პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გაბუნიას მონოლოგს რუსეთი რეაქციის გარეშე არ დატოვებს, მაგრამ ეს არ იქნება ომი. საყვარელიძე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან მიმართებაში არჩეული აქვს ჰიბრიდული ომის სტილი. დღეისთვის რუსეთის ამოცანები არის ანაკლიის პორტის მშენებლობაში ხელის შეშლა და საქართველოს გამოცხადება არასტაბილურ ქვეყნად, რადგან არასტაბილურ ქვეყანაში ფულს ინვესტორი არ ჩადებს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
P.S–ის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება და საზოგადოების რეაქცია მედიაექსპერტებმა შეაფასეს, როგორც თავისული სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორ შეიძლება აიხსნას გიორგი გაბუნიას ქმედება, რა სახის პროვოკაცია დაგეგმა და განახორციელა „რუსთავი 2“–მა?
რამაზ საყვარელიძე: ნება მომეცით თქვენს კითხვაზე პასუხი ერთი დეტალით დავიწყო. ანალოგიურ თემაზე presa.ge–მ გამოაქვეყნა თითქოს ჩემი „ფეისბუქპოსტი“, სადაც დაახლოებით ასეთ რამეს მომაწერენ: „ქართველი ერი მშიშარა ერია, ერი, რომელიც ომს გაურბის, ერი არ არის და ა.შ.“ მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ ვარ „ფესიბუქ“ მომხმარებელი, არ მაქვს ურთიერთობა „ფესიბუქთან“, რაც მთავარია, ეს არ არის ჩემი სტილი. მირჩევნია ვიღაცამ ჩემი აზრის გამო მაკრიტიკოს და არა იმაზე, ვიღაცამ რაღაცა მომაწერა.
Presa.ge ცალკე თემაა, რომლის ამჟამინდელმა რედაქტორმა თავის დროზე, მერაბიშვილის და გურამ დონაძის დახმარებით დაისაკუთრა ეს გამოცემა და ახლა საუბრობს, როგორც მისი დამფუძნებელი...
– აბსოლუტურად გეთანხმებით და გვახსოვს ეს პროცესები. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ვცდილობდი არ ჩავრთულვიყავი შეფასებებში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ პროცესში შეფასებების გამო, შეიძლება ბევრ რეალურ გულანთებულ ადამიანებს ატკინო გული და მეტი არაფერი. ერთი რამ ცხადია, თუ ვინმეს აწყობს დღეს საქართველოსთვის არასტაბილური იმიჯის შექმნა, ეს უპირველეს ყოვლისა არის რუსეთი. არა იმიტომ, რომ რუსეთი, ზოგადად, საქართველოს ერჩის, არამედ მას კონკრეტულად ამ მომენტისათვის აქვს საქართველოში გადასაწყვეტი მთელი რიგი პრობლემები.
რა პრობლებები აქვს საქართველოსთან გადასაწყვეტი, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, არაფერს ვამბობ მცოცავ ოკუპაციაზე?
– დღეისათვის რუსეთის ამოცანები არის ანაკლიის პორტის მშენებლობაში ხელის შეშლა; საქართველოს გამოცხადება არასტაბილურ ქვეყნად და ასევე, - ირანის საკითხში ამერიკის საქართველოსთან პარტნიორობისთვის ხელის შეშლა. მოგეხსენებათ, პომპეომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ამერიკა დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობით, ანაკლიის პორტს კი, ინვესტორებმა უნდა მისცეს ფული. არასტაბილურ ქვეყანაში კი, ფულს არავინ არ ჩადებს. ამიტომ, თუ ვინმეა დაინტერესებული არასტაბილური ქვეყნის იმიჯი შეექმნას საქართველოს, რათა იქ ინვესტორებმა ფული არ ჩადონ, ეს არის რუსეთი.
თუ დავაკვირდებით რუსულ პრესას, გამოყენებულია ფრაზა, რომ საქართველო არის არასტაბილური ქვეყანა. ტურისტები იმიტომ კი არ გაიწვია, რომ ძალიან გული შესტკივა, არამედ იმიტომ, რომ შექმნას არასტაბილური ქვეყნის განცდა. ასე რომ, თუ დავუფიქრდებით ვის აწყობს არასტაბილურობის იმიჯის შექმნა, უდავოდ მივალთ რუსეთთან. ასევე, არასტაბილურობის წისქვილზე ასხამს წყალს გაბუნიას მონოლოგი. გაბუნიას გუშინდელი გამოსვლა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც უფრო აგინებს რუსეთს, ეს რუსეთს არაფერს დააკლებს, ნაფურთხს ჩამოიწმინდავს, მაგრამ მისცემს სანქციების გაძლიერების საბაბს.
გაბუნიას განცხადების მიზნად სახელდება ერთი მხრივ ის, რომ შეექმნა არასტაბილურობის განცდა და მეორე მხრივ იმ ვითარების შენარჩუნება, რაც რუსთაველზე ხდება. მაგრამ ასევე არის მნიშვნელოვანი მოვლენა, 18 ივლისს ცნობილი გახდება სტრასბურგის განაჩენი „რუსთავი 2“–თან მიმართებაში. გამორიცხავთ, რომ გაბუნიამ მიზანმიმართულად წინასწარ შექმნა ვითარება, რაც ვიხილეთ?
– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გაბუნია ძალიან სერიოზულ ფიგურად გამოვაცხადოთ, რომელსაც ასეთი გამოკვეთილი მიზნები ჰქონდა. ოდნავ მაინც ეფიქრა იმაზე, რას აკეთებდა, დაინახავდა, რომ ყველაზე უფრო მეტად მისმა გამოსვლამ ავნო ჯერ „რუსთავი 2“–ს, მერე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მერე იმათ, ვინც შეკრებილია მიტინგზე, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა. არა მგონია, გაბუნიას მიზანი ყოფილიყო ასეთი მიზანის გამოწვევა.
მისმა გამოთქმამ ის შედეგი არ გამოიწვია რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. ეს კარგად გამოჩნდა სააკაშვილის და გვარამიას რეაქციაზე. მათ სასწრაფოდ უარი თქვეს გაბუნიას მხარდაჭერაზე. ამიტომ არა მგონია, რომ აქ ძალიან ღრმა ჩანაფიქრთან გვქნოდეს საქმე. ამიტომ შეიძლება იყო ასეთი გეგმა – აიმღვრეს წყალი და მერე ამ მღვრიე წყალში საკუთარი გეგმის განხორციელება. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ჩანაფიქრიც იყოს.
ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილ განცხადებაზე რუსეთის ბაზარზე ფეკალური მასის გაგზავნასთან დაკავშირებით, ვიცით, როგორი იყო რუსული პოლიტიკური ელიტის პოზიცია, ჩვენ მივიღეთ დეპორტირებული და ამავე დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები. გაბუნიას მონოლოგი იყო გაცილებით მძიმე, ვიდრე ოქრუაშვილის განცხადება. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური გაგრძელება? ვსაუბრობთ ვლადიმერ პუტინზე, რომელსაც სწყურია სისხლი და ომი...
– გარდა მაგისა, რომ ომი სწყურია და ეს მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არის, სააგენტოებში წერენ, რომ ომი იქნება, ომის გეშინიათ და ა.შ. – ჯერ ერთი, ვის, ვის და ქართველს არ ეკუთვნის ეს საყვედური, საქართველომ სამი ომი გადაიტანა რუსეთთან. ძნელია სხვა ქვეყნის მაგალითი მოიყვანო, რომელსაც ამდენი შეუპოვრობა გამოევლინოს რაც საქართველომ გამოავლინა აფხაზეთის, მანამდე ოსეთის და ბოლოს 2008 წლის ომში. თუმცა ამ ომებში შეშინებული ქართველებიც ვნახეთ - ნაციონალების პოლიტიკური ლიდერი როგორ გარბოდა თვითმფრინავის დანახვის შიშით, ეს ის პოლიტიკური ლიდერია, რომლის პოლიტიკური ლიდერები გვიკიჟინებენ შიშზე, მაშინ, როდესაც ქართველი ბიჭები გმირულად იბრძოდნენ. რა შიშზეა საუბარი, საუბარია იმაზე უნდა ეშინოდეს თუ არა ქართველს ომის. ქართველს კი ომის არასოდეს არ ეშინია, უაზრო ომი არ უნდა ქართველს და იმიტომ გამოვიდა საპროტესტო აქციაზე „რუსთავი 2“–თან ამდენი ადამიანი.
