შს მინისტრი გიორგი გახარია 20–21 ივნისის აქციაზე განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ ეტაპზე გადადგომას არ აპირებს. როგორც ექსპერტებთან შეხვედრაზე გახარიამ აღნიშნა, საკუთარი მოქმედებების სიმართლეში დაწმუნებულია და ამის დამტკიცებას საჯაროდ აპირებს.
შს მინისტრი პოლიტოლოგებს და ექსპერტებს შეხვდა. მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, გიორგი გახარია თანახმაა, გასაჯაროვდეს საქმის გარკვეული ნაწილი. for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება.
ბატონო მამუკა, აპირებს გიორგი გახარია გადადგომას, რაც დღემდე რჩება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად?
მამუკა არეშიძე: მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ესწრებოდნენ ისეთი ექსპერტები, რომელის პოლიტიკური პოზიცია განსხვავებულია ჩემი პოზიციისგან და ალბათ, ხვდებით რომელ პოლიტიკურ ძალასთან გრძნობენ კომფორტულად თავს, იმ ექსპერტებსაც კი არ დაუსვიათ ეს შეკითხვა გახარიასთვის. ღირდა, ალბათ, ამ შეკითხვის დასმა იმიტომ, რომ გახარია საუბრობდა თავის სამომავლო გეგმებზე, რომელიც დაკავშირებულია 20–21 ივნისის მოვლენების გამოძიებასთან.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მე ვთქვი, რომ მის ადგილას გადავდგებოდი, მაგრამ მას მერე ჩემი პოზიცია შეიცვალა და გეტყვით რატომ. როდესაც გახარიამ სრულად თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ჩავთვალე, რომ ამ ადამიანის ვალდებულებაა ყველაფერი მიიყვანოს ბოლომდე და საზოგადოებას ამცნოს რა მოხდა რეალობაში 20–21 ივნისს და მხოლოდ ამის მერე უნდა გადადგეს ან დარჩეს.
თუმცა ძალაშია მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ...
– ჩემთვის დღევანდელი აქციის მონაწილეების ფრაზა – გადადექი, არის კაპრიზი. მათ პოზიციას მუდმივად ამაგრებს „ნაციონალური მოძრაობის“ მითითება თუ არა, ყოველ შემთხვევაში ნააზრევი. ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე როგორ დასდევდა სალომე სამადაშვილი პარლამენტის კორიდორებში გახარიას და ეძახდა უნდა გადადგეო. ეს მაშინ, როდესაც ჯერ აქციის დაშლა არ იყო დაწყებული. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა, რომელმაც ამხელა პასუხისმგებლობა აიღო, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას წარუდგინოს ფაქტები იმის შესახებ, რა მოხდა 20–21 ივნისს.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არაერთხელ მინახია არაერთი სკანდალური საქმე, რომელთაც სამართლებრივი შეფასება ჭირდებოდა, მაგრამ იმიტომ, რომ კოლექტიური პასუხისმგებელი და მზრუნველი ჰყავდა, საქმე ჩაიფარცხა. საბოლოო ჯამში, თავს და ბოლოს ვერ გაიგებდი. ამ შემთხვევაში არის კონკრეტული პასუხისმგებელი პირი და მან აგოს ბოლომდე პასუხი.
გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე თუ იყო წარმოდგენილი დოკუმენტალური და ვიდეო სახის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ რეალურად მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება? ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ 20 ივნისს პარლამენტში საშვების დაშვების რაოდებობამ პიკს მიაღწია...
– მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით გარკვეულ კონფიდენციალურობაზე, ყოველ შემთხვევაში ამის თაობაზე ისაუბრა მინისტრმა. შემიძლია გითხრათ, რომ ვიდეო კადრები ჩვენ არ გვინახია, მაგრამ გვითხრეს, რომ ასეთი ვიდეო კადრები არსებობს და რამდენიმე აღგვიწერეს კიდევაც შინაარსის თვალსაზრისით. რაც შეეხება საშვების დაშვებას და რაოდენობას, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, მათ შორის დროზე, ვინ როდის შემოდიოდა, როგორი მობილიზაცია გამოცხადდა იმ წუთებში ოპოზიციური ძალების მიერ. სხვათა შორის, ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ, რომლის გახმოვანება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე შეუძლებელია. ჩვენს მიერ სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება რომ მაინც ყოფილიყო განსაზღვრული, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, უტყუარი დოკუმენტალური ფაქტები არ წამოუდგენია.
მიუხედავად კონფიდენციალურობისა, გახარიასთან შეხვედრაზე გაგიჩნდათ განცდა, რომ რეალურად საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალებასთან?
– რად მინდოდა მაგისთვის გიორგი გახარიასთან შეხვედრა? ჩვენ ხომ პრეცედენტებით ვაზროვნებთ? ამის პრეცედენტები იყო ჩვენს სახელმწიფოში, დაახლოებით ამავე შინაარსით და ფორმით. ერთ–ერთში მეც ვიღებდი მონაწილეობას, 1991 წელს ოპოზიციის მხარეს ვიდექი. სამწუხაროდ, ჩვენ გადავდგით დაუფიქრებელი ნაბიჯი, მაგრამ მოვახერხეთ მაშინ ხელისუფლების დამხობა. მაშინდელი ბევრი ჩემი საქციელი საკუთარი თავისთვისთვის დღემდე არ მიპატიებია.
რად მინდოდა ამისთვის გახარიასთან შეხვედრა, მე ხომ ვხედავდი, რომ ხელწერა იყო იგივე, რაც იმ წლებში – 2003 წელს. აბსოლუტურად იგივე ხდებოდა 2003 წელს - პარლამენტში შეჭრა - იგივე ხდებოდა ახლაც. გაზაფხულის დაწყებიდან ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ მუდმივად სკანდალის რეჟიმში გვეცხოვრა, პანკისის ხეობიდან დაწყებული, მუდმივი მტკიცება იმისა, რომ ხელისუფლება არის სუსტი, ხელისუფლება არის დამნაშავე და ა.შ. პარლამენტში შესვლის მიზანი იყო, ეჩვენებინათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება იმდენად სუსტია, ჩვენ პარლამენტში შევედით. გეგმა იყო - შესულიყვნენ და პარლამენტის სკამები დაეკავებინათ. იმის შნო, რაც მიშამ გააკეთა, ამათ არ აქვთ.
შეხვედრაზე თუ იყო საუბარი გოგონაზე, რომელმაც მხედველობა დაკარგა და რომელიც ოპოზიციის ერთ–ერთი კოზირია გახარიას წინააღმდეგ?
– იყო ამის თაობაზე საუბარი, მაგრამ ზუსტადაც რომ, კონფიდენციალურ თემას განეკუთვნება, მე არ მაქვს უფლება მოვყვე, იქ რა ხდებოდა რეალურად.
თუ მიიღეთ დაპირება გახარიასგან, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველა, ვინც ჩართული იყო, იქნება დასჯილი, არ აქვს მნიშვნელობა დეპუტატი იქნება, პოლიტიკური პარტიის წევრი, თუ რიგითი მოქალაქე?
– მივიღეთ ამის დაპირება და სხვათა შორის მივიღეთ ინფორმაცია რა ტიპის გადაცდომები ჰქონდა პოლიციას. დეტალურად იყო ამაზე საუბარი. მაგრამ ჩვენ კრიტიკულ პოზიციაზე დავდექით. ჩვენ არ მოგვწონს ტემპი და კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ დროზე მიიყვანონ ეს საქმე ბოლომდე, რომ საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ფაქტებით, რა ხდებოდა. შეიძლება, ეს არ იყოს დასრულებული სახით, მაგრამ ის სეგმენტი გამოძიებისა, რომელიც დასრულებისკენ მიდის, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდეს საზოგადოებას. მით უმეტეს, რომ აქ არ არის ინტერესთა კონფლიქტი. პროკურატურა იძიებს პოლიციელების საქმეს და ამ ეტაპზე, რისი დემონსტრირებაც შეიძლება, იმის თქმა საჭიროა საზოგადოებისთვის. ამაზე დაგვეთანხმა მინისტრი.
რაც შეეხება რეზინის ტყვიების გამოყენების აუცილებლობას, წარმოგვიდგინეს მასალები იმის თაობაზე, როგორ ხდებოდა მისი გამოყენება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. დოკუმენტალური საბუთები წარმოგვიდგინეს იმის თაობაზე, რომ ეს ტყვია არ არის ლეტალური. აგვიღწერეს ამ ტყვიის მოქმედება, აგვიხსნენს რატომ ჰქონდა ზოგიერთ დაზარალებულს ზურგი ბევრ ადგილას დაზიანებული. როგორც გვითხრეს, საფანტის პრინციპით მუშაობს ზოგიერთი ტყვია.