შესაძლოა, ეს კლიშე და სტერეოტიპია, მაგრამ სილამაზე არის ის, რასაც თვალი ადამიანის პირველი შეხედვისთანავე აღიქვამს. ყველას საკუთარი, ინდივიდუალური შეხედულება აქვს სილამაზის. ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ სილამაზედ, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს მომხიბვლელი. ამერიკელმა ჟურნალისტმა და მოგზაურმა, პამ რაიტმა, სხვადასხვა ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად გამოავლინა, თუ რა მიაჩნიათ კაცებს ამა თუ იმ ქვეყანაში ქალში ყველაზე მომხიბვლელად.
მიანმარი - ქალები გრძელი კისრით
დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას გინახავთ მიანმარელი და ტაილანდელი ქალების ფოტოები, კისერზე მძიმე რგოლისებრი სამკაულით. ადამიანთა ამ ჯგუფს „ჟირაფების ტომს“, ან „გრძელკისრიანების ტომს“ უწოდებენ. სპეციალური ვარჯიშის და პრაქტიკის შედეგად, მათ კისერი სხვებთან შედარებით გრძელი აქვთ და ეს სილამაზისა და სიმდიდრის ნიშანია.
ამ ქალების კისერი სხვებთან შედარებით მართლაც გრძელია, თუმცა ის, რასაც ფოტოზე ვხედავთ, გადაჭარბებულია და ეს სინამდვილეში ოპტიკური ილუზიაა. ოპტიკური ილუზია კი სპეციალური სამკაულის საშუალებით იქმნება. მიანმარელი ქალები რგოლისებრი ყელსაბამების ტარებას 4-5 წლის ასაკიდან იწყებენ და ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მეტ ყელსაბამს იკეთებენ. ამ რგოლებს წონა ერთად დაახლოებით 11 კილოგრამია.
ირანში პოპულარულია ლამაზი ცხვირები და სწორედ ამიტომ, რინოპლასტიკა აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
რინოპლასტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმართავენ და ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა, თუმცა, ამ მხრივ, ირანი ლიდერობს. აქაური ქალები ძალიან ამაყობენ ცხვირის ოპერაციით.
კენიაში ბოლომდე შეკრეჭილი თმა და ყურის ბიბილოს ზედა ნაწილის გახვრეტა მიიჩნევა სილამაზის სტანდარტად.
მასაის ტომის წევრები ცნობილები არიან მძიმე და დიდი ზომის სამკაულების ტარებით. ისინი ქვებისგან და სპილოს ეშვებისგან დამზადებულ სამკაულს ატარებენ. აქაური ქალი მით უფრო მაღალი სტატუსით სარგებლობს და მით უფრო სასურველად, მომხიბვლელად მიიჩნევა ის, რაც უფრო ჩამოგრძელებული აქვს ყურის ნიჟარა. მასაის ტომის ქალები გიჟდებიან ფერად მძივებზე და მათი სამკაულის ზომა და ბრწყინვალება ყველას ყურადღებას იპყრობს.
დაგრძელებული, დაჭიმული ქვედა ტუჩი სამხრეთ ამერიკის ნაწილსა და ასევე აფრიკის ნაწილში მამაკაცებისთვის მიმზიდველია.
ბევრმა, შესაძლოა, ყოველივე სხეულის დასახიჩრებად მიიჩნიოთ, მაგრამ ეთიოპიაში ეს ქალის სიმწიფის მანიშნებელია და აჩვენებს იმას, რომ ქალი უკვე გასცდა ბავშვობის ასაკს.
ასეთი, ტაფისებრი ფორმის ქვედა ტუჩის მიღება რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული. ამ ქალებს ამოღებული აქვთ ქვედა კბილები, რის შემდეგაც დისკის ფორმის თიხის ფირფიტას იდგამენ და შედეგად ასეთ ფორმას იღებენ. ასეთი ფორმის ტუჩს ეთიოპიელი მამაკაცები განსაკუთრებით მომხიბვლელად მიიჩნევენ.
ახალ ზელანდიაში, ამორის ტომის კაცები ქალში ყველაზე მეტად ტატუთი იხიბლებიან.
მაორის ტომის წარმომადგენლებისთვის ტატუს გაკეთება ერთგვარი ტრადიციაა. განსაკუთრებით მომხიბვლელად ითვლება ქალი, რომელსაც ტატუ ნიკაპსა და ტუჩზე აქვს. ტატუ ნიკაპზე გარდა მომხიბვლელობისა, მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშანია.
