ქართული კინოს კლასიკოსი, რეჟისორი ელდარ შენგელაია და საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი იმედო კახიანი, წელს კანის ფესტივალზე მიიპატიჟეს, როგორც გამარჯვებული ფილმის წარმომადგენლები და პრიზი გადასცეს.
საუბარია 55 წლის წინ გადაღებულ ფილმზე - „თეთრი ქარავანი“, რომელიც 1964 მერაბ ელიოზიშვილის სცენარის მიხედვით სრულიად ახალგაზრდა რეჟისორებმა ელდარ შენგელაიამ და თამაზ მელიავამ გადაიღეს.
კანის კლასიკოსის პრიზი ელდარ შენგელაიას გადაეცა.
კანში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ მსახიობმა იმედო კახიანმა ისაუბრა.
ბატონო იმედო, პირველ რიგში, გილოცავთ ამ აღიარებას და წარმატებას! როგორია ამბავი „თეთრი ქარავანისა“ და როგორ მოხვდით კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე?
- 55 წლის წინ, კანში, მთავარ კონკურსზე აჩვენეს ფილმი „თეთრი ქარავანი“, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. გავიდა დრო და ახლა სექსია „კანკლასიკაში“ ანუ კანის კლასიკოსებში აჩვენეს. „თეთრი ქარავანი“ საქართველოს კინოცენტრმა წარადგინა კანში, სადაც გაიმარჯვა და პრიზი აიღო.
როგორი შეგრძნება იყო კანის ფესტივალსა და წითელ ხალიჩაზე გავლა?
- უამრავი გენიოსი გვყავდა ქართულ კინოში, მაგრამ ამ ხალიჩაზე გავლა ბევრს არ ღირსებია. ელდარი იქ მეორედ მოხვდა.
17 მაისს გაიმართა ჩვენება. მანამდე იყო წითელი ხალიჩა, რომელიც კანში ძალიან საპატიოა. ნამდვილი ვარსკვლავები რომ მიჰყავთ მანქანებით, ისე მიგვიყვანეს. სასტუმროში მოგვაკითხა ლიმუზინმა და მიგვაბრძანა იმ სასახლემდე, სადაც კინოფესტივალი ტარდება. მე არ ვარ მიჩვეული წითელ ხალიჩებზე სიარულს. მანქანიდან რომ გადმოვედი და ამდენი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი დავინახე, საით გამეხედა აღარ ვიცოდი.
ერთ მხარეს თუ გაიხედავდი, მეორე მხრიდან ყვიროდნენ ფოტოგრაფები აქეთ მობრუნდითო. ძალიან დაბნეული ვიყავი. ჩვენს ლიმუზინში იჯდა ელდარ შენგელაიას შვილიშვილი ნატალია ჯუღელი, ენა იცოდა და გზას გვიკვალავდა. იცოდა, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი.
რა ხდებოდა დარბაზში, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა?
- დიდ სასახლეში ტარდება ჩვენება, სადაც ცალ-ცალკე დარბაზებია ცნობილი რეჟისორების სახელობის.
ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მაყურებელი. მაგრამ აქა იქ ქვითინიც ისმოდა დარბაზში. ქვეყნისთვის ეს ძალიან საამაყოა და მიკვირს იმ მასმედიის საშუალებების, რომლებმაც ეს ამბავი არ გააშუქეს, რაღაც პოლიტიკური მოსაზრების გამო. რა შუაშია, ვინ რა გვარია, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია? მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი და ყველას წარმატება მიხარია.
კანის ფესტივალზე ცნობილ მსახიობებსა და რეჟისორებსაც შეხვდით?
- ალენ დელონი იყო, რომელსაც თურმე აქამდე არც ერთი პრიზი არ ჰქონია. ახლა 85 წლის ასაკში მისცეს პრიზი კინოში გაწეული ღვაწლისთვის, აქამდე არ აძლევდნენ პრიზს იმის გამო, რომ მხარს არ უჭერს პედერასტებს. ამის გამო იზოლირებული ჰყავდათ, მაგრამ რა უნდა დააკლო ამით ალენ დელონს?!