“ჩემი ქართველი მეგობრები მწერენ რუსეთიდან, ყველა რუსული საინფორმაციო გამოშვება, ამ ნიუსით იწყებაო…ხვალიდან ქუჩაში ვეღარ გავალთ, ისევ დაიწყება ქართველების რეპრესიებიო!
გაბუნია-უტვინო!!!”, – ამის შესახებ ფილოლოგიის მიცნიერებათა დოქტორმა ხათუნა ჟორდანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გუშინდელი ეთერის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
7 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინსა და მისი გარდაცვლილ მშობლების საფლავებს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდეგ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი აუცილებლად მიიჩნევს, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობის გაყინვას“ ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ.
„საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად „დაეშვა ფსკერზე“, რომ ძალიან ძნელი იქნება კიდევ რაიმე გაგვიკვირდეს. დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო პერსონაჟი გაბუნია. მაგრამ ბოდიში არ გაგვიგია. როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე პაუზა გაიწელა. იქნება გაგრძელება“, – დაწერა პრიმაკოვმა თავის „ტელეგრამ-არხში“.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება.
„მაგრამ სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე – სანქცია, კიდევ სიბინძურე – კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები“, – დაწერა პარლამენტარმა.