გუდაუთაში 26 ივნისს გამართული “ქურდების” შეკრება ჩხუბით დასრულდა. “შეკრებაზე” სოხუმელი და გუდაუთელი “კანონიერი ქურდები” იყვნენ. 46 წლის ყოფილი ქურდი” თემურ ახუა, იგივე "დინრიდი", სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დინრიდს სტატუსის აღდგენა უნდოდა, რომელიც ორი წლის წინ გუდაუთელმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა შეუჩერეს, რომლებიც, აფხაზეთში ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდის” ბორის აფაქიას რუსეთში ემიგრირების შემდეგ აფხაზეთში კრიმინალურ ვითარებას განაგებენ.
“გუდაუთის დაჯგუფებაში” არიან რაულ ბარცბა (პიზა), ასტიკ შამბა და ჰასიკა აბიძბა. ამ უკანასკნელებმა, რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთში სრული ჰეგემონიის მისაღწევად სოხუმელი “ქურდები” თემურ გვასალია (მაკოლია) და მისი ნათესავი "დინრიდი", ასევე, 72 წლის “ქურდი” ვალერა ხაშბა ცემეს. ამ უკანასკნელს, ორი წლის შემდეგ რუსეთიდან სპეციალურად სამშვიდობო მისიით ჩამოსული იურა ახალაიას ჩარევის შემდეგ, სტატუსი ხელახლა აღუდგინეს.
ვალერას შემთხვევით გულგამხნევებულმა "დინრიდმა", თავადაც მოინდომა სტატუსის აღდგენა, რომელიც, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, სულ სხვა შედეგით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, "დინრიდმა" პირველმა დაარტყა რაულს, რომლის შემდეგადაც მას თავს დაესხნენ "პიზა", "ასტიკი" და "ჰასიკი". ასევე, გუდაუთის “ზედამხედველი” ასმატურ გამბა, იგივე "სიასია". ყველაფერი სხვა “ქურდების” თვალწინ ხდებოდა.
კონფლიქტის მიზეზი მერაბ ჯანგველაძე და მისი ნათლულები არიან, რომლებიც აფხაზი “კანონიერი ქურდების” ნაწილისთვის ავტორიტეტს წარმოადგენენ, ნაწილი კი მათ სტატუსს არ აღიარებს.