ოპოზიციაში სასაცილო კომენტარებსაც აკეთებენ

ოპოზიციაში სასაცილო კომენტარებსაც აკეთებენ

ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრემიერი ვალდებული არ არის, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო საქმის კურში ჩააყენოს.

მდინარაძე დავით სერგეენკოს შემცვლელად ეკა ტიკარაძის დანიშვნასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ახალ მინისტრს თავად არ იცნობს, თუმცა მისი ბიოგრაფია წაიკითხა.

სამთავრობი ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ახალ მინისტრს მენეჯერული გამოცდილება არ აქვს და ასევე, ის ივანიშვილის ოჯახის ექიმია, მდინარაძე კრიტიკით პასუხობს.

„ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს ხოლმე, მათ შორის, სასაცილო კომენტარებსაც აკეთებენ და ცდილობენ, რაღაც იუმორის ჟანრში გადაიტანონ. თუ საუბარია გამოცდილ, განათლებულ, კარგ მენეჯერზე, დამატებითი არგუმენტები, მგონი ყურდღებამისაქცევი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ სფეროს ჰყავდეს ძალიან წარმატებული ლიდერი, რომელიც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ეს გააკეთა დავით სერგეენკომ. თუ მეკითხებით იმას, რომ ვიცნობ თუ არა, მე არ ვიცნობ პირადად. მე მითხრეს მის შესახებ, გავეცანი მის ბიოგრაფიასაც. თუმცა გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იღებს. პირიქით, შეგვიძლია, მხოლოდ მადლობა ვუთხრათ პრემიერს იმისთვის, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.