ანა ფრანკი - დღიურის გოგოს ნამდვილი ამბავი

ანა ფრანკი - დღიურის გოგოს ნამდვილი ამბავი

მოუსვენარი, პოპულარული, თვითრეფლექსური: ფრანკის ნაწერების სრული კოლექცია მის ხასიათს მეტად ზედმიწევნით გამოკვეთს. კოსტას პრემიის მფლობელი ბიოგრაფი, ბარტ ვან ესი წიგნის განახლებული გამოცემისა და იმ ადამიანების შესახებ გვიყვება, რომლებიც ანას ომის დაწყებამდე იცნობდნენ.

ალბერტ გომეს დე მესკიტა ცოცხალთაგან ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანია, ვინც ანა ფრანკს პირადად იცნობდა. ის მისი დღიურის ფურცლებზე გაკვრით ჩნდება, როგორც ანას თანაკლასელი ამსტერდამის ებრაულ ლიცეუმში. ანა მასზე წერს: "ალბერტ დე მესკიტა მონტესორის სკოლიდან გადმოვიდა და ერთ წელს გადაახტა. ის ძალიან ჭკვიანია".

სულ ესაა. დიდი ალბათობით, ალბერტი ასე თუ ისე გაქრა მისი მეხსიერებიდან, მაგრამ თავად ალბერტისთვის, გასაგებ მიზეზთა გამო, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

წლების სვლასთან ერთად მის მეხსიერებაში ანასთან დაკავშირებული მოგონებები სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 89 წლის ასაკში ის ჯერაც მოგზაურობს ანას ნაწერებისა და ცხოვრების შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე. ანა უნიკალური ტიპის ცნობილ ადამიანად იქცა და ეს პოპულარობა ალბერტზეც გარკვეულწილად გავრცელდა; ის ხომ იმ დაბადების დღის წვეულებასაც კი ესწრებოდა, რომელზეც ანას ჯერაც ცარიელი დღიური აჩუქეს.

ანას დღიური, რომელშიც ის ორ წელზე მეტხანს წერდა თავისი მეცამეტე დაბადების დღიდან, 1942 წლის 12 ივნისიდან, იმ მომენტამდე, სანამ ფაშისტები მისი ოჯახის სამალავ საიდუმლო ოთახს მიაგნებდნენ, 60 ენაზე ითარგმნა და 30 მილიონზე მეტ ასლად გაიყიდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია. ალბერტს, რომელიც ლიენ დე ჯონგის ყოფილი მეუღლეა (ჩემს წიგნში, ამოჭრილი გოგო, აღწერილია, როგორ გაგზავნეს ლიენი ჩემს ბებიასთან და ბაბუასთან ფაშისტებისგან დასაცავად და გადმოცემულია მისი, როგორც ერთ-ერთი ჰოლანდიელი დამალული ბავშვის, ტრავმა), ვკითხე, რა იფიქრა, როცა პირველად წაიკითხა ეს წიგნი და ახლა რა დამოკიდებულება აქვს მისდამი. "ჩემი პირველი რეაქცია", - მითხრა მან, - "იმის გაფიქრება იყო, რომ მეც ხომ შემეძლო ამის დაწერა-მეთქი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ რამაც ეს ნაწერი განსაკუთრებულად აქცია, არ ყოფილა ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ანამ გადაიტანა (ბოლოსდაბოლოს, ეგ ყველაფერი ხომ მეც გამოვცადე), არამედ მისი პიროვნული ზრდა იყო". ალბერტის ოჯახი იმავე დროს და იმავე მეთოდებით დაიმალა ფაშისტებისგან. ისინიც იპოვეს, მაგრამ, ფრანკების ოჯახისგან განსხვავებით, დე მესკიტები რაღაც სასწაულით გადარჩნენ.

