მსახიობ ორნელა მუტის 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მსახიობ ორნელა მუტის 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

იტალიის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლის მიხედვითაც მსახიობ ორნელა მუტის სპექტაკლის გაცდენისთვის 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმის გადახდა აქვს მისჯილი. ამის შესახებ გამოცემა ANSA წერს.

საქმე 2010 წლის 10 დეკემბერს ქალაქ პორდენონეში დაგეგმილ სპექტაკლს ეხება. მაშინ მუტიმ ყალბი სამედიცინო ცნობა წარადგინა, რომლის საფუძველზეც ის სცენაზე მუშაობისგან გათავისუფლდა. თუმცა, იმავე დღეს ორნელა მუტი დაესწრო საქველმოქმედო საღამოს სანქტ-პეტერბურგში, რომელზეც რუსეთის მაშინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა. თეატრის ადმინისტრაციამ, სადაც მუტის მონაწილეობით სპექტაკლი უნდა გამართულიყო, მსახიობს სასამართლოში უჩივლა.

ორნელა მუტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ლარინგოფარინგიტი ჰქონდა, რომლის გამოც მას საუბარი არ შეეძლო, საქველმოქმედო საღამოზე კი მას საუბარი არ მოეთხოვებოდა.

სასამართლომ მსახიობს 8-თვიანი პატიმრობა და 600 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა ჯერ კიდევ 2015 წლის თებერავალში მიუსაჯა, თუმცა 2017 წელს ორნელა მუტის განაჩენი შეუმსუბუქდა.