ტელეკომპანია “რუსთავი 2” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, გადაცემის „სახალხო კონტროლი“ წამყვანი მადონა კოიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა. კოიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგი ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
“ჟურნალისტიკა და ჟურნალისტი საზოგადოებას და ქვეყანას ემსახურება!!! არსებობს ზღვარი და ჩარჩოები!! !მრცხვენია!!! დღეს გიორგი გაბუნია ზღვარს გადასცდა!!! მისი გამოსვლა ქვეყნის ღალატის ტოლფასია!!!”, – წერს მადონა კოიძე სოციალურ ქსელში.
7 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინსა და მისი გარდაცვლილ მშობლების საფლავებს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდეგ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული.„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთი კატეგორიულად გმობს ამ უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას“.