1945 წლის შემდეგ პირველად გერმანიაში რადიკალებმა ჩინოსანი მოკლეს

1945 წლის შემდეგ პირველად გერმანიაში რადიკალებმა ჩინოსანი მოკლეს

გერმანიის პოლიციამ დააკავა 2 ადამიანი, რომლებსაც კასელის ადმინისტრაციული ოლქის (ჰესენის ფედერალური მიწა) ხელმძღვანელის ვალტერ ლიუბკეს მკვლელობაში თანამონაწილეობა ედებათ ბრალად. გერმანული მედიის ინფორმაციით, ცნობილი მუნიციპალური პოლიტიკოსი, რომელიც ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი იყო, 2 ივნისის ღამით საკუთარი სახლის ვერანდაზე მოკლეს.

15 ივნისს მკვლელობის ბრალდებით 45 წლის შტეფან ერნსტი დააკავეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა მემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებებში შედიოდა. მისი დნმ-ის ანალიზი ვალტერ ლიუბკეს ტანსაცმელზე აღმოჩენილი დნმ-ის იდენტური იყო.

25 ივნისს ერნსტმა აღიარა მკვლელობა, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოტივები ჰქონდა. დღეს დაკავებული ორი ადამიანისგან ერნსტმა მკვლელობის იარაღი იყიდა.

ფართო საზოგადოებამ ვალტერ ლიუბკე 2015 წლის შემოდგომაზე გაიცნო, როდესაც მან საჯაროდ დაუჭირა მხარი „ღია კარის პოლიტიკას“, რომელსაც ანგელა მერკელი ატარებდა. კერძოდ, ის კასელში მიგრანტთა დროებითი მოთავსების ცენტრის აშენებას უჭერდა მხარს.

„მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ ღირებულებებს არ აღიარებენ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ გერმანია“, - განაცხადა მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე. სიტყვით გამოსვლის ვიდეო სწრაფად გავრცელდა მემარჯვენე აქტივისტებს შორის. აღიარებით ჩვენებაში შტეფან ერნსტმა მკვლელობის მთავარ მოტივად სწორედ ლიუბკეს ეს გამოსვლა დაასახელა.

წარსულში ლიუბკეს არაერთხელ მიუმართავს პოლიციისთვის იმ მუქარების შესახებ, რომელსაც ის დიდი რაოდენობით იღებდა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ გერმანიაში მიღებულ ფასეულობებში გაჭირვებულებისთვის დახმარებას გულისხმობდა, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული.

გერმანულ საზოგადოებაში ლიუბკეს მკვლელობის შემდეგ კრიტიკის მთავარი ობიექტი მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გახდა. პარტიასთან ერნსტის კავშირი ჯერჯერობით მხოლოდ 2016 წლის დეკემბერში გაკეთებული 150-ევროიანი შემოწირულობით დასტურდება, თუმცა პარტიის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მემარჯვენე პოლიტიკოსები ლიუბკეს გამოსვლების ვიდეოებს ავრცელებდნენ, რის გამოც ის რადიკალების სიძულვილის ობიექტი გახდა.