რუსა ჩაჩუამ წლებია, რაც ტელეეკრანიდან და პოდიუმიდან ოჯახურ ინტერიერში გადაინაცვლა. ლამაზმანის იმიჯისთვის შესაფერის კარიერას ქმარსა და ოთხ შვილზე ზრუნვა ამჯობინა. ახლა დიასახლისის როლი აქვს მორგებული და ამაში პოულობს ბედნიერებას.
მისი ქმარი ბიზნესმენი დიმა ნაფეტვარიძეა. ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს და ორი საერთო შვილი შეეძინათ – ნატაშკა და სანდრო. თაზო და ნადია კი რუსას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მართალია, კარიერაზეც ფიქრობს და ბევრი პროექტიც აქვს, რომელთა განხორციელებასაც აპირებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი “გეგმა” ისევ ოჯახს უკავშირდება.
რუსა, რას საქმიანობთ ახლა, ამ ეტაპზე?
– ახლა ვარ დიასახლისი, მეუღლე, ოთხი შვილის დედა და შიგადაშიგ მაქვს პატარ-პატარა პროექტები, სარეკლამო გადაღებები. ბევრი გეგმა მაქვს, რომელთა შესრულებასაც ვაპირებ. სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე ტანსაცმლის განხრით, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.
ბავშვებს წამოვზრდი და მოვიცლი იმისთვის, რომ გავაკეთო საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მომწონს. ამ ეტაპზე კი არ მინდა, შვილებს, ოჯახს და მეუღლეს ყურადღება მოვაკლო. ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ და ოჯახური საქმეებით ვარ დაკავებული.
არ გენატრებათ ტელევიზიაში მუშაობა, ეს სფერო ხომ ადამიანებს ანდამატივით იზიდავს?
– როგორ არ მენატრება, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ იმდენ დროს ვერ დავუთმობ, რამდენსაც ადრე ვუთმობდი. დღედაღამ მიწევდა მუშაობა, შუაღამისას მქონდა გადაღებები. ახლა ჩემთვის პირველ ადგილას შვილები და ოჯახია. მათ ვჭირდები და ვერ დავტოვებ, ყურადღებას ვერ მოვაკლებ.
არის შემოთავაზებები ტელეარხებიდან?
– კი, სულ არის, მაგრამ თავს ვიკავებ.
როგორ ატარებთ ერთად დროს, რა გჭირდებათ ურთიერთობის გამრავალფეროვნებისთვის?
– თვეში ან ორ თვეში ერთხელ “ვიპარებით” სადმე, რომ 3-4 დღე განმარტოებულები ვიყოთ ან მეგობრებთან ერთად მივდივართ. კვირაში ორი ან ერთი დღე გვაქვს, როცა მივდივართ კინოში მარტო ჩვენ ორნი ან მეგობრებთან ერთად. სახლშიც ძალიან გვიყვარს დროის ერთად გატარება. ბავშვებს რომ დავაძინებ, ისიც მოდის სამსახურიდან და მეტი დრო გვრჩება ერთმანეთისთვის.
თქვენი გამოცდილებით, რა ქმნის ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჰარმონიას, რასაც ემყარება ოჯახი?
– გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს და ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ. მთავარია, არ მოდუნდე, არასოდეს ჩაიქნიო ხელი. ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღეს. მე არ დავიშურებ ძალებს, რომ ბედნიერება შევინარჩუნო და ეს ვისწავლე ჩემი მეუღლისგან. მარტო ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს, როგორც უნდა ეცადოს, ამ ჰარმონიას ორივემ ერთად უნდა მიაღწიოს.
ადამიანებთან ურთიერთობაშიც ბევრ რამეს ვსწავლობთ და საერთოდ წლებსაც ბევრი გამოცდილება მოაქვს. თქვენ რა ისწავლეთ ცხოვრების გაკვეთილებიდან?
– ძალიან ბევრი რამ და რაც უფრო მემატება ასაკი, უფრო მეტს ვსწავლობ და ესაა – სიყვარული, ერთგულება, დაფასება, მიტევება. ჩემს ცხოვრებაში ცუდიც იყო, მაგრამ ისეთი ვარ, რომ ცუდს ვერ ვიხსენებ ხოლმე და მინდა, დავივიწყო. ამიტომაც უფრო მიადვილდება ცხოვრება. ჩემს შვილებსაც იმავეს ვასწავლი. ირგვლივ ბევრი ნეგატივია და უნდა ავისხლიტოთ.
ქალის ბედნიერების გასაღები მამაკაცია?
– კი, ნამდვილად მამაკაცია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ასევე, რა თქმა უნდა, შვილების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. ისინი აუცილებლად კარგად უნდა მყავდნენ.
დედობა, როგორც ამბობენ, ცალკე პროფესიაა, მით უმეტეს, ოთხი შვილის დედობა. თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით. ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ: როგორ უვლით თავს, თქვენი ასეთი ფიგურა დიეტის დამსახურებაა თუ სხვა რამის?
– თავს ვუვლი, მაგრამ არა მარტო დიეტით. უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და აუცილებელია ვარჯიში, რომ ჩემს მეუღლეს ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ჩემს შვილებს – ჯანმრთელი დედა. ბუნებრივი ფერის თმა მაქვს, კანზე კი ნელსაცხებლებს ვისვამ. ხელოვნური ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ.
წონას ებრძვით?
– კი, სულ ვებრძვი იმიტომ, რომ ოთხივე ორსულობაზე, ყველა ბავშვზე 35 კილო მოვიმატე. თუ დიეტას არ იცავ, ვარჯიში ეფექტური არ არის და პირიქით, არც დიეტაა ეფექტური ვარჯიშის გარეშე. არც ის არის ნორმალური, რომ სულ იშიმშილო. ასე კი დაიკლებ წონაში, მაგრამ, სავალალოდ.
კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს, მიიღებთ ჯანმრთელ პროდუქტებს. უმჯობესია, დაკლების პროცესი იყოს ხანგრძლივი, უფრო ჯანმრთელი და ორგანიზმისთვის უმტკივნეულო.
შობის მარხვაში უფრო ვეტანებოდი ცომეულს. მარხვის მერე ვცდილობ, ცომეული არ ვჭამო, მხოლოდ სითხეები მივიღო. ტკბილეულიც ამოვიღე რაციონიდან და ერთ თვეში შემეტყო, წონაში დავიკელი. მსუბუქად, კარგად ვგრძნობ თავს. ორგანიზმისთვის საშიშ დიეტებს აღარ ვიცავ.