„ვინ გააკონტროლებს ანაკლიის პორტს, ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხია, რადგან აქ არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამხედრო ტვირთების გატარებაზეცაა საუბარი“

„ვინ გააკონტროლებს ანაკლიის პორტს, ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხია, რადგან აქ არა მარტო ეკონომიკური, არამედ სამხედრო ტვირთების გატარებაზეცაა საუბარი“

მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს ჩინური სტრატეგია - „ერთი სარტყელი ერთი გზა“ წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივა ორი მეგაპროექტისგან შედგება: „გზის ეკონომიკური სარტყელი“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“. ზუსტად ამ კონტექსტშია ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ცენტრად და აბრეშუმის გზის მარშრუტზე სტრატეგიულ კვანძად აქცევს.

2020 წლისთვის პორტს შეეძლება წელიწადში 8 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გატარება, რაც დაახლოებით 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს წელიწადში. ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2020-21 წლებშია დაგეგმილი.

ჩინეთის დაინეტერესება ანაკლიის პროექტით თვალშისაცემია. ანაკლიისა და ჩინეთის პორტებმა თანამშრომლობის მემორანდუმი ჯერ კიდევ შარშან გააფორმეს. შარშანვე ანაკლია სითის მოსაწყობად რამდენიმე ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ანაკლიის თუ ფოთის პორტების განვითარება?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

- ანაკლია, თუ ფოთი?! რა გითხრათ, ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე უაღრესად მნიშვნელოვანია. ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება სჯობს, თუ ანაკლიის, ეს უკვე სპეციალისტების გადასაწყვეტია. თავის დროზე, როცა ეს საკითხი შეისწავლეს, ანაკლიას მიანიჭეს უპირატესობა. ეგ არ არის ისეთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ვნებათაღელვის პლანში უნდა გადაწყდეს, ამას პროფესიული განხილვა სჭირდება. როგორც მე ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს, როგორც ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც თავისი ინფრასტრუქტურა ექნება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალურ პროექტში. არა მგონია, მთავრობამ პოზიცია შეიცვალოს. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პოლიტიკური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი.

ჯერ კიდევ ამ ორიოდე თვის წინთიბისი ბანკისირგვლივ შექმნილი პრობლემებისთანავე ფოთის პორტმა დააანონსა, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას თავად აპირებდა. ეს შემთხვევითი არ იქნებოდა და ამის გაგრძელება იყო სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის შესახებ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი გამიზნულად მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ იყო გადადგმული?

- რასაკვირველია, აქ იყო ხაზარაძესთან დაკავშირებული პრობლემები და ამის უარყოფა შეუძლებელია. თუმცა არა მგონია, სამომავლოდ ვითარება პრინციპულად შეიცვალოს და საფრთხე შეექმნას ანაკლიის პორტის მშენებლობას.

ვერსიები შეიძლება მრავლად იყოს. არც ისაა გამორიცხული, ანაკლია იმიტომაც დაიწუნეს, რომ მისი სახელი მიხეილ სააკაშვილის სახელთან იგივდებოდა.

- იქ ლაზიკა და მთელი ამბავია, მაგრამ ეს არ არის ახალი პროექტი, დიდი ხანია, მიმდინარეობდა ამ პროექტის დამუშავება. ცნობილი ინჟინერი სპარტაკ ერაგია მუშაობდა ამ პროექტზე. მანამდე, საბჭოთა დროიდან მსჯელობდნენ ამაზე, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პორტი უნდა აშენებულიყო. ამ ძველ იდეას სააკაშვილმა თავისი პიარტექნოლოგიური თვალსაზრისით გარკვეული მოგება, პოლიტიკური დივიდენდები მოატანინა. მის დროს უნიკალური ვითარება იყო იმ თვალსაზრისით შექმნილი, რომ კონსტიტუციაში ჩაწერეს ქალაქ ლაზიკის სტატუსი, რომელიც რეალურად პრაქტიკულად არც არსებობდა, ანუ აუშენებელი ქალაქი იყო მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციაში და უცნაური რამ ეწერა, ლაზიკის სტატუსი განისაზღვრება სპეციალური კანონითო.

