ეკრანთან დროის გატარება, მათ შორის კომპიუტერული თამაშების თამაში, ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება, გვაფრთხილებს - WHO, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ორიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის ლიმიტი კი ერთი საათი ან უკეთესია, თუ ერთ საათზე ნაკლები იქნება.
მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეფო კოლეჯის მტკიცებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ეკრანის გამოყენება ბავშვებისთვის თავისთავად საზიანოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რჩევები ეკრანის წინ პასიური დროის გატარებაზეა ფოკუსირებული. ეს ის შემთხვევებია, როცა პატარებს ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანების წინ აჯენენ ან დროის გასაყვანად თუ გასართობად ტაბლეტებს ან მობილურ ტელეფონებს აჭერინებენ ხელში. ამ რჩევების მიზანია, ვებრძოლოთ უმოძრაობასა და პასიურობას, რაც, თავის მხრივ, გლობალურ დონეზე სიკვდილიანობისა და ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ რისკ-ფაქტორადაა მიჩნეული.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორგანიზაციამ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ფიზიკურ აქტივობაზე, არააქტიურ ქცევებსა და ძილზე რეკომენდაციები გასცა.
ეკრანის წინ დროის გატარების საშიშროებებთან ერთად, ჭHO-მ მშობლები იმის შესახებაც გააფრთხილა, რომ პატარებმა ეტლში, მანქანის სავარძელში ან ბავშვის სატარებელ ჩანთაში ერთ ჯერზე ერთ საათზე მეტი არ უნდა გაატარონ.
რჩევები ჩვილებისთვის:
ჩვილები დღის განმავლობაში ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ, მათ შორის მნიშვნელოვანია მინიმუმ 30 წუთი მუცელზე წოლა;
არავითარი დრო ეკრანის წინ;
დღეში აუცილებელია 14-17 საათამდე ძილი, რომელიც მცირეხნიან წაძინებებსა და ჭამის შემდგომ ძილსაც მოიცავს. სასურველია, რომ ეს დრო ოთხიდან თერთმეტი თვის ბავშვებში 12-16 საათამდე შემცირდეს;
ჩვილებმა ეტლში, ავტომობილის სავარძელში ან სატარებელ ჩანთაში ერთ ჯერზე ერთ საათზე მეტი არ უნდა გაატარონ.
ერთიდან ორ წლამდე ბავშვებისთვის:
მინიმუმ სამ-საათიანი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში;
არავითარი დრო ეკრანის წინ ერთი წლის ასაკის ბავშვებისთვის, ორი წლის ასაკისთვის - მხოლოდ საათზე ნაკლები;
11-14 საათამდე ძილი დღეში, შუადღის ძილის ჩათვლით;
ბავშვები ერთ საათზე მეტ დროს არ უნდა იყვნენ დაბმულები ეტლში ან ავტომობილის სავარძელში და დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე არ უნდა ისხდნენ.
სამიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის:
დღის განმავლობაში მინიმუმ სამი საათი უნდა დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით, რომელთაგან ერთი მაინც საშუალო ან შედარებით ძლიერი დატვირთვის უნდა იყოს;
ერთ საათამდე დრო ეკრანის წინ - რაც უფრო მცირე იქნება ეს დრო, მით უკეთესი;
დღეში 10-13 საათამდე ძილი, რომელშიც შუადღის ძილიც შეიძლება შედიოდეს;
ბავშვები ერთ საათზე მეტ დროს არ უნდა იყვნენ დაბმულები ეტლში ან ავტომობილის სავარძელში და დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე არ უნდა ისხდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები გარკვეულ მტკიცებულებას კი ემყარება, თუმცა ჯერ მაინც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ისეთი კვლევა, რომელიც ეკრანის ყურებისგან გამოწეული ზიანისა და შესაძლო სარგებლის შესახებ გვეტყოდა.
ამის მიუხედავად, რეკომენდაციათა ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი იუანა უილუმსენი ამბობს, რომ ეკრანის პასიური ყურებისგან პატარა ბავშვები მათი ასაკისთვის უჩველოდ იმატებენ წონაში. "დრო, რომელსაც ბავშვი უძრავად ატარებს, ხარისხიანად უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, თქვენს შვილთან ერთად წიგნის კითხვა მას სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ბავშვი, რომელსაც ეტლში წყნარად ჯდომისთვის ეკრანიან მოწყობილობას აძლევენ, არააქტიური დროისგან სარგებელს ვერ იღებს. ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში უნდა მიეცეთ აქტიურად თამაშის შესაძლებლობა და ჩვენ მათ ეკრანის წინ უძრავად, პასიურად გატარებული დროის ხანგრძლივობა უნდა შევუმციროთ", - ამბობს ის.