ერთი თვის განმავლობაში ანას და ალბერტს ყოველდღიურად ჰქონდათ ურთიერთობა. ერთი წლით უმცროსი, მორცხვი და სუსტი აღნაგობის ბიჭი მისდამი გარკეულ მორიდებასაც კი გრძნობდა. ერთხელ, ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელმა ახსნა, რომ თუ ცხენსა და ვირს თავლაში ერთ მოათავსებდი, ჯორის მიღება შეგეძლო. ალბერტმა ხელი აიწია და იკითხა, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რასაც თანაკლასელთა სიცილი და სახუმარო შეძახილები მოჰყვა. მოგვიანებით, სათამაშო მოედანზე ყოფნისას, ანა იყო პირველი, ვინც ალბერტს მიუახლოვდა და მასწავლებლის ნათქვამის ახსნა შესთავაზა. ბიჭმა ნერვიულად უთხრა უარი.

ის, რასაც ალბერტი ამბობს დღიურზე, რომლის ახალი ინგლისური თარგმანი სრული კრებულის ნაწილად ახლახანს გამოიცა, მართალი და მნიშვნელოვანია. დღიური მკითხველს მის ავტორთან ერთად ამოგზაურებს. პირველ თვეს, სანამ ოჯახი დაიმალებოდა, ამბავი იმ ჭკვიან, მხიარულ სკოლის გოგოზეა, რომელსაც თითქმის საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული ჰოლანდიელი ებრაელებისადმი მზარდი საფრთხე. ომის ნაცვლად ის საკუთარი ხასიათის შტრიხებსა და რეპუტაციაზე დარდობს. ანა სიამაყით წერს თაყვანისმცემელებზე "რომლებიც თავიანთ მაღმერთებელ მზერას ვერ მაშორებენ და ზოგჯერ ჯიბის გამტყდარ სარკესაც კი იყენებენ, რომ საკლასო ოთახში ჩემთვის თვალის შევლება შეძლონ". დღიურში თანაკლასელთა შეუბრალებელ დახასიათებებსაც ვაწყდებით. ის იმასაც გვატყობინებს, თავისი გამუდმებული ლაპარაკით როგორ გამოჰყავს მასწავლებლები წყობიდან და როგორ აწერინებენ უამრავ სადამსჯელო ესსეის სათაურებით ყბედი, გამოუსწორებელი ყბედი და ბოლოს - კრიახ კრიახ კრიახ, თქვა ქალბატონმა ლაქლაქამ. ამ უკანასკნელი დავალების პასუხად ანამ დაწერა კომიკური პოემა განრისხებულ გედზე, რომელიც ხმაურიან იხვის ჭუკებზე სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს. მასწავლებელი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ პოემა იმდენად კარგი იყო, კლასისთვის ხმამაღლა წაკითხვასაც კი იმსახურებდა.

როცა ეს მოუსვენარი გოგო უცებ გამოკეტეს ჩაბნელებულფანჯრებიან პატარა ოთახებში, რომლებიც დამატებით სხვა, ფაქტობრივად, სრულიად უცხო ოჯახთან უნდა გაეზიარებინა, ამან აშკარა ეფექტი მოახდინა მის პიროვნულ ზრდაზე. ის შემოქმედებით და გაბედულ მოზარდად კი დარჩა, მაგრამ კომუნალური ცხოვრების სიმძიმეებმა და პერიოდულად განმეორებულმა ყოვლისმომცველმა ტერორმა, რომელიც მათი აღმოჩენის მცდელობებს ერთვოდა, თავისი დაღი დააჩნია. ანა დედისგან თავს გაუცხოებულად გრძობს და ქალბატონი ვან პელსი (მეორე ოჯახის დედა) აღიზიანებს. მას ოთახის გაყოფა უწევს შუახნის კაცთან, რომლის მიმართაც სულ უფრო მზარდ ზიზღს განიცდის (ანა მას ბატონ არაფრისმაქნისს ეძახის, როცა თავიანთ ჩუმ და მცირემასშტაბიან კონფლიქტებზე გვიყვება). მას პიტერ ვან პელსი უყვარდება, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ ვითარდება. ამავდროულად, ანა ხედავს, როგორ იცვლება მისი მოზარდის სხეული, აცნობიერებს თავის სექსუალურ გრძნობებს და განწყობის ისეთ უცაბედ ცვლილებებთან უწევს გამკლავება, რომლებსაც ის ცრემლების ღვრამდე მიჰყავს.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, დროის დინებასთან ერთად, ანა ბევრს კითხულობს და სულ მეტი გატაცებით წერს. ის ქმნის მოკლე მოთხრობებს, კომიკურ ანეკდოტებს და იწყებს რომანზე მუშაობას. რაც მთავარია, მას მერე, რაც ის რადიოთი გაიგებს, რომ ჰოლანდიის მთავრობა ოკუპაციის შესახებ ჩანაწერებს საჭიროებს, ანა 1944 წლის დასაწყისიდან მოყოლებული საკუთარი დღიურის რედაქტირებას იმ იმედით იწყებს, რომ მისი ჩანაწერები ოდემსე გამოქვეყნდება. მან მნიშვნელოვანი ეპიზოდები განავრცო, დანარჩენი კი წაშალა. დროდადრო ის საკუთარ წარსულ მეზე შენიშვნებსაც ურთავდა.

