“მინდა, ძალიან კარგი სიახლის შესახებ გაცნობოთ…”

“მინდა, ძალიან კარგი სიახლის შესახებ გაცნობოთ…”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

“მინდა, ძალიან კარგი სიახლის შესახებ გაცნობოთ – კურორტ ბახმაროში პირველი მსხვილი ინვესტორი შემოვიდა. ეს არის კომპანია „ორბი“, რომელმაც ვალდებულება აიღო, ბახმაროს განვითარებისთვის ხუთი წლის განმავლობაში 50-მილიონიანი ინვესტიცია ჩადოს.

ალბათ, გესმით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს საქართველოს რეგიონებისა და კურორტების განვითარებისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ბახმაროს უდიდეს პოტენციალს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტი არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამსვენებლებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის ზრდა მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგან მეტი ტურისტი უდრის მეტ შემოსავალს კონკრეტულ რეგიონის მოსახლეობისთვის.

ასევე მსურს, გაცნობოთ, რომ წელს ძალიან კარგი სიახლე ელოდებათ დამსვენებლებს – დაიწყება ორი სკვერის მშენებლობა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რთული კლიმატური პირობების გამო, აღნიშნული პროექტების დროულად განხორციელება ვერ ხერხდება.

მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ბახმაროს ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. უკვე არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბახმაროს განსავითარებლად. კერძოდ, პირველი კამპანია იყო „ბახმარო მეტ სიმაღლეზე“.

გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბახმაროში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა – ეს იყო ელექტროფიცირება და ასევე წელს დაიწყება წყალკანალიზაციის პროექტირება, რომელიც რამდენიმე ათეულმილიონიანი პროექტია.

ამ სიახლეების გარდა, კიდევ ვგეგმავთ საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის გასაუმჯობესებელ სხვადასხვა პროექტს, რათა უფრო მეტი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებელი მოვიზიდოთ, რაც ბუნებრივია, ადგილობრივებს მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს”, – წერს ნინო წილოსანი.