ხვალ დილით დავაანონსებთ შეხვედრას, რომელზეც განვმარტავთ სამოქმედო გეგმას, როგორ ჩავშლით გარყვნილებას, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.
„აგრესიის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ჩვენ გვესხმიან თავს გარედან დაფინანსებული ძალები, რომლებიც გვირყვნიან შვილების თაობას, თითოეულ თქვენთაგანს ახვევენ თავზე იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრიტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული. ჩვენ ვართ თავდაცვის ფორმაში. ჩემი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
„სახელმწიფო სად ხარ?" - ამ სლოგანით თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რადგან ამავე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციას დაპირისპირება მოჰყვა. კანცელარიასთან დაპირისპირებული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად სასულიერო პირების ნაწილიც იმყოფება.
ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი გაიყვანეს. პოლიცია განმარტავს, რომ თაბაგარი უსაფრთხოების მიზნით განარიდეს ადგილიდან, თუმცა ორგანიზაციის სხვა წევრების ინფორმაციით, ის დაკავებულია.