ვინმე დაეხმაროს სოფიო კილაძეს

ვინმე დაეხმაროს სოფიო კილაძეს

პლენარულ სხდომაზე, სადაც ბავშვის უფლებებზე სოფო კილაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, ეკა ბესელიამ კონკრეტულ თემაზე კითხვა დასვა - პრინციპის დონეზე, ბავშვების კინოჩვენებაზე საჯაროდ დასწრება როდის ჩაითვლება დარღვევად.

სოფო კილაძემ კი ბესელიას ურჩია, რომ "ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ პროექტში ჩაეხედა და გადაეხედა იმ თავისთვის, სადაც განსაზღვრულია ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში.

"მესმის, რომ კოდექსი ძალიან სქელტანიანია, მაგრამ არ არის მთელი რიგი საკითხები, ყველა ნორმასთან მიმართებით, შეგიძლიათ გადახედოთ თავს“, - მიმართა სოფო კილაძემ ეკა ბესელიას.

ეკა ბესელიამ ტრიბუნასთან მდგომ სოფო კილაძეს შეახსენა, რომ ის ვალდებულია, კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არა ზოგადი, არამედ კონკრეტული პასუხი გასცეს.

"თუ მომხსენებელმა იცის რას ეხება კითხვა, ვალდებულია პასუხი გასცეს და არა აქეთ-იქით გადაამისამართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ეს განცხადება სოფო კილაძემ პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა.

"მესმის, რომ პროვოკაციების გარკვეული მცდელობებია, მაგრამ არ გამოვა ეს პროვოკაცია. გიპასუხეთ მე და მეტი პასუხი არ მაქვს“, - მიმართა ბესელიას სოფო კილაძემ.

ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს ეთიკურობისკენ მოუწოდა.

„მე აქ არ ვიცი პროვოკაციები რა კონტექსტში იყო გამოყენებული, უკეთესია ტერმინების განმარტებით დავკავდეთ, თუ არ ვიცით როდის რა სიტყვას ვიყენებთ. ძალიან მარტივ საკითხს ვსვამ და კითხვას არ მოვხსნი მანამ, სანამ პასუხს არ მივიღებ. იცის მომხსენებელმა ამ კითხვაზე პასუხი, თუ დრო სჭირდება, რომ გაეცნოს და მოგვიანებით გვიპასუხებს?

ამ კითხვაზე პასუხი მაყურებელსაც აინტერესებს და შეიძლება სქელკანიან დოკუმენტში დეტალური ჩანაწერი ვერ ნახოს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ და ბოლოს დასძინა: „პასუხი არ აქვს თუ რა ხდება, ვინმე მიეხმაროს“.