ეს დიალოგი დიდსა და პატარა ანას შორის ამ დღიურის მომაჯადოებელ ნაწილთაგანია. მაგალითად, 1944 წლის 22 იანვარს ანამ თავისი 1942 წლის 2 ნოემრის ჩანაწერი გადაიკითხა და მას შემდეგი სიტყვები მიაწერა:

"მსგავს რამეს ვეღარაფრით დავწერდი. [...] მთელი ის დრო, რაც აქ გავატარე, შეუგნებლად - და დროდადრო შეგნებულადაც - ნდობას, სიყვარულსა და ფიზიკურ სითბოს მივესწრაფი. ამ სურვილის სიძლიერე, შესაძლოა, ცვალებადია, მაგრამ ის არასდროს ქრება".

შესწორებების მერე დღიური მეტად სიღრმისეული გახდა და შეივსო ფემინისტური პასაჟებით, ებრაულ იდენტობაზე განსჯებით და იმაზე მუდმივი დარდით, ვინმე თუ შეძლებს ამ წიგნის წაკითხვას. უკანასკნელი ჩანაწერი 1944 წლის 1 აგვისტოთი თარიღდება და ანას შინაგან გაორებას ასახავს. "ორ ნაწილად ვიხლიჩები", მოუთხრობს ის მკითხველს:

"ერთ მხარეს ჩემი მოზღვავებული მხიარულება, ჩემი ფრივოლურობა, ჩემი ცხოვრების ხალისი და, რაც მთავარია, არსებობის ნათელი მხარის დაფასების უნარი დგას. [...] ჩემი ეს მხარე მუდამ ჩასაფრებულია, რომ თავს დაესხას მეორე, მეტად სუფთა, მეტად ღრმა და მეტად დახვეწილ მხარეს. არავინ იცის ანას უკეთესი მხარის არსებობის შესახებ".

სამი დღის შემდეგ გერმანული პოლიცია ფრანკებისა და ვან პელსების თავშესაფარში შეიჭრა და ყველა იქ მყოფი დააკავა. ერთი თვის თავზე დაკავებულები ჰოლანდიის ვესტერბორკის სატრანზიტო ბანაკიდან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეთა უკანასკნელ ნაკადთან ერთად გაგზავნეს. 1945 წლის მაისისთვის ანას მამის, ოტო ფრანკის გარდა ამ ორი ოჯახოს ყველა წევრი მკვდარი იყო .

ანა ფრანკი: სრული კრებული ჩანაწერების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას უყრის თავს. ის დღიურის სამ სხვადასხვა ვერსიას შეიცავს. ვერსია A ანას ყოველდღიური ჩანაწერებია: გაუმართავი ფრაზებით, ხშირად არეული ქრონოლოგიით და კომიკური ჩართვებით სავსე. საკუთარი სილამაზის შესაფასებლად შედგენილი ანას ეს ჩამონათვალი დღიურის ამ ვერსიის ენისა და სტილის ტიპური ნიმუშია:

ცისფერი თვალები, შავი თმა: (არა.)

ფოსოები ლოყებზე (კი.)

