გიგი უგულავამ, რომელმაც გამოკითხვაზე მისვლა არ ისურვა, ,,ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად, გვიან ღამით ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. უგულავა თბილისში კვირას დაბრუნდება. ამასთანავე, შსს სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა გამოკითხვაზე მისვლას არცერთი არ აპირებს. მათი განცხადებით, გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.
20 ივნისის „გავრილოვის ღამის" მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით აგრძელებს, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით. გენერალური პროკურატურის განცხადებით, 20 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში იმყოფება, თუმცა ამბობს, რომ „თუ მისი დაკითხვა სასწრაფოა," ის მზადაა საქართველოში დაბრუნებამდე დისტანციურად გასცეს პასუხები გამოძიებას, მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით. ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა შსს-ს წერილობით მიმართა და საგამოძიებო პროცესში მონაწილეობაზე მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით, თანხმობა ჯერ კიდევ 21 ივნისს განაცხადა, თუმცა აღნიშნული უპასუხოდ დარჩა. ამასთან, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო ოქრუაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების თაობაზე წინასწარ იყო ინფორმირებული.
ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს: „ეს უკვე მოტყდა? საზღვარგარეთ მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ს სთავაზობს, „თუ მისი დაკითხვა სასწრაფოა", გამოძიების კითხვებს დისტანციურად უპასუხოს" - დაწერა მეტრეველმა.
ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, დღეს პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდება, რომელიც 20 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს. ოპოზიცია დადგენილების დღის წესრიგში შეტანას პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოითხოვს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.