს სიახლოვეს ორი კაცი რომ დადგეს შემთხვევით და მანქანა რომ გააჩეროს, სპეცნაზი მივა და მისი ვინაობით დაინტერესდება.
20 ივნისის ღამის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ პოლიტიკოსს, საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს ფარდა ახადა, მათ შორის, ჯვრით თუ კომბლით შეიარაღებულ ადამიანებსაც. თქვენ როგორ თვლით?
- ამ დღეებმა, ფაქტობრივად, ჩვენ გვითხრა, რომ ურემი გადაბრუნებულია, გზა ჩანს; ამ დღეებმა გვითხრა, როგორ არ უნდა ვხარჯოთ უსაგნოდ ემოციები და როგორ არ უნდა მოვწყდეთ ჯანსაღ სახელმწიფო მშენელობის საკითხებს. რა თქმა უნდა, 20 ივნისის ღამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გამოაჩინა პიროვნებები, რადგან არასწორი გზის, არასწორი მოცემულობის შექმნაში სწორედ ეს პიროვნებებიც მონაწილეობდნენ. არ შეუძლია ამ ხალხს დრამატული სპექტაკლების გარდა სხვა რამის გაკეთება. იმდენად გაუჭირდათ, რომ თვითონვე მოახდინა პუტინმა მათი ლუსტრირება, როდესაც გაბუნიაზე რეაქცია მისცა. დიახ, ეს ლუსტრაცია იყო, რადგან, თუ გინებაზე რეაგირებ, მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ სხვებმაც შეიგინეს ტელევიზიიდან, ეთერიდან და, თანაც, შეიგინეს არც თუ ისე ტკბილად. მაშინ რატომ აკეთებ აქცენტს მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე? ჩვენ გვახსენდება „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული კადრები, რომელიც, წესითა და რიგით თავისუფალ ჟურნალისტს არ უნდა ჰქონოდა. ვგულისხმობ რუსეთის პროკურორის ბანაობას მეძავებთან ერთად მოსკოვში, პირველად ეს კადრი სწორედ „რუსთავი 2“-მა გაუშვა და მერე გაავრცელეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა. ასევე, გვახსენდება გილაევის გადასვლა პანკისიდან აფხაზეთის მიმართულებით, რასაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა „რუსთავი 2“. მრავალი სხვა ისეთი საკითხებია, რომლებიც უშუალოდ რუსულ ინტერესებშია. „რუსთავი 2“ თავიდან ბოლომდე ეწევა პროდასავლური ღირებულებების პროფანაციას, ამ ღირებულებების შეურაცხყოფას ქართველი ხალხის თვალში, ქაოსის ორგანიზებას საქართველოში და ეს ყოველივე რუსული ინტერესია.
ფიქრობთ, რომ გაბუნიას მონოლოგის დროს რუსული, პუტინისტური და სააკაშვილისეული ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა?
- ეს ერთნაირი ინტერესებია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2008 წლის საომარი მოქმედების გამოძიება ჩავატაროთ და გაირკვევა ყველაფერი, თუ ვის მხარეზე იბრძოდა მაშინდელი მთავარსარდალი. რატომღაც უსაგნოდ კამათობენ, ვინ გაისროლა პირველად, ან რატომ გაისროლა სააკაშვილმა. სინამდვილეში, უფრო მეტად საინტერესოა, ვის მხარეს იბრძოდა სააკაშვილი. ამის შემდეგ გაირკვევა, რა მოტივი ჰქონდა, როცა გაისროლა. მრავალი თემატიკაა, რომელზეც „ოცნება“ არ რეაგირებს, რითაც საშუალებას აძლევს „ნაცმოძრაობას“ და სხვა ჯგუფებს, შეასრულონ თავიანთი ამოცანები. აქედან გამომდინარე, რადგან ამ აგენტურას ფარავ და ხელს უწყობ, ე.ი. შენც მიბმული ხარ რუსეთზე. რა ბოდიშების მოხდა აუტყდათ პუტინთან? 400-წლოვანი რუსეთ-საქართველოს ისტორია გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რიტორიკას, მთავარია, რუსეთს რა უნდა. რუსეთს კი, დაწყებული ტოტლებენის შემოსვლიდან, დამთავრებული დღემდე მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, დესტაბილიზაციის ორგანიზება საქართველოს ტერიტორიაზე. შეუძლებელია სტრატეგიულად რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ერთადერთი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ, როგორმე შემცირდეს რუსეთის აგრესიის ხარისხი ამა თუ იმ კონკრეტულ ეპიზოდში, ანუ თუნდაც რასაც მისი უწმინდესობა აკეთებს. ამაზე უნდა ზრუნავდეს ქვეყანა. პარალელურ რეჟიმში მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რათა რუსეთზე საქართველოს მიბმა შემცირდეს.
