“ღორის გრიპი” ბრუნდება. ზამთრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.
26 წლის ქალბატონს ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრი მომხდარის მიუხედავად აცხადებს, რომ პანდემიის საშიშროება არ არსებობს და ამავე მიზეზით სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამასთან სანდრო ურუშაძის თქმით, ქვეყანაში საჭირო მედიკამენტების საკმარისი რაოდენობაა.
მინისტრი მოსახლეობას სთხოვს, ვირუსის პირველივე გამოვლენისთანავე სამედიცინო პერსონალს მიმართოს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ვირუსმა სეზონური გრიპის სახე მიიღო და მისი შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ელოდებიან.
ე.წ. “ღორის გრიპის” გავრცელების საშიშროების გამო 033-ის ექიმებმა სპეციალური ინსტრუქტაჟი მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირზე გადაუადებელი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც გადაეცათ.
საჭიროების შემთხვევაში ღორის გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს რეგიონებიდან თბილისში გადმოიყვანენ. უკვე მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ინფიცირებულებს მოათავსებენ.
საქართველოში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შემთხვევების გახშირებას დეკემბრის ბოლოსთვის ელოდებიან.
საქართველოში “ღორის გრიპის” გამწვავებას ერთ თვეზე მეტია ელოდებიან. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავას ჯერ კიდევ შუა ოქტომბერში აცხადებდა, რომ საქართველოში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში H1N1-ის ვირუსის გამწვავება მოსალოდნელი იყო.
“ეს იქნება ისეთივე ჩვეულებრივი გრიპი, როგორც სხვები, ხოლო ვირუსის ეპიდემიურობა არაა გამორიცხული, თუმცა, განსაკუთრებით საგანგაშო შედეგები არ ივარაუდება”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
“ვირუსის სრული იზოლირება შეუძლებელია. თუ ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში ვირუსით დაინფიცირებული გამოჩნდება, უნდა მოვხდანოთ მისი იზოლირება ჯანმრთელი ადამიანებისგან დასაცავად. ვირუსის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების სწორად და კარგად გაკეთება. დაუშვებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება”, - ამბობს ცანავა.
ე.წ. ღორის გრიპი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს 2000-მდე მოქალაქე დაინფიცირდა, აქედან 40-მდე გარდაიცვალა. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ამ ადამიანებს “ღორის გრიპი” სულაც არ ჰქონდათ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვითარების დრამატიზირება მოახდინა.
სხვათა შორის, ვირუსების და კონკრეტულად გრიპის ვირუსების «დაბრუნების» შემთხვევები ადრეც მრავალგზის დაფიქსირებულა. მაგალითად, ამ გაზაფხულზე რუმინეთის ერთ-ერთ რაიონში, უკრაინის საზღვართან კერძო მეფრინველეობის ფერმაში ე.წ. ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა.
ეს ევროპაში 2010 წელს ვირუსის აფეთქების ოფიციალურად დადასტურებული პირველი შემთხვევა იყო. ამ დრომდე ე.წ. ქათმის გრიპის ბოლო აფეთქება გერმანიაში 2009 წლის მარტში დაფიქსირდა.
ქათმის გრიპით უპირატესად ფრინველები ავადდებიან. თუმცა მათთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად დაავადება ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებს ადვილად გადაეცემა. ადამიანებში დაავადება მძიმედ ვითარდება და ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება. ამ დრომდე ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.