ქართული საბალეტო დასის ყოფილი წევრი, მოცეკვავე ბესო შათირიშვილი ქართულ ბალეტში არსებულ რთულ ვითარებაზე გვესაუბრება:
- საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა საბალეტო დასზეც იქონია გავლენა. ახლახან შევიტყვე, რომ რამდენიმე ბალერინამ დასი დატოვა. მესმის მათი, საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი მაღალჩინოსნის მეუღლეა და მოცეკვავეები ამიტომაც დუმდნენ. ახლა კი წლების განმავლობაში დაგროვილმა პროტესტმა იფეთქა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნინო ანანიაშვილი ელემენტარულ პირობებს არ უქმნიდა მოცეკვავეებს. ეს კი არა, ქართული საბალეტო დასიდან ქართველი მოცეკვავეების გახიზვნა და უცხოელი დილეტანტი მოცეკვავეების ჩამოყვანა დაიწყო. ამით ფულსაც ათეთრებდა და სათქმელიც ჰქონდა, ქართულ ბალეტს ვაღორძინებო. ოღონდ ფული "გააკეთოს" და ყველაფერს ზურგს შეაქცევს. ანანიაშვილს მონოპოლია აქვს აღებული საბალეტო სივრცეში და რასაც მოისურვებს, იმას აკეთებს. ამიტომაც იყო, რომ მისი მოსვლის შემდეგ მოცეკვავეების ძირითადი ბირთვი თურქეთში გაიხიზნა. საბალეტო დასის დაშლაში არა მხოლოდ ნინოს, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორ დათო საყვარელიძესაც მიუძღვის წვლილი. მართალია, ზურგს უკან ერთმანეთს ჭორავდნენ, მაგრამ ფინანსების საქმეში შეხმატკბილებული იყვნენ. სახელმწიფო დოტაციით, ოპერისა და ბალეტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია. აქედან 4 მილიონი ბალეტს "ხმარდება", 2 კი - ოპერას.
გარდა ამის, ანანიაშვილი ივანიშვილის დახმარებასაც იღებდა, რომელიც წესით, მსახიობებისთვის უნდა მიეცა ჰონორარად, მაგრამ ნინომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ფული ე.წ. სადადგმოსთვის გადაეცა.
ჩემი თხოვნაა, კულტურის ახალმა მინისტრმა, ამ ადამიანების საქმიანობა გამოიკვლიოს. ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გამოიძიონ - ფინანსური მაქინაციებიდან დაწყებული, დასში არსებული სიტუაციით დამთავრებული. ისე, ნინო ანანიაშვილს რომ ნამუსი ჰქონდეს, თვითონ უნდა წავიდეს თეატრიდან. მან ბევრი ცუდი გაუკეთა ქართულ ბალეტს.
იმედი მაქვს, მალე ყველას დამსახურების მიხედვით მიეზღვება... ვაღიარებ, რომ ანანიაშვილი ძლიერი მოცეკვავეა, მაგრამ მან სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს, რადგან როგორც მენეჯერი, არ ვარგა. მის ადგილზე უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც ექნება ორგანიზატორის ნიჭი. მთავარია, ახალმა ხელმძღვანელმა ახალგაზრდა თაობა წინა პლანზე წამოსწიოს, მომავალში მაინც რომ დაკომპლექტდეს ქართული საბალეტო დასი ქართველი მოცეკვავეებით. ყურადღება უნდა მიექცეს საბავშვო საბალეტო სტუდიებს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ეს სკოლა ანანიაშვილმა სასტუმროდ აქცია. მის მიერ ჩამოყვანილი უცხოელი მოცეკვავეები სწორედ ამ სკოლაში არიან დაბინავებული. ეს სკოლა ნინო ანანიაშვილმა მიისაკუთრა. როგორც უნდა, ისე იყენებს.
დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო ანანიაშვილის მუშაობის პირობებში ქართული ბალეტი ვერ განვითარდება!