„წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა ბრძოლა, როდესაც კარგად მომზადებულ სპეცრაზმელს ფარს წაართმევ, ანუ აქეთა მხრიდანაც იყო სერიოზულად მომზადებული ხალხი“

„წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა ბრძოლა, როდესაც კარგად მომზადებულ სპეცრაზმელს ფარს წაართმევ, ანუ აქეთა მხრიდანაც იყო სერიოზულად მომზადებული ხალხი“

ხელისუფლება ირწმუნება, რომ 20 ივნისის დარბევა არ ჰგავს 9 აპრილს, 7 ნოემბერს და 26 მაისს, რადგან 20 ივნისს განხორციელდა ორგანიზებული შტურმი პოლიციაზე და სამართალდამცავებს სხვა გზა არ ჰქონდათ. სხვაგვარად ფიქრობენ დარბეულები და მიიჩნევენ, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია რუსთაველზე აქციების დარბევა და, თუ რუსთაველზე დარბეული გაქვს აქცია, ეს ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე.

20 ივნისის ღამის შესახებ For.ge საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილ სარდალს ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

კითხვა კითხვად რჩება - რატომ არ გამოიყენეს იმ ავბედით ღამეს მარტივი საშუალებები - წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი? რატომ იყო გარდაუვალი სპეცრაზმის ჩართვა საქმეში, რის შედეგადაც ვიღებთ ისეთ სისასტიკეს, რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, 20 ივნისს?

- ვინც ვიდეომასალები ნახა, რაც ხდებოდა პარლამენტთან, ის დარწმუნდება, რომ, როცა ხელჩართული ბრძოლაა პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის, იქ წყლის ჭავლის გამოყენება შეუძლებელია. ვის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ წყლის ჭავლი - პოლიციელებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ერთდროულად? იმ ღამეს დაახლოებით საათნახევრის, ორი საათის განმავლობაში გახლდით პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით ვადევნებდი მომხდარს თვალს და მხოლოდ იმას ვხედავდი, რასაც კამერები აჩვენებდნენ, მაგრამ დამატებით კიდევ ვნახე უამრავი ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, მიმდინარეობდა ხელჩართული ბრძოლა პარლამენტში შესაღწევად. ზუსტად არ ვიცოდი დაშავებულ პოლიციელთა რაოდენობა, ვიდეოებში ჩანდა, რომ რამდენიმე პოლიციელი გამოიყვანეს პოლიციელთა რიგებიდან და არცთუ ისე რბილად ექცეოდნენ. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გადაფარებოდნენ ერთეულ სპეცრაზმელებს, მაგრამ იყვნენ აგრესიულებიც. ვიდეოებში მკაფიოდ ჩანდა 40-50 ფარი და რეზინის ხელკეტები, რომლებიც პოლიციელებს აართვეს მომიტინგეებმა.

წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე ბრძოლაა, როდესაც კარგად მომზადებულ სპეცრაზმელს ფარს წაართმევ, ანუ აქეთა მხრიდანაც იყო სერიოზულად მომზადებული ხალხი. თუ დააკვირდებით, ფარის წართმევის როგორ ტაქტიკას იყენებდნენ, ესეც საინტერესო იყო. ადამიანებმა იცოდნენ, როგორ უნდა წაერთმიათ ფარი.

ცხადია, იყო ცალკეული აგრესიული გამოვლინებები, მაგრამ მთავარია, რომ 20 ივნისის ღამეს უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ.

- ვითარება ობიექტურად შესაფასებელია, არ შეიძლება მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური სიმპათიებიდან გამოვიდეთ. ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერში ჩართვებზე იყვნენ სახალხო დამცველი, საია-ს ხელმძღვანელი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები. მათ ცალსახად აღიარეს, რომ პარლამენტთან არსებული დაპირისპირება იყო ძალადობა. ეს იყო სწორედ აქციის საწყისი წერტილი. იქ ჩანდა, რომ გარღვევის პირას იყო პოლიცია. არ არის გამორიცხული, რომ იყო გარღვევის საშიშროება და სწორედ მაგ დროს მიიღეს სხვა მეთოდების, ანუ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება. პოლიციას მოუწია ქუჩაში გამოსვლა. ქუჩაში გამოსვლამდე კი ჩვენ ვნახეთ, რომ ორჯერ მოიგერია პოლიციამ მომიტინგეები, რომლებიც ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ არ გააფრთხილა მომიტინგეები, უბრალოდ, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

