„რაღაც სჭირს იმ ქვეყნის საზოგადოებას, სადაც ნარკომანებს 25 ათასი კაცი გამოჰყავთ, ხოლო ტარიფის მატების გამო ხალხი არ გამოდის ქუჩაში“

„რაღაც სჭირს იმ ქვეყნის საზოგადოებას, სადაც ნარკომანებს 25 ათასი კაცი გამოჰყავთ, ხოლო ტარიფის მატების გამო ხალხი არ გამოდის ქუჩაში“

უკრაინა, სომხეთი, მოლდავეთი - ქართველი ოპოზიციონრები რევოლუციურ სცენარზე ალაპარაკდნენ. რადიკალი „ნაციონალები“ იქადნებიან, რომ ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. მათი თქმით, ასე მოხდა მოლდავეთშიც, სადაც დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდა და ოლიგარქი მოიშორეს. ასე მოხდა უკრაინაშიც და ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ოლიგარქები პოლიტიკიდან მიდიან. უფრო ადრე კი სომხეთი მოიცვა ფაშინიანის ქარიზმამ.

იმის გამო, რომ დღეს არსებულ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს რევოლუციის მოწყობის მუხტი არ აქვს, ისინი ქართველი ფაშინიანის მოლოდინში არიან, რომელიც ხალხს ქუჩაში გაიყოლებს. თუმცა საქართველოში რევოლუციური სცენარის მოლოდინი არ აქვთ ჩვენს ანალიტიკოსებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სომხებმა ჯერ კიდევ ფაშინიანამდე დაამტკიცეს, რომ პროტესტის მუხტი ქართველებთან შედარებით გაცილებით ძლიერი აქვთ. სამი წლის წინ, როდესაც სომხეთის მთავრობამ ძალიან პატარა ციფრით გაზარდა გაზის ტარიფი, მთელი ერევანი, მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და გაზრდილი ტარიფი გააუქმა. ზუსტად იმავე პერიოდში ხუთჯერ უფრო მეტად გაძვირდა ჩვენთან ტარიფი, მაგრამ კაციშვილი არ გამოსულა. ამ დროს კი ჩვენმა ნარკომანებმა 25 ათასი კაცი გამოიყვანეს ქუჩაში.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ. მუქთად რომ მაჩუქოს ჩვენმა ხალხმა ხმები, მე ამ ხმებს მტკვარში გადავყრი, რადგან მიმაჩნია, რომ დასაფასებელი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც 5 კილო კარტოფილში გაიყიდება იმ მოტივით, მშიერი ვარო. რა, გაძღა იმ 5 კილო კარტოფილით? კახელის არ იყოს, გამაადგა? 5 კილო კარტოფილი რამდენ დღეს ეყოთ? სამაგიეროდ, ასეთმა ადამიანებმა 5 წლით მიიღეს ისეთი პარლამენტი, როგორიც დღეს გვაქვს. ამიტომ ჩვენი ელექტორატი დასაფასებელია? მართლაც, რაღაც სჭირს იმ ქვეყნის საზოგადოებას, სადაც ნარკომანებს 25 ათასი კაცი გამოჰყავთ, ხოლო ტარიფის მატების გამო ხალხი არ გამოდის ქუჩაში. ამიტომ არ მჯერა იმის, რომ უცებ ნახევარი მილიონი კაცი გამოვა თუნდაც მშვიდობიან აქციაზე. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა წლების წინ 200 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ როგორ დაიშალა ის 200 ათასი კაცი? ესეც ჩვენი ისტორიის შავი ლაქაა. ვიღაცამ ფული აიღო ამ საქმეში და ეს 200 ათასი კაცი 200 ათას ცხვრად იქცა“, - იხსენებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, ცხვრის ფარის წინამძღოლმა თხამ გაიყვანა ჩვენი ხალხი საპროტესტოდ და მერე იმ თხამვე წაიყვანა სახლებში, ანუ უკანვე დაარიგა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რევოლუციური სცენარი ჩვენს პირობებში მითია. სომხეთის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იყო და სომხეთის შემთხვევა ჰგავდა შევარდნაძის პერიოდს. სერჟ სარგსიანის მიერ მოდებული სენი სომხეთმა მოიხადა, გათავისუფლდა სარგსიანის ავტოკრატიული და ტექნოკრატიული რეჟიმისგან და დაიწყო დინამიური განვითარება. ამიტომ ფაშინიანის სომხეთთან საქართველოს შედარება არაადეკვატურია.