ზუსტად იმ პერიოდში ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენი დავით კარტოზია ამბობდა, რომ ლაზიკის პროექტის იდეა სწორედ მას მოჰპარა სააკაშვილმა.

- დიახ, მახსოვს დავით კარტოზიას ნათქვამიც. მილიონნაირი პროექტი შეიძლება ყოფილიყო, მანდ მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოსთვის ასეთი საჭიროება არსებობს, რათა სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის გლობალური უსაფრთხოება შეიქმნას და გლობალური თვალსაზრისით საქართველოს ჰქონდეს ასეთი მნიშვნელოვანი პორტი, რომელიც არსებითად შეცვლის ძალთა განლაგებას არა მარტო შავ ზღვაზე, არამედ მთლიანად, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტშიც. ეს რამდენჯერმე აქვს ამ ხელისუფლებას ნათქვამი და ბევრჯერ გამეორებულა, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, რადგან ანაკლიის პორტი სტრატეგიულია საქართველოსთვის და დარჩება სტრატეგიულად.

ცხადია, შავი ზღვის აუზში ნატოს გააქტიურების კვალდაკვალ ანაკლიის პროექტი მნიშვნელობას იძენს. ამის მიუხედავად, ხელისუფლების მცდელობა იყო, ფოთის პორტისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. ეს მაშინ, როცა, ექსპერტთა გათვლით, ფოთის პორტი ვერასოდეს შეასრულებდა ანაკლიის ფუნქციას. უფრო მეტიც, ანაკლიის ახალი პორტი პერსპექტივაში 180-200 მილიონ ტვირთს გადაამუშავებდა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ერთად აღებული ბათუმის, ფოთის, ყულევის, სუფსის პორტები.

- ეს ასეა, მაგრამ შესაძლებელია ფოთის პორტის განვითარება, თუმცა ამას სერიოზული რეკონსტრუქცია დასჭირდება. ამიტომაც სპეციალისტების ანალიზით, ფოთის პორტის რეკონსტრუქციას, ფოთში არსებული ნავსადგურის გადაკეთებას სჯობს, ახალი აშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით, მოთხოვნებით. ამაზე დიდი ხანია, სპეციალისტები აღარ კამათობენ. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ურთიერთკავშირშია - პოლიტიკური ინტერესები, საგარეო და საშინაო ურთიერთობები. მე არ ველოდები, რომ რაიმე გადაისინჯება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ახლა კონსტიტუციაში ისევ წერია ანაკლიის პორტი, ლაზიკა აღარ წერია. ეს ნიშნავს, რომ ახალი ქალაქის აშენება და პიარული გადაწყვეტილებები უკვე აღარ არის საჭირო და საუბარია იმაზე, რაც რეალური, ხელშესახებია, ანუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ახალი პორტი უნდა აშენდეს.

რუსეთის ინტერესზეც მინდა გკითხოთ. როდესაც საუბარი იყო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ ქმედებებზე, მაშინაც გახმიანდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ რუსეთმა ურჩია, არ აეშენებინა ანაკლია.

- ეს ტრადიციული თემაა, რომელიც ივანიშვილის გამოჩენისთანავე ქართულ პოლიტიკაში გათამაშდა. რა თქმა, უნდა, რეალისტური ამის უკან არაფერი არ არის. აქამდე ვერც ვერავინ დაასაბუთა ასეთი რამ. ის, რომ ივანიშვილს ასეთი კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკასთან და რუსეთის გავლენის აგენტია, შეთქმულების თეორიის ნაწილია.

ფაქტია, ანაკლიასთან მიმართებით ხელისუფლებამ უკან დაიხია და ფოთის პორტის თემა უკვე მიიჩქმალა. ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ დასავლეთმა მოითხოვა ანაკლიის პროექტის გაგრძელება?

- აქ ბევრი ინტერესები იკვეთება, საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, რუსეთის ინტერესებიც, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს არაერთგზისაა გაცხადებული. მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებიდან ვინმემ უკან დაიხია ანაკლიასთან მიმართებით, ან პოზიცია გადასინჯა. ასევე, მცდარია იმაზე ლაპარაკი, თითქოს საქართველომ საგარეო პოლიტიკური მიმართულება შეცვალა.