მესმის პოლიტიკოსების დღის წესრიგი, მაგრამ ადამიანებმა კარგად უნდა ნახონ ვიდეომასალები და გააანალიზონ ყველაფერი. არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მედიასაშუალებებით გაკეთებული განცხადებები არ გაუგიათ მომიტინგეებს, რადგან მათ ყველას მობილურები ეჭირათ ხელში. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები კანონის წინაშე არა, მაგრამ მორალურად მაინც არიან პასუხისმგებელნი იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც მიჰყავდათ აქციაზე. როცა ორგანიზატორები გადაწყვეტილებას იღებდნენ შტურმთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, თვითონვე იყვნენ ვალდებულნი, თავიანთი მომხრეები გაეფრთხილებინათ, გადავდივართ შტურმზე და, ვისაც არ გსურთ მონაწილეობის მიღება, გაერიდეთო. ისინი ვალდებულნი იყვნენ, გაერიდებინათ ასაკოვანი ხალხი, ბავშვები და გოგონები, ეს არ მოხდა, ამიტომ აქ ბრალეულობა ყველას მხარეზეა. ორჯერ დაშლის შემდეგ მესამედაც რომ მიბრუნდნენ მომიტინგეები, პოლიცია გამოვიდა პარლამენტიდან და დაიწყო შემდეგი ფაზა.

სწორედ ამ ფაზას უკავშირდება პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება და ალექსანდრეს

 ბაღში გაქცეულების მიდევნება.

- თუ რა ხდებოდა ამ პერიოდში, ეს გამოძიების დასადგენია. ჩვენ არ გვაქვს წვდომა არანაირ მასალებთან, არც ის ვიცით, რა ხდებოდა პარლამენტის შიგნით, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, არც ის ვიცით, ადგილიდან ხომ არ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება; ასევე, არ გვაქვს წვდომა მთლიანად რუსთაველის გამზირის მთელ სივრცეზე რა ხდებოდა, თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე. ამის შესახებ სურათს მხოლოდ ფრაგმენტულად ვიღებდით. ამიტომ ფრაგმენტულად იმის შეფასება, რატომ გავიდა პოლიცია გამზირზე და რატომ მოხდა მიდევნება, საკმაოდ რთულია. ჩვენ ვიხილეთ უამრავი მასალა, სადაც ხდება მოსახლეობის შეურაცხყოფა, ვიდეოში ასაკოვან ქალბატონს მძიმე საგანს ესვრიან, ვიხილეთ პოლიციის, სპეცსამსახურების გადაბრუნებული მანქანები, თავდასხმა პოლიციელებზე, რომლებიც არ იყვნენ სპეცრაზმელები და, საერთოდაც, ყოველგვარი იარაღისა და აღჭურვილობის გარეშე იყვნენ.

ჯერჯერობით ვხედავთ ხელისუფლების მზადყოფნას, გამოძიებაში ჩაერთოს სახალხო დამცველი. სხვა პროფილურ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მოიწვიონ სპეციალისტები უცხოეთიდან. გვაქვს ძალიან მძიმე შედეგი, მოსახლეობის დიდი ნაწილი, 150-ზე მეტი მომიტინგე და 80-ზე მეტი პოლიციელი დაზიანდა. ეს ყველაფერი გასარკვევია და დასასჯელი უნდა დაისაჯოს. ოღონდ ეს ინდივიდუალურად გასარკვევია. ხვალ-ზეგ შეიძლება სხვა ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ისე არ უნდა მოხდეს, პოლიციას მივცეთ ბრძანება და პოლიცია დაფიქრდეს - შევასრულო თუ არა ეს ბრძანება. ეს არ ნიშნავს, ვიღაცას ეპატიოს ინსტრუქციების დარღვევა, ცალკეულ პოლიციელს არ უნდა ეპატიოს, თუკი მას დაავიწყდა, რომ ადამიანთან აქვს საქმე. პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება, ჩვენ ვიხილეთ პოლიციელთა მხრიდან თმენის ვალდებულება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ცოტა დამცინავია პოლიციელთა მიმართ, როდესაც მათ წინააღმდეგ მიმართული ფარები, დაფები, რკინები თურმე არ ყოფილა იარაღი, რეზინის ხელკეტი და რეზინის ტყვია კი თურმე იარაღი ყოფილა. როგორც რეზინის ტყვიით შეიძლება მოკლა ადამიანი, ანალოგიურად შეიძლება რკინის კონსტრუქციითაც მოკლა, მით უმეტეს, როცა პოლიციელს ფარს წაართმევ.

ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა მათზეც არის, ვინც იერიშის მიტანა სცადა პოლიციელებზე, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიციელი გავალახინოთ მოქალაქეებს, მაშინ აღარ არსებობს სახელმწიფო. სხვათა შორის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ჩადგა ორი-სამი ადამიანი ხელებაწეული, გმირობის ტოლფასად და ამ ადამიანებს ცალკე უნდა ვუთხრათ მადლობა.

