გვესმის, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არც ისე იოლი აღმოჩნდა ამ სტრატეგიულ პარტნიორთან დავით გარეჯის კუთვნილების საკითხის გარკვევა. აზერბაიჯანელები ცდილობენ ისტორიული კავკასიის ალბანეთის ნაწილად წარმოაჩინონ თავი, რომელიც ძვ.წ.აღ-მდე მე-4 საუკუნიდან მოყოლებული არა მარტო თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიას, არამედ საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების ნაწილსაც მოიცავდა.
აზერბაიჯანელებს ალბანელების მემკვიდრეებად თავის წარმოჩენა იმ მოტივითაც აწყობთ, რომ ფიქრობენ, სომხეთთან დავის მოგვარების გასაღები სწორედ ალბანურ მემკვიდრეობაზე გადის. კერძოდ, თავის დროზე რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ალბანური კულტურის მემკვიდრეებად, ქრისტიანული სარწმუნოებიდან გამომდინარე, სომხები გამოაცხადა, როდესაც ალბანური ეკლესია გააუქმა და მისი ქონება სომხებს უბოძა. აზერბაიჯანელები ამით დაზარალებულებად თვლიან თავს და მიიჩნევენ, რომ სომხებს არასწორად ერგოთ ეს ტიტული. შესაბამისად, ქართულ მხარესთან მიმართებითაც ცდილობენ, ალბანური კულტურის მემკვიდრეებად გამოაცხადონ თავი.
რა პერსპექტივა აქვს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას დავით გარეჯის პრობლემის პრიზმაში? ამის შესახებ For.ge-ს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ესაუბრა.
ას წელზე მეტია, საქართველო-აზერბაიჯანის ამ მონაკვეთზე საზღვრის გამიჯვნის საკითხი ვერ მოგვარდა. როგორ გესახებათ პრობლემის მოგვარება, რათა არც ჩვენ დავზარალდეთ და არც სტრატეგიულ მეზობელთან გვქონდეს სადავო?
- უმთავრესად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების უნიათობა, ჭირვეულობა და ინდიფერენტულობა შესამჩნევია. აქედან გამომდინარე, ჩვენს ეკლესიას ემატება პასუხისმგებლობა და უფრო მეტად უმძაფრდება ვალდებულება, რადგან სათანადო ორგანოები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. ზალკალიანის განცხადება, რომ მან ინფორმაცია სატელევიზიო სივრციდან შეიტყო, იყო ძალიან უბადრუკი, უღირსი, არაადეკვატური, რადგან სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე საკვანძო სამინისტრო, პირველ რიგში, უნდა იყოს ინფორმირებული ასეთ საკითხებთან მიმართებით და მმართველი გუნდი საკუთარი საზოგადოების წინაშე უნდა გრძნობდეს მოჭარბებულ პასუხისმგებლობას. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, ამან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ღრმა კრიზისი, რომელიც არსებობს სახელისუფლებო სისტემაში.
რაც შეეხება ამ პრობლემის მოგვარების გზას, რა თქმა უნდა, ეს გზა არსებობს. დელიმიტაციის საკითხი და სადემარკაციო-სასაზღვრო ხაზის დადგენა მრავალწლიანი კვლევის შედეგად უკვე დადასტურებულია, უბრალოდ, მას სჭირდება პოლიტიკური ნება, პატრიოტული, პრინციპული პოზიცია, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია. არც იმას გამოვრიცხავ, გარკვეული ტიპის ბიზნესკარტელი არსებობდეს „სოკართან“ მიმართებით, რომელიც ცალკეული კერძო სუბიექტებისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი, სარფიანი და მომგებიანია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები.
გარკვეულ ეჭვს ბადებს, ხელოვნურად რატომ ხდება ამ კონფლიქტის ინსპირირება იმ ფონზე, როდესაც მესამე ძალა-რუსეთი მუდმივად მომხდურის როლშია და სარგებლობს ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციით. შესაძლოა, რუსეთი ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდეს სადამსჯელო ძალა და მან წესრიგის „აღდგენა“ სხვადასხვა ფორმით სცადოს, როგორც მინიმუმ, ქაოსის შემოტანით. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი და გასათვალისწინებელი ფაქტორი, ამიტომ ხელისუფლება ორმაგად ვალდებულია, როგორც გარე საფრთხეები, ისე შიდა მოსალოდნელი უთანხმოება აღკვეთოს, რაც უკვე აშკარაა. საზოგადოების რაღაც ნაწილი დავით გარეჯთან მიმართებით შექმნილ პრობლემას პროვოკაციად აფასებს, ნაწილი ემოციურად უდგება საკითხს და იმპულსურ განცხადებებს აკეთებს, ზოგიერთები ისტორიული ნარატივით საზღვრავენ, რომ არათუ დავით გარეჯი, არამედ ისტორიული კახეთი, ჰერეთად წოდებული, საინგილოს ტერიტორიაც უნდა დაუბრუნდეს საქართველოს.
