აღსდგა სამართლიანობა უკრაინაში, მალე აღსდგება საქართველოში

აღსდგა სამართლიანობა უკრაინაში, მალე აღსდგება საქართველოში

"აღსდგა სამართლიანობა“, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას.

"ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში, ყველა პერიოდში აღმდგარა სამართლიანობა. გახსოვთ, როგორ ჩამოერთვა სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა.

შესაბამისად, აღსდგა სამართლიანობა, ისევე როგორც აღსდგება სამართლიანობა საქართველოში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი გაიზიარებს იგივე ბედს, რაც პოროშენკომ გაიზიარა უკრაინაში.

"ჯერ კიდევ შარშან პოროშენკოს ეს კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. იგივე მოხდება საქართველოშიც“, - განაცხადა ნიკა მელია.

შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგა.