უპრინციპო და უსინდისო ხალხი, რომელიც იმ მთავრობაშიც იყო, რომელშიც მე ვიყავი, შალვა შავგულიძეს მორალს უკითხავთ? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა. იგი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან შალვა შავგულიძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
ბოკერიამ დეპუტატებს „ქართული ოცნების“ ის წევრები შეახსენა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წევრები ან მათი მხარდამჭერები იყვნენ, 2012 წლის შემდეგ კი „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, მათ შორის ვანო ზარდიაშვილი, გიორგი კახიანი, კახა კალაძე.
„ახლა დარბაზში ზის ბატონი ზარდიაშვილი. ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო ბოლო წამამდე. მან თავის კარიერა იქ მიღწეული ურთიერთობებით ააწყო. მერე გადახტა ახალ მთავრობაში. ასევე, გიორგი კახიანი დავით საყვარელიძის შტაბის უფროსი იყო არჩევნებში 2012 წლამდე. კახა კალაძე ფინანსური პრობლემა რომ არ ჰქონოდა, სააკაშვილის სახე იყო არჩევნებში. ფარცხალაძეზე აღარ ვლაპარაკობ. ლადო კახაძე, თქვენი კანდიდატი, ყველა მთავრობის მედროვე. ანუ უპრინციპო და უსინდისო ხალხი, რომელიც იმ მთავრობაშიც იყო, რომელშიც მე ვიყავი, შალვა შავგულიძეს მორალს უკითხავთ?
მინდა გაგახსენოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ვინ არიან თქვენი, ივანიშვილის გუნდის მოკავშირეები. ისინი ხომ არ არიან, ვინც შუღლს აღვივებს დღეს? გადახედეთ გვარებს, ჩახედეთ სოციალურ ქსელებში, მოუსმინეთ ამ დარბაზში ვინ გამოდის. ხვალაც ესენი უნდა იყვნენ თქვენი მოკავშირეები? ეგენი არიან თქვენი მოკავშირეები, ვინც ქვეყანას აზიანებს დღეს. ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც თქვენ სხვებს მოუწოდებთ ნუ იზამთო. და თქვენ ვის უკითხავთ ზნეობას, ბედავთ და ტალახს ასხამთ, შალვა შავგულიძეს? შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი იყო იმ საქმეში, რომელიც ყველაზე დიდი სირცხვილია იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენდი. შემდეგ ეს კაცი იყო თქვენს გუნდში და ვიდრე სარალიძის საქმე მოხდებოდა, ვიდრე ურემი გადაბრუნდებოდა, დაინახა, რომ ივანიშვილს და თქვენ ქვეყანა არასწორი გზით მიგყავდათ, ამიტომ პრინციპულად დაგშორდათ. მერე შავგულიძემ საერთო ენა იპოვა იმ გუნდთან, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს ამას და ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ასეთი ამბები მეტად აღარ ხდებოდეს არც ერთი ხელისუფლების პირობებში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.