ბევრ აზიურ ქვეყანაში ქალები მზეს არიდებენ სახეს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.
სამხრეთ კორეაში ქალების დიდი ნაწილი სპეციალური ნიღბით დადის, რათა მზის მავნე ზემოქმედებას აარიდოს თავი და ეს იქ ჩვეულებრივი ამბავია. ეს ქალები ასევე სხეულის ყველა ნაწილს საგულდაგულოდ უმალავენ მზეს. იმის გამო, რომ მზეს გამუდმებით ემალებიან, მათი სახე საოცრად თეთრი და მკრთალი ფერისაა, გარდა ამისა, ისინი სახის გასათეთრებელ საშუალებებშიც ბევრ ფულს ხარჯავენ. თეთრი სახე ყველაზე მომხიბვლელად მიიჩნევა და თვლიან, რომ რაც უფრო თეთრია ქალის სახის კანი, მით უფრო სასურველია ის.
მავრიტანიაში ჭარბწონიანი ქალები მიიჩნევიან ყველაზე მომხიბვლელებად.
ჭარბწონიანობა სილამაზისა და ასევე სიმდიდრის, მაღალი სოციალური სტატუსის ნიშანია. არც ისე დიდი ხნის წინ აქ იმდენად ტრენდული იყო პუტკუნა ქალი, რომ მოზარდ გოგონებს სპეციალურ ფერმებში გზავნიდნენ, რათა ბევრი კალორიული საკვები მიეღოთ წონაში მომატების მიზნით.
თანამედროვე ადამიანები წონაში მოსამატებლად სპეციალურ ფერმებში აღარ უშვებენ გოგონებს და თანდათან ეს ტრადიცია დავიწყებას ეძლევა, თუმცა ჭარბწონიანი ქალები კვლავ ყველაზე მომხიბვლელებად და მდიდრებად მიჩნევიან.
ინდოეთში სასურველები და ყველაზე მომხიბვლელები ის ქალები არიან, რომლებიც ბევრ სამკაულს ატარებენ.
ინდოელები თვლიან, რომ სამკაული ქალს ყველაზე მეტად ალამაზებთ. სამკაული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ქორწილებსა და ფესტივალებზე. ინდოელი ქალები ცდილობენ, რომ სამკაულებითა და მაკიაჟის გამოყენებით ქალღმერთებს ჰგავდნენ. აქაური ქალები ბევრ ფულს ხარჯავენ კანის გასათეთრებელ პროდუქტებში. ინდოეთში სილამაზის კრიტერიუმები ასეთია - თეთრი კანი, ქალური სილუეტი, დიდი, მეტყველი თვალები და აუცილებლად გრძელი, შავი, მბზინვარე თმა.
სხეულის სკარიფიკაცია აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში სილამაზის ნიშანია.
სკარიფიკაცია ბევრ სხვადასხვა კულტურაში პოპულარული ტრადიციაა. განსაკუთრებით კი, აფრიკის ქვეყნებში. სკარიფიკაციას მიმართავენ ქალებიც და კაცებიც. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და სხეულის გარკვეული ფორმის ფიგურებით დასერვას გულისხმობს. ქალები ყოველივეს ყელის მიდამოში იკეთებენ და მიიჩნევა, რომ ასე ქალი უფრო სექსუალური და დამაინტრიგებელია.
ფრანგი კაცები ქალში ყველაზე მეტად ბუნებრიობით იხიბლებიან.
ფრანგ კაცს არაფერი ხიბლავს ქალში ისე, როგორც ბუნებრიობა. მაშინ, როცა ბევრ კულტურაში ქალები ირჩევენ მძიმე მაკიაჟს, საფრანგეთში ქალების უმეტესობა მაკიაჟს არ იყენებს. თუ ფრანგი ქალი მაკიაჟს იკეთებს, ის აუცილებლად მინიმალისტურია.
და ბოლოს, უბრალოდ იყავი უნიკალური, ეს ყველა კულტურაში მომხიბვლელი და მიმზიდველია.
არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ, რომელ კულტურას ეკუთვნი, ის რაც ქალს განსაკუთრებულს, მიმზიდველსა და მომხიბვლელს ხდის, არის მისი უნარი, იყოს განსაკუთრებული. ყველას მოსწონს თავდაჯერებული ქალი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს, იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორც არის და სჯერა საკუთარი განსაკუთრებულობის.