როდესაც ვდავობთ საკითხზე, უნდა დავეყრდნოთ ისტორიულ სინამდვილეს და განვსაზღვროთ, რომელი პერიოდიდან დავიწყოთ ათვლა. რეალურად, ათვლა საიდანღაც უნდა დავიწყოთ. ეს მნიშვნელოვანია და უნდა ვიცოდეთ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან ვიწყებთ ათვლას, თუ ანექსიიდან, გასაბჭოებიდან, ან კომუნიზმის პერიოდში შექმნილი რუკებიდან. ამას სჭირდება ორმხრივი კომისია და ძალიან მარტივია ამის დადგენა. ჩემთვის, როგორც თეოლოგისთვის, კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, 1997 წელს ჩვენმა ეკლესიამ დატოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, სადაც სხვადასხვა კონფესიები, დენომინაციები და რელიგიური სუბიექტები იყვნენ გაერთიანებულნი. აქ ძირითადად უფრო ქრისტიანულ სუბიექტებზეა საუბარი, თუმცა ამან მრავალრელიგიური სახეც შეიძინა შემდგომ წლებში. ეს საერთაშორისო ტრიბუნა და ფორუმი, რომელზეც საქართველოს ეკლესიას საპატიო ადგილი ეკავა და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პრეზიდენტიც კი, რუსეთის წნეხის შედეგად ჩვენ დავკარგეთ, რადგან საქართველომ დატოვა ეს ორგანიზაცია. არადა, სადღეისოდ ეს ფორმატი გამოგვადგებოდა იმისთვის, რომ ჩვენი კულტურული კვალის ავთენტურობაზე საერთაშორისო სარბიელზე გვემსჯელა და დაგვედასტურებინა იმის ლეგიტიმურობა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც ხუროთმოძღვრული, არქიტექტურული, ისე ფერწერული კუთხით, ასევე, ნაკაწრი და ეპიგრაფიკული წარწერებით, საფლავებით, აბსოლუტურად ყველა ასპექტში დავით გარეჯი არის ქართული საგანმანათლებლო სამონასტრო კერა და არავითარი ალბანური წარმოშობა მას არ გააჩნია.
მათ შორის, საუბარია დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ ჩიჩხიტურზე, უდაბნოსა და ბერთუბანზე, სადაც თამარ მეფის ფრესკაა შემორჩენილი, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანის შემადგენელობაში აღმოჩნდა.
- რა თქმა უნდა, ეს არის მთელი კომპოზიცია, სამონასტრო კომპლექსი. ჩიჩხიტურიც, ბერთუბანიც ერთიანდებოდა ამ კომპლექსში, იქ იყო 24 ტაძარი, რომელიც ამ სამონასტრო კომპლექსთან იყო დაკავშირებული.
არის ასეთი არგუმენტიც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებულ მსოფლიოში საზღვრების გადახედვა არ ხდება და საზღვრების გადახედვა ნიშნავს ომს, ამიტომ ისტორიას არ უნდა მოვუხმოთ.
- საზღვრების გადახედვა როგორ არ ხდება. სულ რაღაც 10-15 წელია, რაც ჩეხეთი და სლოვაკეთი გაიყო. რა თქმა უნდა, გაეროს წესდებით რაც არის, ის შეუცვლელია, მაგრამ, მეორე მხრივ, საზღვარი გადახედვას ექვემდებარება, თუკი ორივე მხარე ორმხრივ კომისიას აყალიბებს. ამის რეგულაცია არსებობს თუნდაც იმავე საერთაშორისო კონვენციებითაც. ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამის გადახედვა. აგერ, ჩრდილოეთ მაკედონია ახლად დაფუძნდა სახელმწიფოდ და საბერძნეთთან მიაღწია შეთანხმებას, ეს ბუნებრივი, თანმდევი პროცესია და ნორმალურია ამაზე დისკუსია, მსჯელობა, ოღონდ რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს ამას და არ უნდა იყოს სეპარატისტული აღტკინებით ნასაზრდოები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ეს საზღვრები არასდროს განსაზღვრულა.