ზოგიერთი ისეთი სატელევიზიო პროგრამა, რომელიც ბავშვს ყურების დროს მოძრაობისკენ აქეზებს, შეიძლება კარგიც იყოს, ამატებს ის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის გვერდით მშობელი ან მომვლელიცაა, რათა აუხსნას და მასთან ერთად გაიმეოროს ეკრანზე გამოსახული მოძრაობები.
რას ფიქრობენ სხვა ექსპერტები?
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერტები ამბობენ, რომ 18 თვის ასაკამდე ბავშვებმა ეკრანი არ უნდა გამოიყენონ. კანადაში 2 წლამდე ბავშვებისთვის ეკრანთან დროის გატარება რეკომენდირებული არ არის. აი, დიდ ბრიტანეთში გაცემული რეკომენდაციები კი მსგავს შეზღუდვებს არ აწესებს.
დოქტორი მაქს დეივი, პედიატრიისა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეფო კოლეჯიდან, ამბობს: "ეკრანთან გატარებული დროის იმგვარი შეზღუდვა, როგორსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, პოტენციური ზიანის პროპორციული არ ჩანს. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამად არ არსებობს საკმარისად ძლიერი მტკიცებულება, რომელიც ეკრანთან გასატარებელი დროისთვის ლიმიტების დაწესების აუცილებლობას დაასაბუთებდა. ძნელია, წარმოიდგინო, როგორ შეიძლება მრავალშვილიანმა ოჯახმა ჩვილი ეკრანის წინ მოხვედრისგან სრულიად დაიცვას. საერთო ჯამში, ეს მითითებები შეიძლება ოჯახებმა ცხოვრების მეტად აქტიური და ჯანსაღი წესის მიღწევისთვის ზოგად გზამკვლევად დაიხმარონ, მაგრამ ზომიერების დაუცველად იდეალისკენ სწრაფვამ, უკუშედეგი შეიძლება გამოიღოს".
ბირკბეკის ლონდონის უნივერსიტეტში მოღვაწე ტვინის განვითარების ექსპერტმა, დოქტორმა ტიმ სმიტმა აღნიშნა, რომ მშობლებს გამუდმებით ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევებით ამარაგებენ, რაც ძალინ დამაბნეველი შეიძლება იყოს.
"ამჟამად არ არსებობს მყარად დასაბუთებული არგუმენტები, რომელსაც ამ ასაკის ბავშვებისთვის კონკრეტული ხანგრძლივობის ლიმიტების შესათავაზებლად გამოვიყენებდით", - ამბობს ის, - "მიუხედავად იმისა, რომ კვლევები პოტენციურად სასარგებლო ნაბიჯებს დგამენ ეკრანის წინ გატარებულ პასიურ და აქტიურ დროებს შორის განსხვავებების წარმოსაჩენად, ხშირად მათში გამარტივებულადაა წარმოდგენილი ის ქცევები, რომლებსაც პატარა ბავშვები და მათი ოჯახები ეკრანის ყურებისას ავლენენ".
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
პოლა მორტონი, მასწავლებელი და ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ამბობს, რომ მისმა შვილმა დინოზავრების შესახებ პროგრამების ყურებით ბევრი რამ ისწავლა და ახლა მათ შესახებ "უმარავი უცნაური ფაქტი იცის".
"ის ეკრანის წინ ჯდომისას არ არის რეალობისგან გამოთიშული", - ამბობს მორტონი, - "ცხადია, რომ ის ამ დროს აზროვნებს და ტვინს ძალას ატანს. არც კი ვიცი, როგორ მოვახერხებდი სადილის მომზადებას, სახლის დალაგებას, ის რომ არაფერს არ უყურებდეს".
სამეფო კოლეჯი მშობლებს სთავაზობს, საკუთარ თავებს ეს კითხვები დაუსვან:
აკონტროლებთ თუ არა ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებულ დროს?
უშლის თუ არა ოჯახს ხელს ეკრანის გამოყენება დაგეგმილ საქმიანობათა შესრულებაში?
უშლის თუ არა ხელს ეკრანის გამოყენება ბავშვის ძილს?
აკონტროლებენ თუ ვერა ეკრანის წინ ბავშვის მიერ არაჯანსაღი საკვების მიღების დოზებს?
თუ მშობლები ამ კითხვებზე გაცემული საკუთარი პასუხებით კმაყოფილები დარჩებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კარგად ახერხებენ ეკრანის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებას, ნათქვამია კოლეჯის სარეკომენდაციო ტექსტში.