ნაციონალებისინტერესზე არაფერს ვამბობ, მაგრამ უბრალო მომიტინგეები აცხადებენ, რომ ისინი ბავშვებით გამოდიოდნენ რუსთაველზე და, თუ გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ, ბავშვებს მაინც დატოვებდნენ სახლში. თუ ვინმეს გადატრიალების მოწყობა უნდოდა, რატომ არ დასაჯეს გადატრიალების მომწყობნი და გამვლელ გოგონას რატომ დაუმიზნეს თვალში რეზინის ტყვია? რატომ არ გააცნობიერეს, რომ თავიდანვე იყო შეცდომა დაშვებული, როცა გავრილოვი ჩამოიყვანეს საქართველოში?

- გავრილოვთან შეხვედრა საერთოდ არ უნდა შემდგარიყო პარლამენტში და ეს წინასწარ უნდა გაეთვალათ. ის, რომ ამ ასამბლეის ფარგლებში მიღებული ყოფილა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ღონისძიების გამართვა და საბერძნეთშიც თურმე გავრილოვი იჯდა სპიკერის სავარძელში, არ არის არგუმენტი. რუსებს ავიწყდებათ, რომ საბერძნეთის ტერიტორიები არ აქვთ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიები კი მათგან ოკუპირებულია. ჩვენ რომ გვქონდეს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, გინდა გავრილოვი ჩამოვიდეს, გინდა ზიუგანოვი და გინდა პუტინი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ეს არის გაყინული საომარი მდგომარეობა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ არ შესრულებულა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება.

შეიძლება, გავრილოვის ჩამოსვლის ფაქტი გაპარვოდა ჩვენს საზოგადოებას და არც არავის მიექცია ყურადღება, მაგრამ აქაც სპეკულაციები დაუშვეს, დაელოდნენ, როდესაც გავრილოვი მაინცდამაინც სპიკერის სავარძელში დაჯდებოდა. რიგითი დეპუტატის სავარძელში რომ დაჯდა, ეს ნაკლები დანაშაული იყო?

ჩვენს სპეცსამსახურებს რატომ გამორჩათ რას გამოიწვევდა გავრილოვის შემოშვება?

- სპეცსამსახურმა რა უნდა გააკეთოს, როცა საპარალამენტო სახელმწიფოში პარლამენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. თუნდაც არ იყოს საქართველო საპარლამენტო სახელმწიფო, მთავარია, რომ ჩვენი პარლამენტი იწვევს გავრილოვს და ატარებს ამ ღონისძიებას. სპეცსამსახურის საქმეა, შეამოწმოს და უზრუნველყოს, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმრები არ იყვნენ დაკავებულნი სადაზვერვო საქმიანობით, სპეცსამსახურებმა მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ, რომ თავი არავინ გაუტეხოს. თორემ სპეცსამსახური პარლამენტს ვერ აუკრძალავს სხდომის ჩატარებას, პირიქით, პარლამენტს შეუძლია რამე აუკრძალოს სპეცსამსახურს. ამიტომ ეს ყველაფერი იმ ხალხს უნდა გაეთვალა, რომლებაც აიღეს გავრილოვის ჩამოყვანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, რუსებმაც ააგორეს დიდი პრობლემა, თითქოს ბომბი ვესროლეთ რუსეთს და ემბარგო გამოგვიცხადეს. ემბარგოს სახელმწიფოები მსგავს სიტუაციებში არ უცხადებენ ერთმანეთს. ჩვენმა სპეცსამსახურებმა საკმაოდ უსაფრთხოდ გაიყვანეს გავრილოვი ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ემოციებს, ამის შესახებ რუსეთმა კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ არის ასეთი ემოციები. აქ არის მთელი უტიფრობა, რომ რუსეთს ამის გაგება არ სურს და ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ისეთი თბილი ურთიერთობები იყო, რომ გასაკვირია, რატომ დავუშავეთ გავრილოვს და როგორ გავაძევეთ ის ქვეყნიდან. უტიფრობა და მტრული დამოკიდებულებაა, რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენს ორ რეგიონთან მიმართებით. როგორც ჩანს, რუსები მიზეზს ეძებდნენ, მათთვის საფრთხის შემცველი იყო ტურიზმის ზრდა საქართველოში, რადგან დადებითი ემოციებით ჩადიან საკუთარ სამშობლოში რუსები და თავის ქვეყანას აკრიტიკებენ. რუსი ტურისტები თავად რუსეთისთვის აღმოჩნდნენ რბილი ძალა და რუსეთის ხელმძღვანელობამ ეს ვერ აიტანა.

 

თამაზი წაიკითხეთ ნაცებო, ევრო ნაცებო და მომიტინგეებო, იქნებ რამე გაიგოთ.
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com kargi statiaaa...
4 წლის უკან