27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1992 წელს შეიქმნა ორმხრივი კომისია და კვლავაც პროცესშია ეს საკითხი. ეს თემა რომ არ იყოს დაძრული და ორივე მხარე არ ყოფილიყო გამსჭვალული იმ მიზანსწრაფვით, რომ დაგვედგინა საზღვრები, მაშინ კიდევ ვიმსჯელებდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ომის ინსპირაცია, მაგრამ ასე არ არის. ამ საკითხის ამგვარი სტიგმატიზება მორალური კუთხით დანაშაულად მიმაჩნია.
ამ საკითხთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, აქცია-მსვლელობას, კავკასიის სამივე ერის დროშების აფრიალების ჩანაფიქრს ზედმეტად მიიჩნევთ?
- რა თქმა უნდა, ხელოვნურად ხდება ტემპერატურის აწევა. ამ საკითხთან მიმართებით სომხეთს თავისი ინტერესები აქვს, სპეცსამსახურებს თავიანთი ინტერესები. საქართველო ყველაზე მოწყვლადია ამ თვალსაზრისით, რადგან სიღარიბეა ჩვენს ქვეყანაში და აგენტურა ძალიან მძლავრად მოქმედებს. ყველას თავისი ინტერესი აქვს ჩვენს რეგიონში და ჩვენ ბეწვის ხიდზე გასვლა გვიწევს. არც ერთ შემთხვევაში ქსენოფობიური, შოვინისტური, რასისტული განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა აზერბაიჯანელს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ინტერესები და უბრალოდ, ვითხოვთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავადგინოთ საზღვარი. ეს გავაკეთოთ ისე, რომ არ მივიდეთ სამხედრო კონფრონტაციამდე.
წლების განმავლობაში აზერბაიჯანი სხვა ტერიტორიის სანაცვლოდ გადაცემას არ თანხმდებოდა. რა გარანტიაა, რომ ახლა დაგვთანხმდება?
- ეს მაინც ვაჭრობის საგანია, რაღაცის სანაცვლოდ უნდა მოხდეს ტერიტორიის გაცვლა. საქართველო უნდა იყოს საიმისოდ მოწოდებული, რომ აზერბაიჯანს დაუსვას ეს საკითხი. ჯერ ერთი, წმინდა მორალური თვალსაზრისით, საქართველოში ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი აბსოლუტურად ხელშეუხებლად, მშვიდობიანად თანაარსებობს ეთნიკურ ქართველებთან. 330 მეჩეთია საქართველოში მაშინ, როდესაც საინგილოში ერთი ქართული ტაძარიც არ ფუნქციონირებს. ეს ცალმხრივი ძმობის გამოხატულებაა და, ამდენად, დამამცირებელია. შეიძლება გადაიხედოს თუნდაც იმავე აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები, ორმხრივი ხელშეკრულებები, გარკვეულწილად, ჩვენც უნდა ვივაჭროთ და სასწორზე დავდოთ რაღაცები, პოლიტიკაში ასე ხდება ყოველთვის. მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს აღმოაჩნდეს გამბედაობა და ღირსება. ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო ტრიბუნის დახმარებით ჩვენივე გულისწადილი ავისრულოთ ისე, რომ ამაში არაფერი მიტაცებული, მტაცებლური და აგრესიული არ იყოს. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, რაც არ გვეკუთვნის, ან რაც არ ყოფილა.
ხშირად პარალელები მოჰყავთ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით, რომელსაც ვერ ვიბრუნებთ. რით განსხვავდება დავით გარეჯისა და ტაო-კლარჯეთის შემთხვევები?
- იმის სანაცვლოდ, რომ თურქეთს ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ზვიად გამსახურდიას დროს ჩვენ დავდეთ თურქეთთან შეთანხმება, რომ არასდროს ტაო-კლარჯეთის საკითხს არ გადავხედავდით. საინგილოს თემა კი ამისგან განსხვავებულია, რადგან, პირიქით, თავის დროზე იქ კომისია იმისთვის შეიქმნა, რათა საზღვარი დადგენილიყო. საზღვრის დადგენაში სულაც არ იგულისხმებოდა დავით გარეჯის დათმობა.
ქართული მხარის არგუმენტი შეიძლება ისიც იყოს, რომ ორჯონიკიძის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებას ჩვენ არ ვეთანხმებით, რადგან საბჭოთა გადაწყვეტილებების სამართალმემკვიდრეები არ ვართ, ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად, თავსმოხვეულად საბჭოთა რეჟიმის მიერ წყდებოდა.
- რა თქმა უნდა, პერსპექტივაში, თეორიულად, ჩვენ ტაო-კლარჯეთის საკითხის დაძვრაც შეგვიძლია, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა, სახელმწიფოებრიობა, სამხედო პოტენციალი ძლიერი იქნება. დღესდღეობით თურქეთთან კონფრონტაცია ჩვენთვის დამღუპველი იქნება. როგორც წესი, ასეთი საკითხები მშვიდობიანად წყდება ხოლმე. ერთადერთი, ასეთ საკითხებს ბრძოლით აგვარებს რუსეთი, რომელსაც ამის პოტენციალი აქვს. რაც შეეხება დავით გარეჯს, კარგა ხანია, შეთანხმებულია, რომ ეს არის გასარკვევი საკითხი, ამიტომ ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ მოახდენენ ზეწოლას და წნეხს საქართველოზე ბოლშევიკური ხელისუფლების დროს ნაძალადევად გადაცემული ტერიტორიის გამო. თვით ბოლშევიკების მიერ აღწერილი რუკებითაც კი, დავით გარეჯი საქართველოს გუბერნიაში იყო მოქცეული. ანექსიისდროინდელი ძველი რუკებიც მიუთითებს იმას, რომ ჩიჩხიტური და ბერთუბანიც ჩვენი იყო. ოდესმე მაინც ეს ძეგლები აზერბაიჯანული რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ, აზერბაიჯანიდან გზა იქნებოდა გაყვანილი. ის ფაქტი, რომ იქ არ არის გზა გაყვანილი, არც ერთი არაქართულენოვანი წარწერა არ მოგვეპოვება კედელზე, არც ნაკაწრი წარწერა, არც ეპიგრაფიკული, არც ერთი ქტიტორი, არც ერთი ალბანელი წმინდანი იქ არ არის დაკრძალული და არც უცხოური წყაროები ადასტურებს ამას, ნიშნავს, რომ ამაზე კამათი აბსურდია.
დავით გარეჯი არის საქართველოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის სინდისი, ეს არის სიმბოლო ქართული საგანმანათლებლო ისტორიისა, სულხან-საბა ორბელიანი იქ აღიკვეცა ბერად, დავით გარეჯში 1616 წელს 6 ათას გარეჯელ ბერს თავი მოჰკვეთეს შაჰ-აბასის დროს.
ასევე, დავით გარეჯში მოღვაწეობდა დემეტერე-დამიანე, დავით აღმაშენებლის ვაჟი, რომელმაც ღვთისმშობელს საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ მიუძღვნა.
- დიახ, დემეტრე-დამიანეზე რომ არაფერი ვთქვათ, დავით გარეჯში ცხოვრობდა საქართველოს უკანასკნელი მეფე-გიორგი მე-11-ც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ჩვენთვის დავით გარეჯი საკრალურია და არ არის მხოლოდ სამონასტრო რიგითი კერა.
საზღვრის დამდგენმა კომისიებმა მრავალჯერ იმუშავეს, მაგრამ დღეს ზოგიერთისგან გვესმის, რომ კომისიის წევრები გაიყიდნენ და გაყიდეს საქართველოს ინტერესები დავით გარეჯთან მიმართებით. საეჭვო გარიგებების შესახებ ეჭვი თქვენც გიჩნდებათ?
- რთულია ამის თქმა. უბრალოდ, ისეთ სახელმწიფოში ვისურვებდი ცხოვრებას, რომელსაც კავკასიურ ქვეყნებთან საზღვრები მაინცდამაინც განსაზღვრული არ ექნებოდა და ჩვენს შორის მეგობრული მისვლა-მოსვლა იქნებოდა. მაგრამ, რაკი საზღვარი ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრების შუქურაა, ამიტომ აქ საჭიროა გაივლოს გარკვეული მიჯნა, საზღვარი, მით უფრო, როდესაც აზერბაიჯანი ურცხვად შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს და დავით გარეჯის კომპლექსის იდენტიფიცირებას ახდენს ალბანურ კულტურასთან. მეც არ გამოვრიცხავ, საზღვრის დამდგენ კომისიაში ზოგიერთი მოისყიდეს, ზოგიერთმა კონიუნქტურასა და სახელისუფლებო დაკვეთას ვერ გაუძლო ამა თუ იმ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს მარჩიელობის საგანია. თუკი ობიექტური კომისია იქნება და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან და დააკვირდებიან, რამდენად მყარი და უტყუარი არგუმენტაცია გვაქვს, ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომ ახალი მონაწილეებისგან, არაანგაჟირებიული ადამიანებისგან დაკომპლექტებული კომისიები უნდა შეიქმნას, რომლებსაც ბიზნეს და სხვა ინტერესები არ ექნებათ.