"ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არსებული ვითარება ძალიან მყიფეა. რისკი იმისა, რომ უცებ დიდი აფეთქება მოხდეს, ძალიან მაღალია“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ პატარ-პატარა საპროტესტო გამოსვლები ერთ დიდ საპროტესტო ტალღად გადაიცქეს, რისთვისაც “საზოგადოების კრიტიკული მასის აკრეფა“ და გამოკვეთილი ლიდერის არსებობაა საჭირო.
"ქვეყანაში მაღალი სოციალური რისკები არსებობს. საზოგადოებაში უსამართლობის განცდა ძალიან მაღალია, როგორც ნაციონალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ვხედავთ საკმაოდ მრავალრიცხოვან ლოკალურ საპროტესტო ტალღებს, რომლებიც დიდ პროტესტში კრიტიკული მასის აკრეფისა და გამოკვეთილი ლიდერის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს.
ასეთი ლიდერი კი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ჯერჯერობით, არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული პრობლემების რაოდენობა ძალიან ბევრია, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში, კრიტიკულისგან განსხვავებით, რევოლუციური სიტუაცია სახეზე არ გვაქვს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოების საპროტესტო ტალღებმა სხვადასხვა რეგიონი მოიცვა.