ერთი მხრივ, სანქციები ვისთვის უნდა დაეწესებინა რუსეთს? ძირითადი ეკონომიკური ბერკეტები ხომ ისევ რუსული ფირმების ხელშია საქართველოში? მეორე მომენტიცაა, რომც დაეწესებინა ეს სანქციები პუტინს, ამით საბოლოოდ გაწყვეტდა კავშირს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ რუსეთისგან რაღაც სიკეთე შეიძლება ნახონ, თორემ გულმოწყალე ნამდვილად არ არის პუტინი. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ყველანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ თვითონ არის ამ პროვოკაციების მაორგანიზებელი. გასულმა დღეებმა ეს კარგად დაგვანახა, ვგულისხმობ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ პარალელურად „ოცნების“ აქტიურობას, ტყვიების სროლას, როდესაც არავის სჭირდებოდა და გარემო არ ითხოვდა ამას. ფილარმონიასთან, თუ ალექსანდროვის ბაღში მომიტინგეების დევნა არანაირი აუცილებლობით არ იყო განპირობებული. ასე რომ, ერთმანეთს რაღაცნაირად პარტნიორობას უწევს „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ და ვიღებთ იმ მძიმე სურათს, რაც ქვეყანაშია.
როგორც ნაცებს არა აქვთ მორალური უფლება, ილაპარაკონ "ოცნების" ანტიდემოკრატიულობაზე (როგორი სწორიც არ უნდა იყოს ეს), ისე მამუკა გიორგაძეს არა აქვს უფლება, რომ ვინმეს უსაყვედუროს - რუსულ თამაშს თამაშობს, ქაოსის ორგანიზებას ეწევა და ეს ყოველივე რუსული ინტერესიაო!
ზვიადის წინააღმდეგ ბრძოლა -- სიტყვით... მასმედიით... საქმით... ფიზიკურად (ბრძოლებში უშუალო მონაწილეობით, რაზეც შენი ლიდერი თვითონ ლაპარაკობდა ტელევიზიით!)... რუსული სამხედრო ძალის დახმარებით გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა... ("გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს." -- ვიკიპედია)... რასაც მოჰყვა ყველა უბედურება, რაც საქართველოს სჭირს დღეს -- არ იყო რუსული ინტერესი, ქართული ეროვნული ინტერესი იყო, არა?!
ამ ხალხს ჰგონია, არ გვახსოვს ედეპეს ხელმძღვანელების ფარული ( მერე აღიარებული და ორმხრივ დადასტურებული) საკონსულტაციო ვიზიტები შევარდნაძესთან, მოსკოვში!
ჰგონიათ, უკვე დაგვავიწყდა ედეპეს როლი ყველა იმ უბედურებაში, რაც მაშინ დატრიალდა საქართველოში!
(სულაც არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ხომ შეიძლება წარამარა თოკზე არ ილაპარაკო, როცა სახლში ჩამოხრჩობილი გისვენია?!.)
P.S. აბა, საწყალი "რუსეთის სახელმწიფო, ფაქტობრივად, სულს ღაფავს" და აყვავებული საქართველო კიდევ ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაჭიმული!