ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტოავარია სევილიის პროვინციის ქალაქ უტრერაში მოხდა და რეიესთან ერთად მისი ბიძაშვილიც დაიღუპა.
35 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა "სევილიამაც" დაადასტურა, სადაც რეიესს კარიერის უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული.
რეიესმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ „სევილიაში“ დაიწყო, შემდეგ კი, 2004 წელს, ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც 2007 წლამდე თამაშობდა.
გარდა ამისა, მას ორჯერ ჰქონდა მოგებული ევროპა ლიგა მადრიდის „ატლეტიკოსთან“, სამჯერ კი „სევილიასთან“ ერთად.
მას ასევე აქვს გატარებული რამდენიმე სეზონი „რეალ მადრიდში“, „ბენფიკაში“, „ესპანიოლსა“ და „კორდობაში“, 2018 წელს ჩინურ „სინცზიან ტიანშან ლეოპარდში“ გამოდიოდა, ბოლოს კი „ექსტრემადურაში“ ირიცხებოდა.