ყველა კონტრაქციის ლიდერის დაკავების საფუძველი აქვთ, მაგრამ არ აქვთ პოლიტიკური ნება, იმიტომ, რომ ხელისუფლების ბუნებრივი მოკავშირეა ეს სიძულვილის მფრქვეველი ხალხი - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ „თბილისი პრაიდის“ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც ილაპარაკა ვასაძემ, რაც ილაპარაკა გურამ ფალავანდიშვილმა, რაც ილაპარაკა ლორთქიფანიძემ, შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას, რის გამოც ისინი უნდა დააკავონ.
"ახლა ხომ დაეწყვნენ ბიძინას მონები და კრიტიკის აკრძალვას ცდილობენ - ბექაურმა უნდა არეგულიროს სიძულვილის ენაო, მოგვახსენეს.
გუშინ ყველაფერი, რაც ილაპარაკა ვასაძემ, რაც ილაპარაკა გურამ ფალავანდიშვილმა, რაც ილაპარაკა ლორთქიფანიძემ... აბსოლუტურად ყველაფერი შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას და წარმოქმნიდა ძალადობის მყისიერ საფრთხეს, გამომდინარე ვითარებიდან. ყველა ლიდერის დაკავება შეუძლიათ - აბსოლუტურად ყველა ლიდერის.
ყველა ლიდერის დაკავების სისხლის სამართლებრივი საფუძველი აქვთ. მაგრამ არ აქვთ პოლიტიკური ნება, იმიტომ რომ ჩუგოშვილის ბუნებრივი მოკავშირეა ეს სიძულვილის მფრქვეველი ხალხი“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა.
პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს. ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 28 მათგანი დააკავეს, რომელთაგან 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 7 კი კვლავდ დაკავებულია.