მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას წლების განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, რის გამოც, როგორც თვითონ ამბობს, წიგნთან მისი ურთიერთობა ცოტა დაზარალდა. არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი მიიჩნევს, რომ დროა, საყვარელ საქმეს - წიგნის კითხვას დაუბრუნდეს...
- დღეს წიგნიერების ნაკლებობა ნამდვილად შეიმჩნევა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. ჩვენი შვილების მაგალითზე ნათლად ვხედავთ, როგორ უჭირთ კითხვა, როგორი ძალდატანებით ეცნობიან წიგნებს. ჩემ გარშემო ამას ბევრი მშობელი უჩივის. თუმცა გამონაკლისიც არსებობს - ბევრ წიგნიერ ახალგაზრდასაც ვიცნობ. უწიგნურობას არ ვამართლებ, მაგრამ თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მოზღვავების გამო ინფორმაცია იოლი ხელმისაწვდომი გახდა, ამიტომ, რიგ შემთხვევაში, წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლა და დაჩაგრა. ეს პრობლემა საზღვარგარეთაც მწვავედ დგას - მოზარდები კომიქსებზე არიან გადასული და დიდი ნაწარმოების წაკითხვა ვეღარც კი წარმოუდგენიათ...
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ზრდის ოჯახი ბავშვს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში დედებმა აღმზრდელის ფუნქცია დაკარგეს და იძულებულები შეიქნენ, ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ გადახვეწილიყვნენ.
- როგორ ფიქრობთ, დაფასებულია დღეს წიგნიერება?
- ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რადგან ბავშვები ხედავენ, რომ გაუნათლებელი და უწიგნური ადამიანები მაღლა მიიწევენ, ინტელიგენცია კი იგნორირებულია. იმიტომაც ხდება ამდენი უბედურება, რომ უწიგნური და გაუნათლებელი ადამიანები ისხდნენ ქვეყნის სათავეში და გადაწყვეტილებებს ჩვენს მაგივრად იღებდნენ. იმიტომაც ვიდექით ამდენ ხანს ქუჩაში დედები, მამები, სტუდენტები, რომ ამ სისტემის შეცვლა გვინდა.
იცით, რომ საქართველოში გაჩნდა თაობა, რომელიც მშობლებს არ იცნობს და ბებია-ბაბუასთან იზრდება? სამწუხაროდ, ძალიან დიდია ისეთი ოჯახების რიცხვი, რომლებიც შვილებს "სკაიპით" ზრდიან.
- საკმაოდ რთული ვითარებაა განათლების სფეროში...
- აქაც პრობლემები გვაქვს - ბავშვებს არ უყვართ თავიანთი მასწავლებლები, დეფიციტია ნამდვილი პედაგოგებისა, რომლებიც მარტო საგანს კი არ ასწავლიან, არამედ მოქალაქეობის, განათლების, გამბედაობის მაგალითსაც აძლევენ. სახელმწიფომ მასწავლებლებს სახე დაუკარგა და სკოლა პოლიტიზებული გახადა. როცა მასწავლებელს პატივს არ სცემ, როგორც ადამიანს და პიროვნებას, ბუნებრივია, მისი ნათქვამიც აზრს კარგავს.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრიორიტეტად დასახელებულია განათლება და უამრავი ხალხი ექვსი თვის განმავლობაში სრულიად უანგაროდ მუშაობდა საკითხზე, როგორ უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა. ეს პროცესი ძალიან რთული იქნება, რადგან ყველაფერი დანგრეულია, განსაკუთრებით - სკოლაში, რომელიც ამ მახინჯმა რეფორმამ, მანდატურებმა და პოლიციურმა რეჟიმმა, გაურკვეველმა მე-12 კლასმა სრულიად გაანადგურა... თუმცა "ქართულ ოცნებას" აქვს ამ პრობლემის მოგვარების რესურსი იმ ადამიანების სახით, ვინც ხელისუფლებამ "ჩარეცხა" და გარიყა.
- პოლიტიკოსების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?
- წიგნიერი და განათლებული ადამიანი ამბიციური არ არის, მასთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი. წლების განმავლობაში გვესმოდა, ახლა ჩვენ ვართ, რასაც გვინდა იმას ვიზამთო. ამას წიგნიერი კაცი არასოდეს იტყვის. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსს განათლებასთან ერთად სიკეთის ქმნის უნარიც ჰქონდეს, რადგან განათლებულ ბოროტ ადამიანზე საშიში არაფერია.
- აქტიური მკითხველია ნინელი ჭანკვეტაძე?
- მომენატრა კარგი მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა... კიდევ ჩემი შვილი მეხმარება - ბევრს კითხულობს და მეც იძულებული ვარ, რაღაცებს გადავხედო, მასთან საუბარი რომ შევძლო. ვფიქრობ, დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც წიგნის კითხვის დრო და საშუალება არ იყო. ვემზადები, რომ მშვიდად დავჯდე და დანაკლისი ავინაზღაურო… თუმცა ჩანთაში ყოველთვის მედო რომელიმე წიგნი და თავისუფალ დროს ვკითხულობდი. უწიგნოდ ძნელია, ადამიანმა თავი სრულყოფილ პიროვნებად მიიჩნიოს. ამ ეტაპზე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და თეატრს ვუბრუნდები.
- რომელი მწერალი მოგწონთ?
- სხვადასხვა პერიოდში - სხვადასხვა. ახლა ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებს ვკითხულობ... თაროზე შემოდებული მაქვს უამრავი პიესა, რომლებსაც სიამოვნებით ჩავუჯდები. ჩემი საყვარელი მწერალია ოთარ ჭილაძე. დრო რომ გავა, მეტად გავაცნობიერებთ, რამხელა მწერალთან გვაქვს საქმე.
- რომელი პერსონაჟია ნინელი ჭანკვეტაძე?
- ცხოვრებაში თამაში არ მიყვარს, ამისთვის მაქვს სცენა. ერთი ჩვეულებრივი, მშიშარა ნინელი ჭანკვეტაძე ვარ, რომელიც უსამართლობის წინაშე გამბედავი და შეუდრეკელი ხდება. მეშინია მწერების, ჭიების, ტკივილის... მაგრამ ბავშვობიდან უსამართლობას ვებრძვი და მგონია, რომ ეს ყველას ვალია. სხვაგვარად ადამიანის სახელი ვერ დაგერქმევა.
- დღევანდელი საქართველო რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- "დათა თუთაშხიას". "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობასთან 2500 შეხვედრა გამართა და მეც მრავალი მხარე და სოფელი მოვიარე. ამ შეხვედრებზე სცენებს ვხედავდი "დათა თუთაშხიადან".
ოცდაცამეტი წელია, ჩვენი თეატრი ყოველ სეზონს "ბაკულას ღორებით" ხსნის და როდესაც კლდიაშვილის ტექსტით ველაპარაკები მაყურებელს, მათ სახეზე ყოველთვის გაკვირვებას ვკითხულობ - დღევანდელ საქართველოზე ლაპარაკობს ნინელი თუ მართლა დავით კლდიაშვილის ტექსტიაო? ეს მხოლოდ დიდ კლასიკოსებს ახასიათებთ. ისინი მუდამ თანამედროვეები არიან.
- რის წაკითხვას გვირჩევს ნინელი ჭანკვეტაძე?
- დროა, "დათა თუთაშხიას" და "ვეფხისტყაოსანს" მივუბრუნდეთ...