"ახლა დაიწყება მაღაროში დასაქმებულების შემცირება"

ამ გაჭირვებული ხალხის პროტესტიც გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა და მოატყუა - ეს შეფასებებიც ისმის დღეს ჭიათურაში, სადაც გუშინ 13 დღიანი საპროტეტესტო აქცია დასრულდა.

მაღაროელთა ქალაქში, რომელიც გუშინ გამარჯვებას ზეიმობდა, დღეს ამ საპროტესტო მუხტის ხელისუფლების მხრიდან მისთვის სასარგებლოდ გამოყენებაზე ალაპარაკდნენ.

მაღაროელთა ქალაქში ემოცია დაცხრა და გუშინ მიღწეული შედეგის შეფასება ხდება.

შედეგი კი ასეთია  - წლის ბოლომდე ხელფასების 35%-იანი ზრდა და მარგანეცის გადაზიდვა რკინიგზით, მაგრამ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიათურელებს მთელი ზაფხულის გატარება ისევ მარგანეცის მტვერში მოუწევთ.

"ხელფასებს ისე ვინ მოამატებს?! ახლა დაიწყება მაღაროში დასაქმებულების შემცირება. ეს ისედაც ჰქონდათ ამათ გეგმაში. საბოლოოდ, მაღაროში დასაქმებულების განახევრება უნდათ", - უთხრა "ჯორჯიან მანგანეზის" ერთ-ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა "2020NEWS"-ს, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციაში მუშაობს.

მისივე თქმით, მოქმედ მენეჯმენტს, დროებით მმართველს, ახალი საწარმოს ამოქმედების პარალელურად, მაღაროების დახურვაც უნდა, რადგან მათთვის ე.წ. "კოოპერატორებისგან" მარგანეცის ჩაბარება უფრო მომგებიანი და სარფიანია.

ჭიათურის მაჟორიტარი, სულხან მახათაძე, კი, რომელსაც "მარგანეცის ბიზნესთან" საკმაოდ აქტიური შეხება აქვს და რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, საპროტესტო აქციის პოლიტიკურად ანგაჟირებულობაზე საუბრობს.