ფოსო ნიკაპზე (კი.)

შუბლზე სამკუთხედად ჩამოზრდილი თმა (არა.)

თეთრი კანი (კი.)

სწორი კბილები (არა.)

პატარა პირი (არა.)

ხვეული წამწამები (არა.)

სწორი ცხვირი (კი.) [ჯერჯერობით მაინც.]

კარგი ჩაცმულობა (ზოგჯერ.) [რაც, ჩემი აზრით, სრულიად არაა საკმარისი.]

კარგი ფრჩხილები (ზოგჯერ.)

გონიერი (ზოგჯერ.)

ვერსია A, რეალურად, ოთხ სხვადასხვა დღიურში ჩაწერილ ტექსტებს იტევს და მათგან მხოლოდ პირველი იყო დაბადების დღის საჩუქარი. ამ თანმიმდევრობას ერთი დაკარგული წიგნაკი აკლია, რომელშიც 1943 წლის 2 მაისიდან 1943 წლის 22 დეკემბრამდე გაკეთებული ჩანაწერები უნდა ყოფილიყო.

ვერსია B ანასვე მიერ რედაქტირებული ტექსტებია, რომელნიც დიდწილად განცალკევებულ ასლგადამყვან ფურცლებზეა ჩანიშნული. ეს ჩასწორებები 1942 წლის 20 ივნისიდან 1944 წლის მარტამდე უწყვეტადაა გაკეთებული და საშუალებას გვაძლევს, A ვერსიის დაკარგული ნაწილის შინაარსზეც შევიქმნათ წარმოდგენა. ეს ვერსია მის წინამორბედზე ბევრად უფრო სერიოზულია და ზუსტი ქრონოლოგიურობით აღნუსხავს ომის მიმდინარეობას.

ახლა უკვე ვერსია C-დ შერაცხული ნაწილი ანას მამის მიერ დამალული თავშესაფრის სახელით 1947 წელს გამოქვეყნებული ტექსტია. ამ ვერსიაში სექსუალობასთან დაკავშირებული მასალა და ის პასაჟები იყო ამოჭრილი, სადაც ანა იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომელთა გვერდითაც უწევდა სამალავში ყოფნა. ოტომ შვილის ნაწერში რამდენიმე ესთეტიკური დატვირთვის ცვლილებაც შეიტანა. წიგნისთვის მეტად თანმიმდევრული და მხატვრული ფორმის მისაცემად მან A და B ვერსიები ერთმანეთს თანმიმდევრულობის დაუცველად შეურია. მის ვერსიაში მოკლე პროლოგის შემდეგ ("ვიმედოვნებ, რომ შენთვის ყველაფრის განდობას შევძლებ...") წიგნი პირდაპირ დღიურის ჩანაწერით იწყება:

"იმ მომენტიდან დავიწყებ, როცა შენ მიგიღე, მომენტიდან, როცა მაგიდაზე დაგინახე ჩემი დაბადების დღის საჩუქრებს შორის. (როცა შენ გიყიდეს, მეც იქ ვიყავი, მაგრამ ეგ არ ითვლება.)"

ეს ცნობილი პირველი ფრაზა არც ვერსია A-ს შესავლად გვხვდება (რომელიც იწყება სიტყვებით, "ბრწყინვალე ფოტოა, არა!!!!") და არც - ვერსია B-ის, რომელიც მეტად ფრთხილი და გონივრული შენიშვნით იწყება:

"დღიურის წერა ერთობ უცნაური იდეაა ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჯერ არასდროს გამიკეთებია, არამედ იმიტომ, რომ, მგონია, 13 წლის სკოლის მოწაფე გოგოს გულის ნადებთა მოსმენა არც მე - და, სიმართლე ითქვას, არც ვინმე სხვას - დიდად არ დააინტერესებს".

ანამ ის, ახლა უკვე ცნობილი სიტყვები, რომლითაც თავდაპირველი გამოცემა იწყება, მართლაც დაწერა, მაგრამ ისინი ვერსია A-ში მოგვიანებით გვხვდება, ხოლო ვერსია B-დან საერთოდაც ამოღებულია.

