„ლევან ვასაძეზე ცნობილია თავისი ახლო კავშირებით რუს ლიდერებთან. იგი აქამდე მეტ-ნაკლებად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ახლა აშკარად ჩანს, რომ აქტიურად ცდილობს საზოგადოებაში გამოვიდეს და თავის გარშემო გარკვეული ხალხი შემოიკრიბოს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ დამფუძვნებელი კორნელი კაკაჩია ბიზნესმენ ლევან ვასაძის ჩართულობას „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციებში.
კაკაჩიას განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ისეთი ჯგუფების ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ-საზოგადოებრივ პროცესებში, რომელიც ადამიანის უფლებებს ზღუდავს. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი გამოხატულება 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განვითარებული მოვლენებია.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა პრორუსული ჯგუფები და ეს არ ეხება მხოლოდ გუშინდელ მოვლენებს. ზოგადი ფონი არის ასეთი, რომ სხვადასხვა პრორუსული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ეს ერთ-ერთი ჯგუფია, რომლის ინტერესიც რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.
„ეს ხალხი ცდილობს დაუპირისპირდეს ადამიანის უფლებებს და იმ საყოველთაო უფლებებს, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. ფაქტია, რომ ზოგადად ეს ჯგუფები ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიიჩნევა, როგორც რუსეთის ინტერესების გამომხატველი საქართველოში.
„კონკრეტულად ლევან ვასაძეზეა საუბარი; ის ცნობილია თავისი ახლო კავშირებით რუს ლიდერებთან. ვასაძე აქამდე მეტ-ნაკლებად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, ახლა აშკარად ჩანს, რომ აქტიურად ცდილობს ამ საზოგადოებაში გამოვიდეს და თავის გარშემო შემოიკრიბოს გარკვეული ხალხი.
„თუ ასე გააგრძელეს, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური პარტიას რაღაც საფუძველი ჩაუყარონ, რომელმაც შემდეგ შეიძლება გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვოს ქართულ საზოგადოებაში; ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული,“ - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
ცნობისათვის, 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ლგბტ აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. შსს აცხადებს, რომ აქციაზე ოთხი პირის დაკავება მოხდა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება მთავრობისადმი, რომ არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება, რის შემდეგაც „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.
თუმცა, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების აქციაზე მისვლამდე, იმავე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.