ოდესის ყოფილი გუბერნატორის უკრაინის საზღვარზე არ შემოშვების საფუძველი არ არსებობს – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-მდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს აკრძალული ჰქონდა უკრაინის საზღვრის გადაკვეთა როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს. “ახლა კი ეს გარემოებები გაქრა”
„უკრაინის მოქალაქეს ვერ ექნება შეზღუდული უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება“ – განაცხადა ოლეგ სლობოდიანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.