უაზროდ გაკეთებული კარგი საქმეც კი ფუჭდება. ამიტომ ეს ბრალდებები, რომ ხელისუფლება პრორუსულია და ა.შ. არ ჯდება ლოგიკაში. გადავხედოთ მსოფლიოს, რუსეთთან ღია ომს ყველა ერიდება, ყველა პრორუსია? მაგრამ ასე აწყობს დღევანდელ ოპოზიციას. სამწუხაროდ, ასეთი რიტორიკა დაგვჩემდა ჩვენ. ვერ ვიტყვი, რომ ჭკვიანური რიტორიკაა. იმიტომ, რომ რუსეთის საქმე ვინც გააკეთა, ეს უპირველს ყოვლისა ის პარტიაა, რომელიც პრორუსულობას ხელისუფლებას აბრალებს. 20% მიწების გადაულოცა რუსეთს, თან ისე, რომ ბოდიში არ მოუთხოვია ქართველებისთვის იმაზე, რაც ჩაიდინა. ასე რომ, ვის პრორუსულობაზეა ლაპარაკი, როცა რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები აგერ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან მეორე დღეს, რუსეთს მმართველობაში გადაეცა ენგურჰესი, მერე მთავრობის დადგენილებით გრიფით „საიდუმლო“ დაედო ამ დოკუმენტს...
– დღევანდელი ხელისუფლების ერთ–ერთი დიდი ნაკლი ისიც არის, რომ მხოლოდ ჟურნალისტები საუბრობენ რა პროექტები გადაეცა რუსეთს იმ წლებში. ვინ მოქმედებდა რუსეთის სასარგებლოდ და ვინ რა საგებელი ნახა ამით, ამის გამოძიება ხელისუფლებას არ ჩაუტარებია. ამიტომ, ამ ხელისუფლებას ზუსტად უბრუნდება ის, რისი თუ შეიძლება ითქვას, ღირსიც არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხელისუფლებად, არის კიდევ ქვეყანა, იმან რა დააშავა.
ბატონო რამაზ, სამხედრო მოქმედებების საფრთხე რამდენად დიდია? აქცენტი კეთდება ომის საფრთხეზე...
– რუსეთის სამხედრო მოქმედებების პერსპექტივა ამ ფონზე გამორიცხულია, არა იმიტომ, რომ რუსეთი კეთილია, არამედ რუსეთის სამხედრო მანქანის ამოქმედებას გამადიდებელი შუშით უყურებს მთელი მსოფლიო და რუსეთს არ სჭირდება მორიგი პრობლემა – სამხედრო ინტერვენციის პრობლემის გაჩენა უკრაინის გვერდით. მას დღს ჰიბრიდული ომის სტილი აქვს არჩეული და ამ ომში შეიარაღებას გვერდზე დებენ და მოქმედებენ სხვა იარაღით – ეკონომიკით, პროპაგანდით. რა თქმა უნდა, გაბუნიას გამოსვლას რუსეთის მხრიდან ექნება რეაქცია, მაგრამ არა ომი.
საქართველოს იმიჯის გაფუჭება კარტ-ბლანშია რუსეთისთვის. ერთი საქმეა ევროპული სახელმწიფოს წინაღმდეგ აგრესია და მეორე ველურების დასჯა.
რატომღაც მგონია, რომ მიდის საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების პროცესი და ნაციონალური მოძრაობა ასრულებს ვიღაცის დავალებას.