კობა სუბელიანი დევნილებზე ნადირობას განაგრძობს

კობა სუბელიანი დევნილებზე ნადირობას განაგრძობს

კობა სუბელიანის უწყება დევნილებს ზამთრის პირასაც არ ეშვება. მათი გამოსახლებისთვის ახალ-ახალი გეგმები მუშავდება და ბოლოს სისრულეშიც მოჰყავთ.
არაშენდას უბნიდან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გამოსახლების პროცესი დაწყებულია. როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი მუხიანის დასახლებაში, მეოთხე მიკრორაიონში, არაშენდას უბნის N10-ში უკვე 8 წელია ცხოვრობენ, სუბელიანის უწყებამ კი გუშინ მათი გამოსახლების პროცესი გაუფრთხილებლად დაიწყო.

“როდესაც ჩვენ აღნიშნულ კორპუსში შესვლა გადავწყვიტეთ, როგორც თბილისის მერია, ისე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროც საქმის კურსში იყო. ეს იყო ცარიელი შენობა, მხოლოდ, ე.წ. შავი კარკასი. მაშინ აღნიშნულმა უწყებებმა ნება დაგვრთეს, რომ თუ ჩვენი სახსრებით მოვაწესრიგებდით საცხოვრებელ ოთახებს, ცხოვრება შეგვეძლო. 

დევნილებმა 8 წლის განმავლობაში თავიანთი ოთახები გაარემონტეს და საცხოვრებლად ვარგისი გახადეს, დღეს კი როგორც პოლიციის, ისე მერიისა და სუბელიანის უწყების წარმომადგენლები მოვიდნენ და ძალის გამოყენებით მაცხოვრებლების გამოყრის პროცესი დაიწყეს”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კორპუსში სულ 53 ოჯახი ცხოვრობს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი “არაშენდას უბნიდან” დევნილთა გამოსახლების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მათი ინფორმაციით, მუხიანის დასახლებაში მდებარე “არაშენდას უბნიდან” დევნილთა არანაირი გამოსახლება არ მიმდინარეობს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კობა სუბელიანის უწყება ბოლო დროს ბევრ რამეს უარყოფს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი დასტურდება. ბოლო თვეების განმავლობაში დევნილთა გამოსახლების პროცესმა ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ თვით უშფოთველი ევროპელი ჩინოვნიკებიც კი შეაშფოთა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით 5% დევნილია. სახელმწიფო მათზე ძალზე გულისყურით უნდა ზრუნავდეს, თუმცა ყველაფერი პირიქითაა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ზაფხულში ჩასახლების ობიექტებიდან 5000-ზე მეტი დევნილის გამოსახლება საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა. ზოგ შემთხვევაში ალტერნატიული თავშესაფარი ნორმალური ცხოვრების მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. გამოსახლებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალი საცხოვრებელი ან კომპენსაცია საერთოდ არ შესთავაზეს.

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი თბილისის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა გამოსახლების ფაქტებით შეშფოთებულია. როგორც საქართველოში ჰამარბერგის ბოლო ვიზიტების საფუძველზე შედგენილ ანგარიშშია ნათქვამი, გამოსახლება საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა. 

თუმცა, აქედან ბევრიც არაფერი გამოვიდა. როგორც ვხედავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კვლავ აგრძელებს დევნილებზე ნადირობს, ხოლო ჰამარბერგი კვლავაც შეშფოთებულია და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს დარჩება ასეთ მდგომარეობაში.