ცალკეულ ანალიტიკოსთა აზრით, ამ არჩევნებმაც გამოაჩინა, რომ ივანიშვილიც კი მთლად ყოვლისშემძლე არ ყოფილა. თუკი ამ ვერსიას ვირწმუნებთ, მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ივანიშვილი არ მართავს პროცესებს, მაშინ, ავად თუ კარგად, ვინღა მართავს მოვლენებს? ანუ ვისზე დგას „ქართული ოცნება?!“
შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, რომ „ოცნების“ დღევანდელი ფუნდამენტი ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ შერჩენილი ავტორიტეტი ან ფულია, მაგრამ ავტორიტეტი მარადიული არ არის, ფული კი დღეს რომ ბევრს არაფერს წყვეტს, ესეც ფაქტია. ამდენად, ფულზე რომ არ ვილაპარაკოთ, საინტერესოა, რისი უნარი აქვთ ცალკეულ პერსონებს? თუნდაც ივანიშვილის მიერ დაწინაურებულ და აქამდე უცნობ პერსონებს - გახარიას, ბახტაძეს, ან სხვებს? ვისზე დგას სახელმწიფო?
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს პოტენციალი აქვთ, მათ გამოცდილებაც მიიღეს და პროფესიული თვისებებიც გააჩნიათ, მაგრამ პრობლემა თვითონ მმართველობით სისტემაშია. ზოგადად, ორი ტიპის წარმატებული მენეჯმენტი არსებობს, ერთი მენეჯმენტი ემყარება ფორმულას, რომ შენ ვითარდები და, შესაბამისად, სისტემაც შენთან ერთად ვითარდება, ხოლო მეორე მენეჯმენტია, რომ შენ განვითარება არ გინდა და, პირიქით, ცდილობ, სხვა შენზე უარესი გახადო, გასვარო, ანუ თამასა დაბლა დასწიო. სწორედ ამ ტიპის მენეჯმენტი ხორციელდება დღეს. გადაწყვეტილების მიმღები არ ცდილობს, თავად განვითარდეს, ის ცდილობს, ყველანი კომპრომეტირებულნი და ადვილად სამართავნი ჰყავდეს ირგვლივ. ამით სისტემა მუდმივ დეგრადაციას განიცდის, არ არის ეფექტური, ვერ მუშაობს და შედეგიც სახეზეა.
„ჭაობში ვართ, ყარს ყველაფერი. ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ჭადრაკის ფიგურები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ მეფე და ყველა დანარჩენი არის პაიკი. ასეთი უცნაური სიტუაციაა. მარტივ რამეს გეტყვით, წარმოიდგინეთ, ხვალ ბიძინა ივანიშვილმა რომ გადაწყვეტოს, ყველანი გაუშვას „ქართული ოცნებიდან“, მთავრობა გადააყენოს, ყველა დეპუტატი გაუშვას, პოლიტიკურ ელიტაც გაუშვას, ქუჩიდან მოიყვანოს 200 კაცი და ისინი დასვას მათ ადგილას, რამე შეიცვლება? არაფერიც არ შეიცვლება. ანუ „ქართული ოცნება“ უდრის ერთადერთ ადამიანს-ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენი არავინ არსებობს. როგორადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ვიღაც კარგია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს არის, ხვალ შეიძლება თანამდებობაზე აღარ იყოს და სამ დღეში არავის ემახსოვრება. წარმოიდგინეთ, ხვალ მოხსნეს გახარია, სამ დღეში გემახსოვრებათ? არ გემახსოვრებათ, რადგან არავინ არ არსებობს, ყველა მოგონილია. მეტსაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილიც აღარ არსებობს“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში პროცესებს მართავს თვითონ პროცესები. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ყველაზე დიდი წილი აქვს ამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მთლიანად მართავს სიტუაციას. ის ბევრ რამეს მართავს, საკადრო პოლიტიკას მართავს, იმასაც განსაზღვრავს, თუ ვინ დანიშნოს ამა თუ იმ მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ შემდეგ უკვე სულ სხვა წრეები მუშაობენ მის მიერვე დასაქმებულ კანდიდატებთან. ბიძინა ამ კანდიდატებს საერთოდ არ იცნობს, არც დანიშვნამდე, არც დანიშვნის შემდეგ. უბრალოდ, გუნდის წევრები სთავაზობენ, რომ პეტრეს სჯობს პავლე, ისიც თანხმდება პავლეზე არჩევანის გაკეთებას და მერე ღმერთმა უწყის, პავლე რას აკეთებს. ივანიშვილი პავლეს ვეღარ აკონტროლებს.
„როგორც წესი, ივანიშვილი მოქმედებს მხოლოდ საკუთარი გარემოცვიდან წამოსულ კანდიდატებზე თანხმობის მიცემით, მეტი არაფრით. შემდეგ უკვე ამ ხალხზე მუშაობს ცალკე უშიშროება, მუშაობენ ესა თუ ის კლანები, ბიზნესჯგუფები, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები. ივანიშვილის მხედველობიდან ქრება მის მიერვე დასაქმებული კანდიდატები. თუ სკანდალი არ ხდება, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, ხოლო, თუ სკანდალია, მაშინ რეაგირებაა საჭირო. ის ენდობა საკუთარ გარემოცვას. უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილი უფრო არის საკუთარი გარემოცვის მანიპულაციის მსხვერპლი, ვიდრე თავად ახორციელებს მანიპულაციას გარემოცვაზე. ცალსახად არ არის ისე, რომ მხოლოდ ივანიშვილი მართავს სიტუაციას. ხშირად გარემოცვა მართავს მას. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ იყო პირველი ფიგურა, ყველგან ის იყო, ამა თუ იმ საწარმოს ხან იქიდან ხსნიდა, ხან აქედან, ხან ზემოდან, ხან ქვემოდან. სულ პრესაში იყო, სულ საზოგადოების წინაშე ტრიალებდა, სულ ლაპარაკობდა სისულელეებს, მაგრამ მაინც ლაპარაკობდა“,-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე განმარტებით, სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილი საერთოდ არ ლაპარაკობს. უკვე რამდენი ხანია, პარტიის თავმჯდომარეა და სულ რაღაც 2-3-ჯერ გამოჩნდა ეთერში. მას მეტი არც შეუძლია, ესეც დიდი შრომაა მისი მხრიდან გაწეული. აშკარად ჩანს, პოლიტიკაში ყოფნა მისთვის დიდი დისკომფორტია. ეს სერიოზული გამოწვევაა „ოცნებისთვის“ და ეს კარგად უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ. ამ არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რომ ოპოზიციის ერთობა არ არსებობს. ეს ოპოზიციისთვის სამარცხვინო შედეგია.