ასე რომ, ოტო ფრანკმა, ანას დღიურის მკითხველისათვის ცნობილი ვერსიის შექმნაში მონაწილეობა თავადაც მიიღო. შესაბამისად, ახალი გამოცემის სრული კრებულის ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ ის საშუალებას გვაძლევს, კვალდაკვალ მიჰყვეს დღიურის ევოლუციას მისი ორი განსხვავებული ვარიანტის თანმიმდევრული გაცნობით. კოლექციაში დღიურის გარდა სხვა მასალაცაა შესული. აქ ნახავთ ლამაზ და ემოციურ ილუსტრაციებს ოჯახის ფოტოების ჩათვლით, დოკუმენტებს, ფაქსიმილებს და სამალავის პროექტის ნახაზს. წიგნში აგრეთვე თავმოყრილია ანას სხვა ნაწერებიც: 14 მოთხრობა, დაუმთავრებელი რომანი, ესეებისა და მოგონებათა ნაკრები; აქამდე გამოუქვეყნებელი წერილები; მეგობრობის დღიურებში ჩაწერილი მისი ლექსები; მისი საყვარელი ციტატების წიგნაკი და ეგვიპტის წიგნი (ფარაონების მიწაზე გაკეთებული შენიშვნები, რომელიც ანამ სასკოლო პროექტისთვის თავშესაფარში ყოფნის პერიოდში შეკრიბა). და ბოლოს, რედაქტორებმა ანას ოჯახის შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მდიდარი მასალით სავსე ქრონოლოგიური აღწერა და თავად დღიურის დაბეჭვდისა და საზოგადოებასა თუ კულტურაზე მისი გავლენის ისტორიაც შემოგვთავაზეს (გამოცემა ფილიპ როთის 2007 წლის რომანზე, მოჩვენება გადის, საუბრით სრულდება).

ამგვარად, სრული კრებული მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებულ სურათს გვიხატავს და მისი გვერდების კითხვისას შეუძლებელია, არ დაფიქრდე იმაზე, თუ როგორ ადამიანად შეიძლება გაზრდილიყო ანა. დღიურში ის ჟურნალისტად გახდომის სურვილზე წერს: "მინდა, წელიწადი პარიზსა და ლონდონში გავატარო, ვისწავლო უცხო ენები და ხელოვნების ისტორია [და] მე ჯერაც ვოცნებობ ბრწყინვალე კაბებსა და მომხიბვლელ ხალხზე". ამ ჩანაწერებს რომ ვკითხულობთ, მის მახვილგონივრულ ესკიზებს ვეცნობით, მარტივი ხდება იმის წარმოდგენა, როგორ მიაღწევდა ანა ორივე მიზანს.

თუმცა, ისიც შეიძლება, რომ ზრდასრულ ანაზე ჩვენს წარმოდგენებს რეალობასთან კავშირი არ ჰქონოდა. მისი დღიურები დროში გაყინული პატარა გოგოს ფიქრებში გვახედებს. ვინ იცის, რომ გადარჩენილიყო, რა ზეგავლენას მოახდენდა მასზე გადატანილი ტრავმა. შემდეგ წელს ალბერტი თავის 90-ე დაბადების დღეს აღნიშნავს - ასაკს, რომელსაც ანა ამ ივნისში მიაღწევდა. როგორც გადარჩენილებს, ალბერტსა და ლიენ დე ჯონგს (რომელსაც 85 წელი შეუსრულდა) მთელი ცხოვრება ჰქონდათ იმისათვის, რომ 1940-იანი წლების საშინელებები გაეაზრებინათ.

