ქართველი გუბერნატორები დედამიწის გარშემო - სად იხარჯება უზღვავი საწვავი?

ქართველი გუბერნატორები დედამიწის გარშემო - სად იხარჯება უზღვავი საწვავი?

საქართველოს თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-18 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპირობებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას. ასეთია დასკვნა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა აღნიშნული ხარჯების შესწავლის შედეგად მოამზადა.

9 გუბერნატორის მიერ გახარჯული საწვავის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-18 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1500 ლიტრამდე მერყეობდა. 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132 208 ლიტრის საწვავი.

„2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან; 2017-18 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს - 54.7 ათას კილომეტრს; 2017-18 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით - 215 კილომეტრს“, - ნათქვამია IDFI-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო ავტოპარკის მართვა გასული საუკუნის მეთოდებით ხდება და ის თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ტრანსპორტისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც პერიოდულად სამართლიანად ხდება საჯარო განხილვის საგანი. გადასახადის გადამხდელთა კავშირი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა საჭიროა, ვიფიქროთ მისი ეფექტიანობის გაზრდაზე. საქართველოში სახელმწიფო ავტოპარკის მართვა ხდება გასული საუკუნის მეთოდებით და ის ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

განვითარებული და მათ შორის, მდიდარი ქვეყნების მთავრობები დიდი ხანია გადავიდნენ ავტოპარკის გაზიარების სისტემაზე, რომელიც ამცირებს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვის ხარჯს, აუმჯობესებს მონიტორინგის ხარისხს და დადებითად მოქმედებს გარემოზე. ასეთ სისტემაში სახელმწიფო მოხელეებს არ ემსახურებათ პირადი ავტომობილი და მძღოლი. მათ ტრანსპორტირებით უზრუნველყოფენ საერთო სარგებლობის ავტოტრანსპორტით. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მაღალი და განსაკუთრებული სტატუსის მქონე თანამდებობის პირები.

საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს აღნიშნული სისტემის ცვლილებაზე მუშაობა და გაიზიაროს საზღვარგარეთის წარმატებული მაგალითები“, - აცხადებენ გადამხდელთა კავშირში.

სხვაგვარად უყურებენ პრობლემას საქართველოს მთავრობში და ზოგადად თვლიან, რომ ამ მხრივ პრობლემები არც არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თითო ლიტრი საწვავის ხარჯვა დღესაც ძალიან მკაცრად ხდება.

„მადლობა IDFI-ის ამ რეკომენდაციისთვის, მაგრამ ეს რეკომენდაცია შესრულებულია დიდი ხნის წინ. ვინმემ ჩაასხა თუ არა ერთი ლიტრი ზედმეტი ბენზინი? ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია“, - აცხადებს სუბარი.

მისივე თქმით, ყველა გუბერნატორს აქვს მკაცრი და მკაფიო დავალება, რომ ჰქონდეთ ყოველდღიური კონტაქტი მოსახლეობასთან და ადგილზე შეისწავლონ პრობლემები.

„თითოეულ მხარეში არის ისეთი ადგილები, სადაც მისვლა მთელი დღის დაკარგვას ნიშნავს. წარმოვიდგინოთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩავა უშგულში ან სამცხის გუბერნატორი წავა ადიგენის მთებში... დღე არ გავა, რომ ისინი არ იყვნენ ხალხთან აქტიურ კომუნიკაციაში. პლუს, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გუბერნატორებს დავალება აქვთ, რომ ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეთ მოსახლეობასთან ფაროსანასთან დაკავშირებით. შიდა ქართლის გუბერნატორს ყოველდღიურად უხდება ჩასვლა კონფლიქტის ზონასთან და ა.შ.

შედეგი ის არის, რომ 2 წელს რომ დააჯამებ და 7 გუბერნატორის ნასიარულებს დააჯამებ, შეიძლება დიდი რიცხვი გამოვიდეს, მაგრამ რომ გავყოთ ეს ყველაფერი 2 წელზე, 7 გუბერნატორზე, დღეში გამოდის 25 ლიტრი საწვავი ან 150 კმ.

სამეგრელოს თუ გურიის გუბერნატორებს კი, მთავრობის სხდომაზე ჩამოსვლისთვის ყოველკვირეულად უწევთ 700-800 კმ წინ და უკან სიარული. მათი დასწრება მთავრობის სხდომაზე კი მნიშვნელოვანია, რადგანაც მოაქვთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი მათს რეგიონებში“, - აცხადებს სუბარი.

2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპირობებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა. 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის.