ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ - ნუ წავართმევთ პრემიერს ამ შესაძლებლობას

ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ - ნუ წავართმევთ პრემიერს ამ შესაძლებლობას

ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. ეს ყველაფერი არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

„ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს ყველაფერი არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, - აღნიშნა დავით სერგენკომ.

რაც შეეხება კითხვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, დავით სერგეენკომ განმარტა, რომ მას მამუკა ბახტაძესთან შეხვედრები ხშირად აქვს.

„პრემიერთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია და მართალი გითხრათ, არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ ინფორმაცია გავავრცელო როდის შევხვდი, რამდენჯერ შევხვდი, ეს ჩვენი სამუშაო კომუნიკაციაა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით თანამდებობას თავად იკავებს.

„თანამიმდევრობაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჯერჯერობით მინისტრის მოვალეობას მე ვასრულებ. ასე რომ, შევხედოთ მოვლენების განვითარებას“ , - განაცხადა დავით სერგეენკომ.