ალბერტს არა მარტო ანა, არამედ ყველა კლასელი ახსოვს. მათ შორისაა ლეო სლაგერი, რომელსაც ანა თავის დღიურში ალბერტის ხსნების მერე აღწერს, როგორც ბიჭს, რომელიც "იმავე სკოლიდან გადმოვიდა, მაგრამ ისეთივე ჭკვიანი ვერ არის". ალბერტი და ლეო სკოლაში ერთ მერხზე ისხდნენ და ლიცეუმშიც ყოველთვის ერთად მიდიოდნენ ხოლმე ველოსიპედებით (ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ებრაელების მიერ ველოსიპედის ტარება უკანონოდ არ გამოცხადდებოდა). ერთხელ, როცა ისინი გვერდიგვერდ ველოსიპედებით მისეირნობდნენ, ალბერტი იხსენებს, რომ ლეო უცებ გაჩერდა და გზის გაგრძელბეაზე უარი თქვა. ეს იმიტომ, რომ ალბერტმა საუბრისას გერმანული სიტყვა გამოიყენა. "ლეო გერმანულს ვერ იტანდა", - მითხრა ალბერტმა და შემდეგ სევდიანად დაამატა: - "ის ომს ვერ გადაურჩა".

ალბერტისთვის მანუგეშებელი ამბავი ის იყო, რომ მისი ოჯახიც გადაურჩა გენოციდს, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ მოგონებებათა გამზიარებლები გვერდით ჰყავდა. ლიენს კი, რომელიც ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრია, არავინ ჰყავდა ვისთან ერთადაც უკან, წარსულში დაბრუნდებოდა, ასე რომ მისი ბავშვობის მოგონებები გახუნდა. ეს იყო ერთ-ერთი საყურადღებო რამ, რაც მისთვის ინტერვიუს ჩამორთმევის დროს გავაცნობიერე. მის მონათხრობში ისეთი ტრივიალური წვრილმანები, როგორებითაც ანას დღიურია სავსე (მისი სიყვარული ტანსაცმლის მიმართ ან გახელებული ოჯახური კამათები იმის შესახებ, გოგოებთან ერთად ბიჭებმაც თუ უნდა გაფრცქვნან კარტოფილი) თითქმის მთლიანად დაკარგული იყო. ერთად მუშაობის პროცესში მისი მოგონებების პაწაწინა ნაგლეჯებით წარსული ცხოვრების ახლიდან აშენება ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვიწია.

როგორც ლიტერატურული ნამუშევარი, ანა ფრანკის დღიური ოკუპაციის ჰოლანდიური გამოცდილების განმსაზღვრელ სიმბოლოდ იქცა. მაგრამ ანას, როგორც მალვაში მყოფი ბავშვის, პერსპექტივა, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორითაა შეზღუდული. გერმანიაში დაბადებული ანა და მისი ოჯახი დევნისაგან თავის დასაღწევად ამსტერდამში მაშინ გადავიდნენ, როცა ის 4 წლის იყო. შესაბამისად, ჰოლანდიელები მის თვალში მამაც დამცველებთან იგივდებოდა. თუმცა ჰოლანდიელ ებრაელთა ომისდროინდელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი (75 პროცენტი, რაც სხვა ნებისმიერი დასავლური ქვეყანის მაჩვენებელზე ორჯერ დიდია) მოქალაქეთა შორის კოლაბორაციონისტთა რაოდენობას ააშკარავებს - სინამდვილეში, დამპატიმრებელ ოფიცერთა უმრავლესობა ადგილობრივი იყო და არა - გერმანელი. მათთვის, ვინც ეს იცის, დღიურის ერთ-ერთი გვიანდელ ჩანაწერი ირონიული ღიმილის მომგვრელია:

"ახლა, როცა მიხსნეს, ჩემი პირველი სურვილი ომის შემდეგ ისაა, რომ გავხდე ჰოლანდიის მოქალაქე. მე მიყვარს ეს ქვეყანა. მე მიყვარს ეს ენა და მინდა, აქ ვიმუშაო. და თვით დედოფალთან მიწერაც რომ მომიწიოს, მე არ დავნებდები, სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ!"

ანა, სინამდვილეში, არ იყო დახსნილი. ამ სიტყვების დაწერიდან წელიწადზე უფრო ნაკლებ დროში ის და მისი და ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკში ტიფით დაიხოცნენ. მათ მცირეხნიან თავშესაფრად ქცეულმა ქვეყანამ, მიუხედავად დამცველების სიმამაცისა, მათი ნდობა ვერ გაამართლა.