რაც შეეხება მოლდოვას, ანალიტიკოსის განმარტებით, მოლდოვაში ოლიგარქიულ მმართველობასთან დაპირისპირებამ რთული ფორმა მიიღო. ფაქტობრივად, მოლდოვაში გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, იქ არის რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის, ნაწილობრივ, უკრაინის ფაქტორი. იქ სხვანაირი სიტუაციაა და რუმინელების, უკრაინელების თუ რუსების დაპირისპირებამ შეიძლება რთული სახე მიიღოს მოლდოვაში.

„ჩვენთან ჯერჯერობით ასეთ რეგიონალურ ჰეგემონებს შორის დიდი დაპირისპირება არ არის. მოლდოვაში რაც მოხდა, ეს უფრო გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული, რაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. ზოგჯერ „ნაციონალები“ უკრაინის მაგალითითაც აპელირებენ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა, უკრაინაში მოხდა ხელისუფლების შეცვლა არა საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, არამედ შიდა პოლიტიკური მმართველობიდან გამომდინარე. ანუ უკრაინაში მოხდა ის, რაც მოხდა საქართველოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. ოღონდ აქ განსხვავება იმაშია, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ პოლიტიკური რეჟიმი, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ, უკრაინაში კი ავტორიტარული რეჟიმი ფაქტიურად არ არსებობდა. უბრალოდ, იქ იყო სოციალური, თუ ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული უარყოფითი დამოკიდებულება პოროშენკოს ხელისუფლების მიმართ. პოროშენკო ნამდვილად არ ყოფილა ისეთი ტირანი, როგორიც იყო სააკაშვილი და მისი პოლიტბანდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და საქართველოში ახალი ფაშინიანის მოლოდინს გადაჭარბებულად მიიჩნევს.

 

სოციალისტი ჯერ ერთი სად და როდის გამოიყვანეს ნარკომანებმა 25 ათასი კაცი?! მეორეც, ... )))
5 წლის უკან
არაგველი641 სოსო ცინცაძე ისეთ ანალიზს აკეთებს, ეტყობა მთლად გამოქლიავებულა. ვახტანგ მაისაიას ანალიზი კი სრულად შეესაბამება სინამდვილეს.
5 წლის უკან
Serapina კი, როგორ არ გვ(ი)ჭირს ?!

ქართველ ახალგაზრდობას წაართვეს წიგნი სხვადასხვა გზებით და ამის სანაცვლოდ ჩამოურიგეს ძვირადღირებული მობილურები (მშობლები რომ უცხოეთში ჰყავთ... მონურ სამუშაოზე გაშვებული და კიდევ, მამა-პაპის სახლ-კარს კრედიტების გამო კარგავენ, ეს არ შევიმჩნიოთ), მარიხუანა და ცირასტყელას დროშები…

... სხვა რომ არაფერი ვახსენო, რამდენი საუკუნის წინ იყო, გელათის აკადემიაში რომ მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდები განათლების მისაღებად მოდიოდნენ?!

მათვრობამ გამოგვიცხადა, წელს, უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი, უფრო მეტი სტუდენტი დაფინანსდებაო.
...აბა, ჩვენ სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს მივხედავთო,იმას ხომ არ იტყოდნენ
ეს გვჭირს,აი ეს!
5 წლის უკან