თავის დროზე პრემიერის რანგში მყოფი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ლაზიკა ანაკლიის პორტთან მიმართებით ძალიან აგებდა, რადგან ანაკლიას გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნდა. ამ განცხადების შემდეგ გაუგებარი იყო ფოთის პორტით ხელისუფლების დაინტერესება.

- როდესაც სააკაშვილი ლაზიკაზე ლაპარაკობდა, სინამდვილეში, ანაკლია ჰქონდა მხედველობაში, ანუ ანაკლიის მიდამოებში ქალაქის აშენება, რომელიც არა მარტო ნავსადგური იქნებოდა, კიდევ სხვა ფუნქციებიც ექნებოდა და ვითომც მთელი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური ცენტრი უნდა გამხდარიყო.

სააკაშვილის დროს ანაკლიას აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის დატვირთვაც ჰქონდა.

-რასაკვირველია, ეს კარგი იდეაა, რადგან ანაკლია აფხაზეთის საზღვართან ახლოსაა და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ამიტომ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საპნის ბუშტი, არაფერი რეალური იმის უკან სააკაშვილის დროს არ იდგა. ეს საპნის ბუშტი გაიბერა როგორც პიარი, გაიბერა, როგორც საპროპაგანდო მასალა და იქამდე გაიბერა, რომ, როგორც გითხარით, კონსტიტუციაში ანეკდოტურად ჩაიწერა არარსებული ლაზიკა, რომელსაც რეალური პროექტის სახე ჯერ არ ჰქონდა. დღეს სხვა ვითარებაა და საუბარია იმაზე, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ამ ადგილას უნდა აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც ექნება გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. არა მგონია, ეს ვინმემ შეცვალოს და რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ნებაზე იყოს დამოკიდებული.

მეტსაც გეტყვით, ხელისუფლება რომც შეიცვალოს, არა მგონია, ეს სწორი იდეა გადასინჯვას დაექვემდებაროს. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკური ჯგუფების მხრიდან, იქნება დაპირისპირებაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ იმოქმედებს ანაკლიაზე. შეიძლება, ინტერესთა კონფლიქტმა ცოტათი შეაფერხოს ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ ისიც შეიძლება, დააჩქაროს კიდეც ამ პროექტის ხორცშესხმა.

დაბოლოს, ანაკლიის სახელი ჩინურ ინვესტიციებთან გადაიჯაჭვა. საინტერესოა, ამერიკა დაუშვებს კავკასიაში ჩინური კაპიტალის გაბატონებას?

- აქ ბევრი ინტერესია, სხვათა შორის, სპარტაკ ერაგიას პროექტი ტექნიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური იყო, ვიდრე ხაზარაძის კონსორციუმი აპირებს, გააკეთოს. რატომ ითქვა სპარტაკ ერაგიას პროექტზე უარი მაშინ და ხომ არ იყო ეს ჩინელების წინააღმდეგ გარკვეული ეკონომიკური დემარში, ეს არ ვიცი. შეიძლება ისიც რეალობა იყოს, რაზეც თქვენ მიანიშნებთ, რომ ამერიკას არ უნდა ჩინური ინვესტიციების გაძლიერება საქართველოში. აქ ხომ გეოპოლიტიკური ინტერესებია და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გლობალური ეკონომიკური პროექტი. სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პერსპექტივა. თუ ანაკლიის პორტი აშენდება, ის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობებში და ვინ გააკონტროლებს ამ პორტს? თუნდაც ფინანსურად ვინ იქნება მისი მთავარი ინვესტორი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხია, რადგან აქ არა მარტო ეკონომიკური ტვირთების გატარებაზეა საუბარი, არამედ სამხედრო ტვირთებისაც. ამდენად, ყველა მოსაზრებას, ყველა მოარულ ხმას საფუძველი აქვს. მათ შორის, იმასაც, რომ ამერიკელებმა დაბლოკეს ჩინელების მონაწილეობა ამ პროექტში.